20 აპრილს ვენეციაში, “წიგნის ბიენალეს” ფარგლებში Bruno Book Shop-ში წიგნის - “SERI(a) მეაბრეშუმეობის სადგური: შრომები, კვლევები, პოეზია, არქივი” პრეზენტაცია გაიმართა. SERI(a)-ს დიზაინზე ჰელმუტ ფოლტერმა და ოლაფ ნიკოლაიმ იმუშავეს, ხოლო რედაქტორები ნინა ახვლედიანი, ნინო კუპრავა, ოლაფ ნიკოლაი და სალომე ფაჩუაშვილი არიან. წიგნის გამომცემელია “Spector Books” ლაიფციგში, ხოლო თანაგამომცემელი “კონა წიგნები” საქართველოში.
Bruno 2014 წლიდან გამომცემლობაა, რომელიც ფოკუსირებულია ვიზუალურ კომუნიკაციასა და საერთაშორისო დამოუკიდებელ გამომცემლებზე. 2022 წლის “წიგნის ბიენალე” შეხვედრების სერიებს მასპინძლობს. პროექტის მიზანია გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ხელოვნების, არქიტექტურისა და საგამომცემლო სფეროში მოღვაწეობენ.
SERI(a) არა მხოლოდ მუზეუმის სამეცნიერო ნაშრომებს წარმოადგენს, არამედ საზოგადოებას თანამედროვე კურატორების, ხელოვანებისა და სხვა ინსტიტუტების მრავალფეროვანი თანამშრომლობის ნიმუშებსაც სთავაზობს.
Seri(a) აერთიანებს მასალას, რომელიც დაგროვდა 2019 წლიდან თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობის და მის არქივებში მუშაობის შედეგად. ის, რასაც დღეს მუზეუმის კომპლექსი წარმოადგენს თავისი კოლექციებით, ბიბლიოთეკითა და არქივით, თავდაპირველად იყო კვლევის, საგანმანათლებლო და აბრეშუმის წარმოების ადგილი. თბილისის დღევანდელი ეროვნული საფეხბურთო სტადიონის ადგილზე ოდესღაც თუთის პლანტაციები და აბრეშუმის ჭიის მოსაშენებელი ნაგებობები იდგა. მუზეუმის მოწვევით ხელოვანმა ოლაფ ნიკოლაიმ შეიმუშავა აბრეშუმის მუზეუმის კოლექციებზე სამუშაო პროექტი, რომელიც სხვა მასალასთან ერთად მოიცავდა ფოტოების, მიკროსკოპიული გამოსახულებების, აბრეშუმის პარკების, აბრეშუმის ქსოვილების და პეპლების შესწავლასაც.
ნინა ახვლედიანის კურატორობით შეიქმნა ინსტალაცია a spindleful. here. again. / Casting an Echo: Architecture of Sericulture და SERI(a)-ს პირველი ორი გამოცემა – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ახალი პუბლიკაციების სერიიდან. ისინი მუზეუმის სხვადასხვა საგამომცემლო საქმიანობის პლატფორმის როლს ასრულებს და თავადაც მეაბრეშუმეობის თემაზე არსებული ყველაზე მრავალფეროვანი დოკუმენტების ერთგვარ არქივს წარმოადგენს.
პროექტი Haus Kulturen der Welt (HKW), Berlin-ის - The Whole Life. An Archive Project (2018–2022) ინიციატივის ნაწილია და მის განხორციელებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ბაქოს გოეთეს ცენტრმა. Seri(a)-ს პირველი გამოცემა წარმოდგენილი იყო 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.
აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა Seri(a)-ს შესახებ:
SERI(a) აბრეშუმის მუზეუმთან თანამშრომლობით შექმნეს ხელოვანმა ოლაფ ნიკოლაიმ და კურატორმა ნინა ახვლედიანმა საარქივო მასალებზე მუშაობის შედეგად. ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალები განსაკუთრებულ, პოეტურ კონტექსტში.
პროექტის კურატორ ნინა ახვლედიანისა და ხელოვან ოლაფ ნიკოლაის ხედვით, გამოფენა და პუბლიკაციის პირველი გამოცემის მიწოდება საზოგადოებისთვის დროული იქნებოდა, რამდენადაც მასზე მუშაობის პროცესი დაემთხვა აბრეშუმის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. ამიტომ პუბლიკაციის დიდი ნაწილი დაეთმო მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ავტორის, არქიტექტორ ნინო ჩაჩხიანის კვლევას თბილისში მეცხრამეტე საუკუნეში დაარსებული კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მთავარი ოფისის, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის შენობის შესახებ. ალბათ განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ამ პუბლიკაციისთვის რუსულიდან ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა ანოტაციები დღეს უკვე არარსებული შენობების შესახებ. ესაა ძვირფასი ნაშრომი, რომელიც ქართულენოვანმა საზოგადოებამ შეიძლება სანდო სამეცნიერო წყაროდ გამოიყენოს. ამ კვლევით ტექსტს თან დაერთო გამოფენისთვის სპეციალურად შერჩეული ვიზუალური მასალა აბრეშუმის მუზეუმის ფოტოკოლექციიდან, წიგნებიდან და ალბომებიდან.
SERI(a) 1-ში წარმოდგენილია იტალიელი ხელოვანისა და ფოტოგრაფის, ჯოვანა სილვას ფოტოები, რომლებიც მან მუზეუმში რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2019 წელს გადაიღო. პუბლიკაციის წარდგენის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობამ ეს ფოტოები უკვე აქცია ძალიან ძვირფას შენაძენად ჩვენი მუზეუმის ისტორიაში როგორც მხატვრული, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით. ამ ფოტომასალას სამართლიანად ვაღიარებთ როგორც მეხსიერებისა და იდენტობის დოკუმენტს, პროექტის ფარგლებში შექმნილ რეალურ არქივს. პუბლიკაციის დასკვნით ნაწილში ოლაფ ნიკოლაის მხატვრული ტექსტი, როგორც ერთგვარი ანარეკლი, მუზეუმის ისტორიის სხვადასხვა დროს უკავშირდება.
პროექტის მიმდინარეობისას, გოეთეს ინსტიტუტის დახმარებით, ოლაფ ნიკოლაიმ და ნინა ახვლედიანმა მუზეუმისთვის ძალიან ძვირფასი კოლექციის – მინის ნეგატივების – გაციფრულება და მათი თანამედროვე, უახლესი მასალით დაცვა და კონსერვაცია შეძლეს. ასევე, მუზეუმის კოლექციების კურატორმა და მისმა ასისტენტმა ჩაატარეს მინის ნეგატივების შინაარსობრივი კლასიფიცირება, მიანიჭეს მათ ახალი ნომრები, შეინახეს ახალ ყუთებში და ყველა ინფორმაცია შეიტანეს მონაცემთა ბაზაში, ნეგატივების ძველი ყუთები კი ახალ კოლექციად გარდაიქმნა. ამ წამოწყების შედეგად მინის ნეგატივების კოლექცია ონლაინსივრცეშიც გახდება ხელმისაწვდომი, რაც ორგანიზაცია „დინების“ დამსახურებაა.
მალევე, Haus der Kulturen und der Welt-ის (HKW) ინიციატივით, ამ გამოფენის მოწყობა დაიგეგმა ბერლინში, რამაც დააჩქარა უკვე ჩაფიქრებული SERI(a) 2-ის გამოცემის მომზადება. „Casting an Echo: Architecture of Sericulture“ ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად წარადგენს მხატვრულ პერიფრაზებსაც, რომლის შთაგონების წყაროც გახლავთ ინგერ ქრისტენსენის 1992 წელს გამოცემული პოეტური თხზულება „აბრეშუმი, სივრცე, ენა, გული“. დანიელმა მწერალმა ეს ნაწარმოები შექმნა ჩინელი მხედართმთავრისა და ფილოსოფოსის, ლუ ჩის წიგნის „Ars Poetica“-ს გაცნობის შედეგად.
თავის შთამაგონებელ გარითმულ ნაშრომში ის ლიტერატორებს თავის მსოფლმხედველობას იმგვარად უზიარებს, რომ არცერთი პწკარი არ მეორდება! საგულისხმოა, რომ სწორედ ამ წიგნში წააწყდა ინგერ ქრისტენსენი ფრაზას: „აბრეშუმის ერთ მეტრში უსასრულო სივრცეა“.
ამ პროექტის შემდგომი პუბლიკაცია, SERI(a) 3 შეეხება აბრეშუმის მუზეუმის ისტორიულ ფოტოკოლექციას. ამჟამად მუზეუმის თანამშრომლები ამ ფოტოებს აციფრულებენ პროექტ „კავკასიური აბრეშუმის წრის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საფრთხის ქვეშ მყოფი არქივების პროგრამა ფონდ „არკადიას“ მხარდაჭერით (2021–2022 წწ.). ეს იქნება შედეგი მუზეუმის ფოტოკოლექციის მრავალწლიანი კვლევისა, რომელიც უკეთ გაგვაცნობს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მუშაობის პერიოდში შექმნილ ფოტომასალას და მათ ავტორებს, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისს.
დაწერე კომენტარი