აღდგომის კვირეულის დადგომისთანავე კურდღელი დღესასწაულის ცენტრალურ ფიგურად იქცევა. მისი სააღდგომო სიმბოლოდ ქცევა გერმანელ ლუთერანებს უკავშირდება, რომელთა წარმოდგენით კურდღელი ბავშვებს კარგად მოქცევის ნიშნად აღდგომის ღამეს საჩუქრებით აჯილდოებდა. კურდღელი არაერთი ხელოვანის შთაგონებადაც ქცეულა, რომელთა შორის ენდი უორჰოლი, დევიდ ლინჩი და ჯეფ კუნსიც არიან. გთავაზობთ ათი ხელოვანის მიერ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს, სადაც კურდღლის სიმბოლოს წამყვანი როლი ენიჭება.
ენდი უორჰოლი - Bunny Multiple
ენდი უორჰოლის 1985 წლით დათარიღებული ნამუშევარი ოთხ კურდღელს ფერად ნეიტრალურ ფონებზე პოპ-არტისათვის დამახასიათებელი სტილით ასახავს.
ჯეფ კუნსი
ჯეფ კუნსის 1986 წლის სკულპტურა, რომლის ზედაპირი ყველაფერს ირეკლავს, კურდღელს სახის ნაკვთების გარეშე წარმოადგენს. სკულპტურა 2019 წელს კრისტის აუქციონზე 9.1 მილიონ დოლარად გაიყიდა, რამაც კუნსის “კურდღელი” ცოცხალი არტისტის მიერ გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად აქცია.
უეინ ტიბო
ამერიკელი ხელოვანის, უეინ ტიბოს შემოქმედება, რომელიც განსაკუთრებით პროდუქტებისა და ყოვედღიურობაში გამოყენებული ნივთების ხატვითაა ცნობილი, იზიარებს როგორც ადრეული პოპ-არტის, ისე ნატურმორტის მხატვრობის ხანგრძლივ ტრადიციას. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი სერიიდან Seven Still Lifes and a Rabbit თეთრ კურდღელს გამოსახავს, რომელიც ამავე ფერის ფონს ბუნებრივად ერწყმის და მასში თითქოს იკარგება კიდეც.
Gummo
მაშინ, როცა მაყურებელი ამერიკული ფილმის - “გუმოს” ყურებას იწყებს, ძნელად თუ დაავიწყდება წელს ზემოთ მოშიშვლებული ბიჭი, თავზე კურდღლის ვარდისფერი ყურებით, რომლის როლს ჯეიკობ სილი ასრულებს.
Donnie Darko
კურდღლის კოსტიუმში გამოწყობილი მისტიკური ფიგურა ფილმიდან “დონი დარკო” თავს შემზარაობით გვამახსოვრებს. იგი მთავარ პერსონაჟზე მანიპულირებს, რომელსაც აუწყებს, რომ სამყარო 28 დღეში, 6 საათში, 42 წუთსა და 12 წამში განადგურდება.
დევიდ ლინჩი
2002 წელს დევიდ ლინჩის რეჟისორობით სერიალი Rabbits გამოვიდა, რომლის მთავარი პერსონაჟები სამი ჰუმანოიდი კურდღელია. სერიალის ფრანგემტები ლინჩის Inland Empire-შია ინტეგრირებული, სადაც მისაღებ ოთახში მყოფი ჯეკი, სუზი და ჯეინი მაყურებლებს მათი მისტიკური სამყაროს თანამონაწილეებად აქცევენ.
ბარი ფლანაგანი
ბარი ფლანაგანის მიერ შექმნილი სკულპტურები კურდღლებს სხვადასხვა პოზაში ასახავს. მათ შორის შეხვდებით კურდღელს, რომელიც ჩაფიქრებულია, ასევე კურდღელს, რომელიც გადასახტომად ემზადება, ხოლო მაშინ, როცა ფლანაგანი კურდღლის ჰაერში ნახტომს აფიქსირებს, მას დამატებით სხვა სკულპტურასთანაც წარმოადგენს.
ჩენ ზაოქიანი - Miss Rabbit
ხელოვანმა ჩენ ზაოქიანმა 2017 წელს ფაიფურის კურდღლების სერია შექმნა, რომლებიც ადამიანებისათვის დამახასიათებელ პოზებში ასახა.
ამანდა პარერი - Intrude
ამანდა პარერის გიგანტური თეთრი კურდღლები განსაკუთრებულ შთამბეჭდაობას ღამით ავლენენ, როცა მათში ჩამონტაჟებული განათება ღამის წყვდიადში გაკაშკაშდება. ნამუშევარი, სახელწოდებით Intrude მსოფლიო მასშტაბით არაერთ ქვეყანაში გამოფენილა, მათ შორის, ინგლისში, კანადასა და პორტუგალიაში.
Big Yellow Rabbit
50 ფუტის სიმაღლის სკულპტურა, რომელიც სათამაშო კურდღელს წარმოადგენს, გერმანელი არტისტის, ფლორენტინ ჰოფმანის ავტორობით შეიქმნა. ნამუშევარი 2011 წელს შვეიცარიაში, ორებოს მოედანზე, ორებოს OpenART-ის ფესტივალის ფარგლებში გამოიფინა. “დიდი ყვითელი კურდღელი” მოედანზე თავდაყირა დგას, თითქოს კურდღელი თამაშისას ძირს დაუვარდათ და მის მისაკითხად მისვლა დაიგვიანეს.
ფოტო: npr, artsy, imdb, tate, art plural gallery, welikela, asiacontemporaryart, designboom
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი