30 აპრილიდან 25 მაისამდე თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმში გამოფენა - „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი - ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე“ გაიმართება. გამოფენა ისტორიული მნიშვნელობისაა, მის ფარგლებში პირველად შეიკრიბა და წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 100-ზე მეტი ფოტო, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდს მოიცავს.

 

პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკულ კულტურულ ინსტიტუციებს შორის ახალი პროფესიული კავშირების განვითარებასა და ამ ინსტიტუციებში დაცულ კოლექციებში მრავალკულტურული და მრავალეთნიკური სამხრეთ კავკასიის დოკუმენტაციის იდენტიფიკაციასა და შესწავლას.

 

გამოფენით „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი“ თბილისის ფოტო ფესტივალი თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმთან ერთად ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამოფენის ფარგლებში გაერთიანებული ფოტოანაბეჭდები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციებში საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაცული მასალების ნაწილია, რომლის გამოფენაც თბილისის ფოტოფესტივალსა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 

 

ფოტო: სოხუმი, მცენარე აგავა. პ. ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია. 1910-1915. საქართველოს ეროვნული არქივი

აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და სომხეთისთვის ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე ის ისტორიული მონაკვეთია, როდესაც რეგიონის ქვეყნები პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ კულტურად დაუახლოვდნენ ევროპას. საბჭოთა ოკუპაციამ კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპასთან ინტეგრაციის გზას 70 წლით დააშორა.

 

იმ პერიოდის ევროპული კულტურული და სამეცნიერო ინოვაცია, ფოტოგრაფია, გამოგონებისთანავე აღიარეს თანამედროვეობის მედიუმად, რომელიც ბრწყინვალედ ასახავდა რეალობის ცვლილებას. ევროპის მსგავსად, ინდუსტრიული რევოლუცია სამხრეთ კავკასიაშიც ფოტოგრაფიის პრიორიტეტულ სიუჟეტად იქცა. ნავთობის მოპოვება ბაქოში, ბორჯომის მინის ქარხანა, ბათუმის ნავთობის ცისტერნების უბანი - ცვლილებების მიჯნაზე მყოფი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იმ დროინდელი ფოტოგრაფიის წინამორბედების ბრწყინვალე ფოტოებში აისახა. ავტორებს შორის არიან - დიმიტრი ერმაკოვი, სერგეი პროკუდინ-გორსკი, ალექსანდრე როინაშვილი და მრავალი სხვა.

 

გამოფენა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ მასალებსაც აერთიანებს, რომელიც დიმიტრი ერმაკოვის კოლექციას მოიცავს.

 

გამოფენა „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი - ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე“ შაბათს, 30 აპრილს, თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმში პუბლიკისთვის 16.00-დან გაიხსნება.

 

გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე

გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი