ახალგაზრდა არტისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ციფრულ სამყაროს გამოხატვის ფორმად. ერთ-ერთი მათგანია ხესუს მასკარაკი, რომელიც ციფრულ სამყაროში მინიმალისტურ, თანამედროვე ესთეტიკის მქონე დიზაინერულ ნამუშევრებს ქმნის.
მასკარაკი მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა არქიტექტურითა და დაიზაინით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ბოლო წლების განმავლობაში მან 3D დიზაინი შეისწავლა და მალევე ჩამოუყალიბდა დამახასიათებელი სტილი. მის ნამუშევრებს ახასიათებს გლუვი ხაზები, მსუბუქი განათება, ჩრდილები და პასტელური ტონები. დეტალებზე დაკვირვებითა და დიზაინისა და არქიტექტურის ურთიერთკავშირის ცოდნით ის ახერხებს შექმნას იდილიური კომპოზიციები.
რეალობისა და წარმოსახის ზღვარზე მყოფი ნამუშევრები ხშირად ხესუსის სიზმრებითაა შთაგონებული. ის ცდილობს შეისწავლოს სხვადასხვაგვარი გამოცდილება, შეგრძნებები, შესაძლებლობები და ნამუშევრების შექმნით საბოლოოდ ვიზუალურ სიამოვნებას მიაღწიოს.
ხესუს მასკარაკი გამორჩეულად სწორად არჩევს ფერებს, ტექსტურასა და კომპოზიციას და ახერხებს, რომ მის ნამუშევრებზე დაკვირვება თვალისათვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს. მისი შემოქმედება აერთიანებს როგორც მარტივ ელეგანტურ ინტერიერებს, ასევე სრულიად სიურრეალისტურ პეიზაჟებსა და არქიტექტურას. როგორც დიზაინერი აცხადებს, მისი მიზანია შექმნას ადგილები, რომლებიც მაყურებელს საშუალებას მისცემს გაიაზროს ღირებულებები და მოგონილ სამყაროზე დაკვირვებით მიიღოს სიამოვნება.
ფოტო: Ignant
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი