სილამაზის გლობალური ინდუსტრია წელიწადში 120 მილიარდამდე  პროდუქტის შესაფუთ მასალას აწარმოებს, რომელთა უმრავლესობა გადამუშავებას არ ექვემდებარება და ამიტომაც, არცთუ ისე შორეულ მომავალში  მკვლევრები ასეთ ტრაგიკულ სურათს გვიხატავენ: 2050 წელს ზღვაში თევზზე მეტი პლასტმასი “იცურავებს”. საბედნიეროდ, ნარჩენების აღმოფხვრის საკითხზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კომპანია ფიქრობს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის სტანდარტული პლასტმასის შეფუთვის ნაცვლად მრავალჯერადი მოხმარების კონტეინერების ალტერნატივას გვთავაზობენ.

Chanel N°1 de Chanel Revitalizing Cream

მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში მომუშავე ამ წამყვანმა ბრენდმა ბოლო რამდენიმე წელია მდგრადი განვითარების საკითხში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. N°1 De Chanel Revitalizing Cream ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 95% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი სახის კანის მკვებავი კრემი გარდა იმისა, რომ თავის მოვლის რუტინაში თავის ფუნქციას იდეალურად ასრულებს, გამორჩეულია ბიომასალისგან შექმნილი შეფუთვითაც, რომელიც მისი მრავალჯერ მოხმარების საშუალებას გვაძლევს.

Augustinus Bader The Eye Cream Refill



Augustin Bader-ის 100 პროცეტით გადამუშავებად ფლაკონში მოთავსებული თვალის მოვლის ეს პროდუქტი მდიდარია C ვიტამინითა და ნიაცინამიდით, რაც თვალის ირგვლივ კანზე მუქი წრეების გაჩენას უშლის ხელს.

Korres Santorini Grape Velvet Skin Drink



2022 წელს თავის მოვლის ბერძნული ბრენდი Korres ნიუ-იორკში ნარჩენების გადასამუშავებელ ლაბორატორიას ხსნის. კომპანია, რომელიც საკუთარი პროდუქციის შესაფუთად მასალის 90 პროცენტს გადამუშავებული პლასმასისგან მოიპოვებს, ამასთანავე მხარს უჭერს ადგილობრივ ფერმერებს, რომელთაგანაც მცენარეულ მასალას ყიდულობს, მათი საჭიროებისამებრ გამოყენების შემდეგ კი მცენარეული მასალის გამოუყენებელ ნარჩენებს ფერმერებს სასუქისათვის უბრუნებს.

La Perla Refillable Body Lotion Serum

La Perla-ს ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ტანის ლოსიონი გარდა იმისა, რომ კანს ხავერდოვან იერს სძენს, გამორჩეულია თავისი ვიზუალური შეფუთვითაც. ამგვარი ორიგინალური დიზაინის შეფუთვა ბრენდმა ფლაკონის მრავალჯერადი გამოყენებისათვის შეიმუშავა.

Fenty Skin Hydra Vizor Invisible Moisturizer Broad Spectrum SPF 30 Sunscreen with Niacinamide Refill

La Perla-ს პროდუქტის მსგავსად მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერშია მოთავსებული მომღერალ Rihanna-ს მიერ შექმნილი Fenty-ს დამატენიანებელი ლოსიონი, რომელიც ნიაცინამიდსა და მზისგან დამცავს შეიცავს, ეს ორი ინგრედიენტი, განსაკუთრებით მზისგან დამცავი საშუალება, ვფიქრობთ, დღის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

Glow Recipe Plum Plump Hyaluronic Acid Moisturizer Refill

Glow Recipe არის ბრენდი, რომელიც თავის მომხმარებელს პროდუქციას ყოველთვის დასამახსოვრებელ და განსაკუთრებით ლამაზ შეფუთვაში სთავაზობს, ამიტომაც კომპანიამ ამ დამატენიანებელი კრემის ფლაკონი, რომლის გადაგდების სურვილი არასდროს გაგიჩნდებათ, მრავალჯერადი მოხმარების საგნად აქცია.

Rouge Dior Refillable Lip Balm

დიორის Rouge Dior-ის ტუჩსაცხის ხაზი, რომელიც ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული, მომხმარებელს ტუჩის დამატენიანებელ საშუალებას მრავალჯერადი მოხმარების შეფუთვაში სთავაზობს, რითაც ნარჩენების აღმოფხვრის პრობლემაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს.

Charlotte Tilbury Magic Cream Face Moisturizer and Refill Set

შარლოტ ტილბურის საკულტო Magic Cream, რომელიც ბევრი ადამიანის ფავორიტი პროდუქტია, მომხმარებელს ამჯერად მრავალჯერადი მოხმარების მთლიან ხაზს სთავაზობს.

The Body Shop - Mango Shower gel

თავის მოვლის პროდუქტების მწარმოებელი ეს ბრიტანული ბრენდი 1967 წლიდან დღემდე პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს. კომპანია მომხმარებელს ახალ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჩვენგანს საშუალება აქვს უკვე გამოყენებული პროდუქტის შეფუთვა ბოდიშოპის მაღაზიებში მიიტანოს და იმავე პროდუქტებზე 25-პროცენტიანი ფასდაკლება მიიღოს. ცარიელი შეფუთვების გადამუშავებზე კი კომპანიის წარმომადგენლები Clean World Recycle.ge-სთან ერთად თავად იზრუნებენ. გარდა ამისა, სტანდარტული პლასტმასის კონტეინერების ნაცვლად, კომპანია მრავალჯერადი მოხმარების ალუმინის შეფუთვასაც გვთავაზობს, რომელიც The Body Shop-ის მაღაზიაში თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტით შეგიძლიათ შეავსოთ.

ავტორი: გვანცა ჩანადირი