ბრიტანელი არტისტი კრის ლაბრუი რეალობის ახალი ინტერპრეტაციის, მანიპულაციისა და ავტომობილების ახლებურად წარმოჩენის დიდოსტატია. მისი უკანასკნელი სერია, სახელად “911” ფერად პორშეს ავტომობილებს სიურრეალისტურ სცენარებსა და სიტუაციებში წარმოგვიდგენს.
არტისტმა სერია “Auto Elasticity” წლების წინ დაიწყო და პირველად პორშეს ერთ-ერთი მოდელი კალიფორნიაში, პალმ სპრინგსში გამოსახა, პროექტს საინტერესოს მზით განათებულ გზაზე განლაგებული მანქანების უჩვეულო პოზები ხდიდა.
ჰიპერრეალისტურ ფოტოებში მანქანები ამობრუნებულია, გაკვანძული ან ერთ ბორბალზე დგას. ფოტომანიპულაცია გამოსახულებებს იმდენად რეალისტურად წარმოაჩენს, რომ დაკვირვებისას მანქანები უწონო გვეჩვენება. ლაბრუი CGI-სა და 3D ტექნოლოგიების საშუალებით ნამუშევრებს ფოტოგრაფიულ ჰიპერრეალიზმს სძენს და სრულიად განასხვავებს ტრადიციული ილუსტრაციისგან.
საინტერესოა, რომ არტისტის მიერ შექმნილი ლანდშაფტები არაფრით შეესაბამება ლაბრუის ბრიტანულ რეალობას, ნამუშევრებს ახასიათებს მკვეთრი, ნათელი ფერები და მზიანი გარემო.
კრის ლაბრუის უახლესი სერიის სიურრეალისტურ სცენარებს გამოარჩევს კლასიკური ამერიკული პეიზაჟები, რაც ვინტაჟურ "პორშეს" ავტომობილებთან ერთად უცნაურად ნოსტალგიურ ატმოსფეროს ქმნის.
ფოტო: Ignant, Plain magazine
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი