6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით Window Project-ში გაიმართება კოკა რამიშვილის სოლო გამოფენა, სახელწოდებით „ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“. ექსპოზიცია ვიდეოს, ქანდაკებას, ფერწერასა და აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. 

 

გამოფენა აგებულია ბინარული სისტემით - ერთი ჯგუფი მოიცავს ორ ნამუშევარს: ქანდაკებას სერიიდან „EDNICMPSSR“ (1989 წ.), სადაც სიბრტყე ტრანსფორმირებულია ტეხილ სპირალში;  მეორე ნამუშევარია ვიდეო - „მკითხველი“ (2017 წ.),  რომელიც ასახავს წიგნის წვისა და კითხვის ერთდროულ პროცესს.  

 

 

სრულიად საპირისპიროა ნამუშევრების მეორე ჯგუფი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აკვარელით შესრულებული ნამუშევრების სერია - „Stay in the Light“. აკვარელის ნაზი, ჰაეროვანი, გამჭვირვალე და სინათლით სავსე  კომპოზიციების ესთეტიკური და შინაარსობრივი ლოგიკა ქვეცნობიერ პროცესებთანაა დაკავშირებული.

 

 

ორ მდგომარეობას, რომელიც ერთი მხრივ, მძიმე, დრამატული ნამუშევრებით, ხოლო მეორე მხრივ, აკვარელის ჰაეროვანი, სიცოცხლით მფეთქავი კომპოზიციებით იქმნება,  სტრუქტურულად და კონცეპტუალურად აკავშირებს დაზგური ფერწერის ორი ნიმუში - „პირამიდები“ და „ცისფერი ცეცხლი“. ისინი ფორმითა და შინაარსით ეხმიანება  წარმოდგენილ ქანდაკებასა და ვიდეოს, ხოლო ფერადოვნებითა და სიმსუბუქით - აკვარელებს.  ნამუშევრების ამგვარი კავშირით, გამოფენა ურთიერთსაპირისპირო ფენომენების  თანაარსებობის ერთიან, მყარ, მაგრამ დინამიკურ სტრუქტურად იქცევა.