29 აპრილს აშშ-ში გასპარ ნოეს Vortex-ის პრემიერა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ კიდევ 2021 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, ის ფართო საზოგადოებისთვის აქამდე არ უჩვენებიათ.
Vortex ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც ხანშიშესული წყვილის ამბავს მოგვითხრობს. მთავარ როლებს იტალიელი რეჟისორი დარიო არჯენტო და ფრანგი მსახიობი ფრანსუაზ ლებრუნი ასრულებენ. ეს არჯენტოსთვის პირველი მთავარი როლია.
არგენტინელი რეჟისორის შემოქმედება გამოირჩევა კონტროვერსიული ისტორიებით და მაყურებელზე შოკისმომგვრელი ზემოქმედებით, მის ფილმებში ძირითად თემებს სექსი, ნარკოტიკები, გაუპატიურება წარმოადგენს. თუმცა ამ შემთხვევაში გასპარ ნოე სრულიად ახალ გზას ირჩევს, და მაყურებელს არა სისასტიკითა და ძალადობით, არამედ დაბერების პროცესისა და გარდაუვალი სიკვდილის ჩვენებით ზაფრავს.
ძალიან საინტერესოა ფილმის ვიზუალური ესთეტიკაც, რეჟისორი პერსონაჟებს ძირითადად ორად გაყოფილ ეკრანზე გვიჩვენებს და საშუალებას გვაძლევს თითოეული მათგანს ყურადღებით დავაკვირდეთ, გამოსახულებას განსაკუთრებულ ავთენტურობას დოკუმენტური კინოსთვის დამახასიათებელი სტილი სძენს.
კრიტიკოსებმა ფილმს ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს. კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი მიმოხილვის მიხედვით, ჰუმანიზმით, ვიზუალური დახვეწილობითა და უნაკლო ოპერატორული ნამუშევრით გამორჩეული Vortex, გასპარ ნოეს საუკეთესო სურათია.
ფოტო: Indiwire, Roger Ebert, Filmmaker Magazine, Unifrance
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი