წელსაც, გასული წლის მსგავსად, გალა ამერიკულ მოდას ეძღვნება და “ამერიკა: მოდის ანთოლოგია” ეწოდება. თემა მოიცავს ქვეყნის მოდის ძირითად მახასიათებლებს და არა მხოლოდ ცნობილ ბრენდებს, არამედ ამერიკული დიზაინის დაუფასებელ წარმომადგენლებსაც მიაგებს პატივს.
2022 წლის Met Gala გასული წლის თემის მეორე ნაწილს წარმოადგენს, რომლის კურატორი ისევ ენდრიუ ბოლტონია. ორ ნაწილად გაყოფილი შოუ შეეცდება პასუხი გასცეს კითხვას - “ვის შეიძლება ვუწოდოთ ამერიკელი?”. როგორც ენდიუ ბოლტონმა "ვოგთან" ინტერვიუში განაცხადა, მეტროპოლიტენის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ისტორიები, რომლებმაც განაპირობეს ამერიკული მოდის განვითარება, ისეთი ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები, როგორებიცაა - ოსკარ დე ლა რენტა, ჰალსტონი და ჯეიმს ჩარლზი. გარდა ამისა, გაიხსენებენ სრულიად მივიწყებულ დიზაინერებს, რომელთა ტალანტმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ამერიკული სტილის ჩამოყალიბებაში.
2021 წელს Met Gala-ს თემა იყო “ამერიკა: მოდის ლექსიკონი” და ამერიკული მოდის მთავარ ნიუანსებსა თუ შთაგონების წყაროებს მოიცავდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელ კოსტიუმთა შორის იყო ჰარის რიდის ოქროს ხანით შთაგონებული კაბა, რომლითაც მოდელი იმანი იყო წარმოდგენილი, ბილი აილიში, რომლის ვიზუალიც მერლინ მონროს მიაგებდა პატივს, თუმცა საღამოს ყველაზე ექსტრავაგანტური სტუმარი კიმ კარდაშიანი მთლიანად ბალენსიაგას შავ კოსტიუმში შემოსილი იყო.
გალას თემა განსაზღვრავს დრეს-კოდსაც, დღეს საღამოს მიწვეული სტუმრები წარმოდგენილნი იქნებიან Gilded Glamour-ით შთაგონებული ტანსაცმლით, რაც მოიცავს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ოქროს ხანის სტილს, მრავალფეროვან მბზინავ ქსოვილებს, მეტალის ფერებს, ჭარბ აქსესუარებს. საღამოს გაუძღვებიან: რეჯინა კინგი, ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი და ლინ-მანუელ მირანდა. ჩამოთვლილი ვარსკვლავები იქნებიან Met Gala 2022-ის თანათავმჯდომარეები, საპატიო თავმჯდომარეები კი “ვოგის” მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, ინსტაგრამის აღმასრულებელი დირექტორი ადამ მოსერი და დიზაინერი ტომ ფორდი.
მოდის დღესასწაული, რომელიც 1995 წელს ანა ვინტურმა დააარსა და ყოველწლიურად ტარდება, წელსაც A კლასის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, მე-19 საუკუნით შთაგონებულ სამოსში ვიხილავთ: კარდაშიანებს და ჯენერებს, დებ ჰადიდებს და მოდის, სახელოვნებო თუ ინდუსტრიული სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს. წითელი ხალიჩის ხილვა წელსაც “ვოგის” ინსტაგრამ-გვერდის ლაივსტრიმის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ხოლო რა ხდება უშუალოდ გალაზე, მაყურებლისთვის ისევ საიდუმლოდ დარჩება.
ფოტო: Vogue, Getty Images
გარეკანის ფოტო: Columbia Pictures/Courtesy Eve
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი