23 აპრილს ვენეციის 59-ე ბიენალე გაიხსნა - წყალზე გაშენებული ქალაქი შვიდი თვით სახელოვნებო სივრცედ იქცა.
ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton-მა ბიენალეს ფარგლებში პრესის ექვსი ისტორიული ჯიხური განაახლა, რომელთა შორისაც რამდენიმე მე-19 საუკუნისაა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებად ითვლება. კონკრეტულად ამ კიოსკებში განსაკუთრებული ცვლილებები არ შესულა, ისინი მხოლოდ გაიწმინდა, შეიღება და განახლებული ტენტები დაუმაგრდა.
ბრენდის მიზანია კიოსკებს წარსული დიდება დაუბრუნოს. ვენეციური კიოსკების პროექტი პარიზში დაწყებული საქმის გაგრძელებაა, სადაც Louis Vuitton-მა სენას სანაპიროზე გაშლილი ლეგენდარული ბუკინისტების ჯიხურები განაახლა.
რესტავრირებულ კიოსკებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში წააწყდებით, მათი ამოცნობა კი Louis Vuitton-ის ვარდისფერი აბრითაა შესაძლებელი. ერთი კვირის განმავლობაში ამ კიოსკებს ბრენდი დაიკავებს და დამთვალიერებლებს ფერად სამოგზაურო წიგნებს შესთავაზებს, რომლებიც მსოფლოს 30 ქალაქის შესახებაა. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ წიგნებით მოგზაურებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ამა თუ იმ ქალაქის კულტურულ ღონისძიებებს, სპეციალური სტუმრების რჩევებს, ფოტოგრაფიულ პორტფოლიოებსა და ტურისტებისთვის დამალულ, საიდუმლო ადგილებს.
კიოსკებისა და ჯიხურების განახლებით Louis Vuitton-ი ცდილობს, რომ სოციალური და ონლაინმედიის ერაში ბეჭდურ პრესასა და ლიტერატურას შეუწყოს ხელი, ქალაქის განუყრელი, ხშირად შეუმჩნეველი ჯიხურები კი ხელოვნების ნიმუშებად აქციოს.
ერთი კვირის შემდეგ კიოსკები კვლავ ძველ მეპატრონეებს გადაეცემათ და ისინი ისევ ძველ დანიშნულებას - ხალხისთვის პრესის მიწოდებას დაუბრუნდებიან.
ფოტო: Designboom, Showstudio
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი