ესპანელი ფოტოგრაფი ხოსე ხავიერ სერანო, რომელიც Yosigo-ს ფსევდონიმითაა ცნობილი, ზაფხულის ცხელ დღეებს მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სტილით აღბეჭდავს. დამსვენებლები სანაპიროსთან, რომლებიც შეზლონგებზე მოკალათებულები მცხუნვარე მზის სხივებს არ უშინდებიან, ფერად საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი მეგობრები, რომლებიც მალე ზღვის ტალღებში გაგრილდებიან, ქვიშაზე მოთავსებული ფერადი პირსახოცები, რომლებიც ზღვიდან ამოსულ პატრონებს ელოდებიან და ზოგადად, ადამიანებისა და მარინისტული პეიზაჟების შთამბეჭდავი სინთეზი Yosigo-ს ფოტოგრაფიაში დახვეწილი ვიზუალური მახასიათებლებით ვლინდება. “ზღვის თემატიკა ჩემს სამშობლოსა და ბავშვობას მჭიდროდ უკავშირდება და მგონია, რომ ზღვა ის რესურსია, რომელსაც ყოველთვის მივუბრუნდები”, - ამბობს იოსიგო, ავტორი პროექტისა Animal Turista, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ხედებსა და მის დამსვენებლებს ასახავს.


იოსიგო მოგზაურობითაა გატაცებული, ამიტომაც მისი ფოტოგრაფია მრავალ ქვეყანაში გადაღებულ სურათებს მოიცავს. 2021 წლის 23 იანვარს სეულში, გალერეა Ground Seesaw-ში მისი პერსონალური გამოფენა - Holiday Memories გაიმართა, რომელმაც იოსიგოს მიერ საკურორტო ქალაქებში გადაღებული 350 ფოტო სამ სექციად გააერთიანა - არქიტექტურა, დოკუმენტალისტიკა და პეიზაჟი.

მიუხედავად იმისა, რომ იოსიგოს ფოტოგრაფია ჟანრული მრავალფეროვნებით ხასიათდება, ფოტოები, რომლებიც განცხრომაში მყოფ დამსვენებლებს ასახავს და დამთვალიერებელს ზაფხულის მცხუნვარე დღეებს თითქოს ცხადადაც კი შეაგრძნობინებს, განსაკუთრებული გამოხმაურებით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ, როცა იოსიგო გადასაღებად ფართოკუთხიან ლინზას იყენებს, მისი ფოტოსურათები დასვენებას კოლექტიურ შთაბეჭდილებად აღბეჭდავს, ხოლო ცალკეული ადამიანის ობიექტივში მოხვედრით დამთვალიერებელს დამსვენებლის პერსონალურ მდგომარეობაზეც აფიქრებს და ესთეტიკურ სიამოვნებასაც აზიარებს.


ფოტო: Yosigo

ავტორი: ანა გაბისიანი