ვენეციის 59-ე ხელოვნების ბიენალე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, საერთაშორისო გამოფენის 127-წლიან ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად დაფიქსირდა. ჩეჩილია ალემანის კურატორობით ორგანიზებული მთავარი გამოფენა - “რძე სიზმრებისა” (The Milk of Dreams), რომლის სათაური სიურრეალისტი არტისტის, ლეონორა კარინგტონის საბავშვო წიგნიდან მომდინარეობს, უმეტესად ხელოვან ქალებს, ამასთან არაბინარულ არტისტებს აერთიანებს. როგორც ბიენალეს სტატისტიკა აჩვენებს, მთავარ გამოფენაში მონაწილე ხელოვანი ქალების რიცხვი პროცენტულად მეტწილად დაბალი იყო. მაგალითად, 1995 წლის ბიენალეზე, რომელსაც ჟან კლერი კურატორობდა, მონაწილე ათი ხელოვანიდან ცხრას კაცი წარმოადგენდა. ბიენალეს ისტორიაში გენდერული ბალანსის შემთხვევა მხოლოდ 2019 წელს დაფიქსირდა, როცა რალფ რუგოფის კურატორობით გამოფენა - You May Live in Intereting Time გაიმართა. 2022 წლის მონაცემებით კი ბიენალეზე ქალების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 58 ქვეყნის ორასზე მეტი მონაწილე ხელოვანიდან ქალთა მაჩვენებელმა დაახლოებით 90%-ს მიაღწია. “ყოველთვის ბევრ ხელოვანთან ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არტისტები ქალები არიან”, - აღნიშნავს ნიუ-იორკში მოღვაწე იტალიელი კურატორი ჩეჩილია ალემანი.


ვენეციის 59-ე ხელოვნების ბიენალეს გამარჯვებულები 23 აპრილს გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენის ისტორიაში მთავარი პრიზი - “ოქროს ლომი” შავკანიანმა ხელოვანმა ქალებმა პირველად მოიპოვეს. “ოქროს ლომის” მფლობელი დიდი ბრიტანეთის პავილიონი გახდა, სონია ბოისის ნამუშევრით - Feeling Her Way, რომელიც ვიდეოს, კოლაჟსა და მუსიკას მოიცავს. ინსტალაციის ნაწილს მუსიკალური პერფორმანსი წარმოადგენს, რომელიც ხუთ შავკანიან მუსიკოს ქალს აერთიანებს - პოპი აჯუდას, ჯაკი დენკუორთს, სოფია ჯერნბერგს, ტანიტა ტიკარამისა და კომპოზიტორ ეროლინ უოლენის, რომლებიც  ბოისმა სტუდიაში იმპროვიზაციისათვის მიიწვია. ნამუშევრის კონცეფცია ბრიტანეთის კოლონიურ წარსულს ეხმიანება და რასობრივ დისკრიმინაციას უკავშირდება. “ჩემი შემოქმედება სოციალური პრაქტიკაა. როდესაც ადამიანების ჯგუფს ერთმანეთის გვერდიგვერდ ამწესებ, არასოდეს იცი საბოლოოდ რა აღმოცენდება, რაც შეიძლება ამაღელვებელი და სარისკოც კი იყოს”, - ამბობს სონია ბოისი, ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე ბრიტანეთის სახელით მონაწილე პირველი შავკანიანი ქალი ხელოვანი.

 

სონია ბოისი, Feeling Her Way. დიდი ბრიტანეთის პავილიონი

 

“ოქროს ლომი” საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე საუკეთესო ხელოვანის ნომინაციაში სიმონე ლეის გადაეცა, რომელიც ვენეციის ბიენალეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილი 16 ფუტის ბრინჯაოს სკულპტურა Brick House პირველი ნამუშევარია სერიიდან - Anatomy of Architecture, რომელიც არქიტექტურული ფორმებისა და ადამიანის სხეულის ელემენტების სინთეზს ასახავს. Brick House, რომელიც შავკანიან ქალს თვალების გარეშე წარმოადგენს, ეფუძნება დასავლეთ აფრიკის კულტურაში გავრცელებულ არქიტექტურულ სტილს, ასევე ავლენს მსგავსებას მისისიპიში განთავსებულ შენობასთან, სახელწოდებით - Mammy’s Cupboard. სიმონე ლეის სკულპტურა ვენეციის ბიენალეზე საპატიო ადგილასაა განთავსებული. Brick House პირველი ნამუშევარია, რომელსაც ვიზიტორები არსენალეს განყოფილებაში მთავარი შოუს - “რძე სიზმრებისას” დათვალიერებისას  ნახულობენ.

 

სიმონე ლეი, Brick House

 

გამოფენის გახსნამდე გახდა ცნობილი, რომ “ოქროს ლომი” ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის გერმანელ არტისტ კატარინა ფრინჩს, ასევე ჩილელ პოეტსა და მხატვარს, სესილია ვიკუნას გადაეცემოდათ. ვენეციის ბიენალეზე ჟიურის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნა საფრანგეთისა და უგანდას პავილიონებმა დაიმსახურა. აკაია კერუნენი და კოლინ საკაჯუგო უგანდას პავილიონში ნამუშევარს - They Dream In Time-ს აჩვენებენ, ხოლო ზინებ სედირა, რომელიც წარმოშობით ალჟირელია, საფრანგეთის პავილიონს წარადგენს ნამუშევრით - Dreams Have No Titles.

 

ზინებ სედირა, Dreams Have No Titles. საფრანგეთის პავილიონი

 

იმერსიული კინემატოგრაფიული ინსტალაცია, რომელმაც ვიზიტორების ყურადღება მალევე მიიპყრო, მთელი პავილიონის ინტერიერს გადასაღები მოედნის სტრუქტურას ამსგავსებს და ფილმს, სკულპტურას, ფოტოგრაფიას, ასევე 1960-იანი წლების ბარში ცოცხალი ტანგოს პერფორმანსს აერთიანებს. “მე ვარ ქალი არტისტი, რომელიც კაცების მიერ დომინირებულ სამყაროში მუშაობს. 1960-იანი და 70-იანი წლების კინოსამყარო ცალსახად კაცების სამყაროს წარმოადგენდა. მე ნამდვილად მინდოდა ამ სივრცისთვის ხელახალი შესაბამისობა მომეძებნა როგორც ქალს, როგორც ალჟირელს, როგორც მუსლიმს, როგორც ფრანგს, როგორც ბრიტანელს”, - აღნიშნავს სედირა.

ალი ჩერის სკულპტურები

“ვერცხლის ლომის” მფლობელი ნომინაციაში - Promising Young Artist ალი ჩერი (1976) გახდა, რომელმაც გამოფენაზე სამი სკულპტურა წარმოადგინა, ხოლო ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ხელოვანებმა - ლინ ჰერშმან ლისონმა და შუვინაი აშუნამ დაიმსახურეს.

 

Yunchul Kim, Gyre. კორეის პავილიონი

 

მიუხედავად გამარჯვებულთა სიაში ვერ მოხვედრისა, ხელოვნების კრიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ რიგითი დამთვალიერებლების დაინტერესებას საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი არაერთი ეროვნული პავილიონი და მთავარი გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებიც იწვევს. მათ შორისაა კორეული პავილიონი, სადაც Yunchul Kim-ის ექვსი ნამუშევარი - Gyre-ს თემის გარშემო ერთიანდება, რომლის კონცეფცია სამყაროს კვლევას უკავშირდება და ირანელი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის ნაწარმოების - “მეორედ მოსვლიდან” იღებს შთაგონებას.

 

Dimpomazija Astuta, მალტის პავილიონი

 

Precious Okoyomon, To See the Earth Before the End of the World

 

აღსანიშნავია მალტის პავილიონიც, სადაც Arcangelo Sassolino-ს, Giuseppe Schembri Bonaci-სა და Brian Schembri-ს ნამუშევარი - Diplomazija Astuta არის განთავსებული, რომელიც კარავაჯოს ცნობილი ტილოს - “იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის” სკულპტურულ სახეს წარმოადგენს. განსაკუთრებული გამოხმაურებით გამოირჩევა მთავარ გამოფენაში მონაწილე ხელოვანის - Precious Okoyomon-ის ინსტალაციაც, სახელწოდებით To See the Earth Before the End of the World, რომელიც საგამოფენო სივრცეს ცოცხალ პეპლებთან ერთად ბუნების ელემენტებით ავსებს. 

 

ვენეციის 59-ე ხელოვნების ბიენალე 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

ფოტო: ლევან მაისურაძე, Guardian, Artsy, Universes.art, Desgnboom, The Art Newspaper

 

ავტორი: ანა გაბისიანი