მარსელში მდებარე შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი არქიტექტორის, ლე კორბუზიეს ნამუშევარი - Unité d’Habitation ორი თვით საგამოფენო სივრცედ გარდაიქმნება. გამოფენის ორგანიზატორები გალერეა Philia და ხელოვნების ჟურნალი Eclipse არიან. ექსპოზიცია მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც ბრუტალისტი არქიტექტორის სტილსა და კონცეფციას შეესაბამება.
გამოფენა “მემკვიდრეობები” ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ოთახშია განთავსებული, პირველი ოთახი - “რეზონანსები” აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც გვესაუბრება ლე კორბუზიეს მემკვიდრეობაზე, მის ისტორიულ მნიშვნელობას და მისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას იმეორებს. “რეზონანსების” ოთახში შეგიძლიათ იხილოთ: რიკ ოუენსის ბრინჯაოს შანდალი “გედის კისერი”, პიეტრო ფრანჩესკინის კუბებით აწყობილი ყვითელი, ხავერდის სავარძელი, არნო დეკლერკის ფოლადის მინიმალისტური ტახტი. პირველი ოთახის ექსპოზიციას ასრულებს პოლ მეტერი, რომელიც ლე კორბუზიეს შთაგონების მთავარ წყაროდ მიიჩნევს და ხშირად იყენებს არქიტექტორის მიერ შემუშავებულ ანთროპომეტრიულ პროპორციებს, მას გამოფენაზე წარმოდგენილი აქვს ორკუთხოვანი სპილენძის სანათი.
მეორე ოთახი - “დისონანსები” აერთიანებს არტისტებს, რომლებიც ლე კორბუზიეს სტანდარტიზაციის თეორიის რეფლექსირებას ახდენენ. დარბაზი აერთიანებს: ჯოჯო კორვაიას უსწორმასწორო და როხან ლაჰიდჯის მარილის მაგიდებს, ჟერომ პერეირას მუხის ფიგურებსა და სხვადასხვა არტისტის ნახატებს. გამოფენის მიზანია შექმნას დიალოგი თანამედროვე არტისტთა რეზონანსებსა და დისონანსებს შორის. გამოფენა ერთდროულად ლე კორბუზიესადმი პატივის მიგება და კრიტიკული გააზრებაა.
გამოფენა იმართება Unité d’Habitation-ის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად. “მემკვიდრეობები” 7 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფოტო: Hyperbeast
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი