ვენეციაში, 59-ე ბიენალეს ფარგლებში შვეიცარიელი არტისტის, უგო რონდინონეს პერსონალური გამოფენა იმართება.
გამოფენა აერთიანებს რონდინონეს ყველაზე ცნობილ და ახალ სკულპტურებს. ექსპოზიცია განთავსებულია წმინდა იოანე მახარებლის სასკოლო კომპლექსში, რომელიც ვენეციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაგებობაა. მე-13 საუკუნეში აგებული კომპლექსი წარმოადგენს გოტური, რენესანსისა და ვენეციური ბაროკოს იდეალურ ნაზავს.
ექსპოზიცია სასკოლო კომპლექსის ეზოდან იწყება, სადაც დიდი ზომის მოოქრული ბრინჯაოს რგოლია წარმოდგენილი, რომელიც მზეს განასახიერებს და ცხოვრებისა და მისი რიტმის სიმბოლოა. ექსპონატი 2017 წელს ვერსალისთვის დამზადდა.
შემდეგ ნამუშევარს ტაძარში წააწყდებით, მოღრუბლული ცასავით მოხატული, ჰაერში მოლივლივე შვიდი ფიგურა ფრესკისა და საეკლესიო მხატვრობის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. ის გამოფენის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილს წარმოადგენს და ტინტორენტოს ანგელოზებითაა შთაგონებული.
მესამე სივრცე მცირე აკლდამაა, სადაც 80 სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფორმის სანთელი პირდაპირ საფლავებზეა განთავსებული. ნახევრად ჩამწვარი სანთლები უსასრულობაზე მიანიშნებენ, უსასრულობაზე, რომელიც არაა უნაკლო.
თითოეული ექსპონატი გამოფენის სახელის თითო ასპექტს შეესაბამება და მთლიანობაში ადამიანის ცხოვრების მარტივ და რთულ მონაკვეთებს შეისწავლის.
ექსპოზიციის შთაგონების მთავარი წყაროები რონდინონეს გარდაცვლილი პარტნიორის, ჯონ ჯიორნოს ლექსების კრებული - You Got to Burn to Shine და ბუდისტური გამონათქვამია, რომლის მიხედვითაც, იმისათვის რომ ანათო, ჯერ უნდა გაიტანჯო, დაიწვა და მხოლოდ შემდეგ მოახერხებ ცაში აფრენას. გამოფენის მიზანია დამთვალიერებელი დააფიქროს ცხოვრების საიდუმლოებსა და სასწაულებზე, დაბრკოლებებისა და ნაკლის დავიწყების გარეშე.
გამოფენის კურატორი ხავიერ მოლინსია. ექსპოზიცია 20 აპრილიდან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ფოტო: David Gualandris, Andrea Rossetti
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი