The Why Not Gallery 4 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით გვანცა ჯიშკარიანის მერვე პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. “ცეცხლი მესიზმრება” გალერეას სიზმრისეულ სივრცედ აქცევს, სადაც სუნი, ფაქტურა და ჟღერადობა ერთიან სენსორულ შთაბეჭდილებას ქმნის და დამთვალიერებელს ფორმებსა და მატერიებში, შეგრძნებებსა და ასოციაციებში მოგზაურობის განცდას უჩენს. მიუხედავად სიზმრისეული, ჯადოსნური სანახაობისა, ნამუშევრებში მძაფრად იგრძნობა დისონანსი. ექსპოზიციის მთავარი ელემენტი ცეცხლია, ცეცხლი, როგორც სუბსტანცია, ენერგია სიმბოლო, პოტენციალი - თითქმის ყველა ნამუშევარში გვხვდება მისი კვალი ან გამოსახულება. ცეცხლი -  ერთი მხრივ, დესტრუქციული, აგრესიული და გამანადგურებელი, მეორე მხრივ კი, როგორც განახლების სიმბოლო  - ქმნის უცნაურად სასიამოვნო გამოსახულებას, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ამოძახილად შეიძლება მივიჩნიოთ. 

 

 

დღევანდელ ევროპაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა და ომის გათვალისწინებით, გამოფენა ერთგვარ რეფლექსიად ან წინათგრძნობადაც შეიძლება აღვიქვათ.

 

 

გვანცა ჯიშკარიანი:

 

"ამ გამოფენაზე მოსული, მინდა ბილიკზე ახვიდეთ და ტყის ნაგლეჯს უყუროთ ზევიდან, როგორც ნანგრევებს, როგორც ქალაქის ზარ-ზეიმით აღმოჩენილ და დავიწყებულ გალავანს. მინდა დაბალი ხმები გაიგოთ და ცეცხლის სუნი იგრძნოთ.

 

 

ზოგი ჩახვალთ ამ ტყეში და ფრთხილად სიარულისას, გზადაგზა პატარა აღმოჩენებს გააკეთებთ. სილამაზეებს შეაგროვებთ, ისევე, როგორც მე ვაგროვე თითოეული ეს გამოსახულება ჩემი მოგონებებიდან, წიგნებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან, საინფორმაციო გამოშვებებიდან და სიზმრებიდან. 

 

 

ქინაქინა იყოს ეს მოგზაურობა თქვენი ბევრჯერ დავიწყებული და ხანდახან გახსენებული წარსულისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც მხოლოდ კადრად გვახსოვს, დამწვარი დღიურებისთვის, წაგებული ომებისთვის, არ განცდილი ბედნიერებისთვის, და იყოს ეს დღესასწაული გახსენების უნარისთვის, ხელახლა, მრავალჯერ დაბადებისთვის და დამწვარი ფრთებით კილომეტრების ფრენისთვის".

 

 

 

ფოტო: გვანცა ჯიშკარიანი

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე