მსოფლიოში ცნობილ არტისტებს მრავალი წიგნის ილუსტრაციებზეც უმუშავიათ და მკითხველები დაუვიწყარ ვიზუალურ სამყაროში უმოგზაურებიათ. სტატიაში იმ წიგნებს გაგაცნობთ, რომელთა დიზაინიც განსაკუთრებული შემოქმედებითი სტილის მქონე არტისტების მიერაა შექმნილი. მათ შორის არიან - დევიდ ჰოკნი, იაიოი კუსამა და ენდი უორჰოლი.

 

დევიდ ჰოკნი


1969 წელს დევიდ ჰოკნის ილუსტრირებული წიგნი - Six Fairytales from the Brothers Grimm გამოვიდა, რომელმაც ექვსი ზღაპრისათვის შექმნილი 45 შავ-თეთრი სურათი გააერთიანა. ეს კლასიკური ხალხური ზღაპრებია: The Little Sea Hare, Fundevogel, Rapunzel, The Boy Who Left Home to Learn Fear, Old Rinkrank და Rumpelstilzchen. მათი ვიზუალური მხარე ჰოკნიმ ზღაპრებისათვის განსაზღვრული ადრეული ილუსტრაციების ავტორების - ართურ რეკჰამისა და ედმუნდ დულაკის შთაგონებით, იმ დროის თანამედროვე მკითხველისათვის შექმნა.

 

იაიოი კუსამა


2016 წელს იაიოი კუსამამ ჰანს ქრისტიან ანდერსონის ზღაპრის - The Little Mermaid-ისათვის ახალი ილუსტრაციები შექმნა, რომლებიც იაპონელმა არტისტმა მისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ენით წარმოადგინა.

 

ენდი უორჰოლი


1950-იან წლებში ცნობილი პოპ-არტისტი ენდი უორჰოლი დამოუკიდებელ გრაფიკულ დიზაინერადაც მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მის მიერ ილუსტრირებული საბავშვო წიგნი - The Little Red Hen გამოვიდა, რომელიც Best of Children’s Books #15-ის ანთოლოგიის ნაწილია.

 

 

 

ნატალია გონჩაროვა


ნატალია გონჩაროვა, რომელიც რუსული ავანგარდის ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა, აბსტრაქტული ხელოვნების სტილის - “რეიონიზმის” ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი სახელოვნებო პრაქტიკა არა მხოლოდ მხატვრობას, არამედ მწერლობას, კოსტიუმების დიზაინსა და წიგნის ილუსტრაციებსაც მოიცავდა, ამიტომ მის მიერ არაერთი რუსული ფუტურისტული პოეზიის წიგნებია ილუსტრირებული, მათ შორისაა Gorod: Stikhi და Die Mar von der Heerfahrt Igors. 

 

ჯონ ჰარტფილდი


გერმანელი დადა არტისტი ჯონ ჰარტფილდი, რომელიც საკუთარ თავს Der Monteurdada- უწოდებდა, წიგნების ყდის დიზაინზე აქტიურად მუშაობდა. როგორც ცნობილია, მომხმარებლები ჰარტფილდის მიერ ილუსტრირებულ წიგნებს პირველ რიგში იმიტომ ყიდულობდნენ, რომ მათ სწორედ ჰარტფილდის ხელწერა ხიბლავდათ. მისი და მწერალ კურტ ტუჩოლსკის თანამშრომლობის ფარგლებში გამოსული Deutschland, Deutschland, über alles ჰარტფილდის დიზაინით გამოცემული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.

 

ანრი მატისი


1930-იან წლებში ანრი მატისს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის მაგნუმ ოპუსის - “ულისეს” სპეციალური გამოცემის ილუსტრირება დაევალა. წიგნის ყდა ოქროსფერ სფეროში მოთავსებულ ქალებს აერთიანებს, რომელთა გარშემო წრიულად განლაგებული თორმეტი რომაული ნიშანი საათის ფორმას წარმოქმნის. “ულისესათვის” შექმნილი ილუსტრაციები, რომლებიც შავ-თეთრ სურათებს მოიცავს, მატისის შიშველი ქალების ხატვის ნიჭსაც ააშკარავებს. წიგნის ლიმიტირებული გამოცემა 1935 წელს მატისისა და ჯოისის ავტოგრაფებით გამოვიდა.

 

ელ ლისიცკი


1922 წელს დასურათებული საბავშვო წიგნი - About Two Squares პირველად გამოიცა, რომლის ტექსტსა და ილუსტრაციებზე რუსმა არტისტმა ელ ლისიცკიმ იმუშავა. წიგნი რუსულ ავანგარდში ჩასახულ სუპრემატიზმს ეხმიანება, რაშიც შავი და წითელი ოთხკუთხედის შესახებ მოთხრობილი ამბავიც გვარწმუნებს.

 

ედუარდ მანე


1875 წელს ფრანგმა იმპრესიონისტმა ედუარდ მანემ ფრანგი სიმბოლისტის - სტეფან მალარმეს მიერ თარგმნილი ედგარ ალან პოს ცნობილი პოემის,  “ყორანის” ილუსტრაციებზე იმუშავა. მანეს შავ-თეთრი სურათები, რომლებიც მნახველს იდუმალებისა და მისტიკურობის გრძნობებს უღვივებს, პოს პოემის განწყობას იდეალურად ესადაგება.

 

HAP Grieshaber


ხეზე კვეთის ოსტატი, გერმანელი არტისტი HAP Grieshaber ილუსტრაციებს სხვადასხვა წიგნებისა და პოეტური კრებულებისათვის ამზადებდა. 1975 წელს მან შექმნა 12 ნამუშევარი, რომლებმაც კარლ ორფის ცნობილი ოპერის - Carmina Burana-ს მუსიკალური ნოტები და ტექსტი გააფორმა.

 

 

ფოტო: Artland

ავტორი: ანა გაბისიანი