ბოლო წლებში სხვადასხვა ბრენდი ხშირად ირჩევს მაღაზიის გამორჩეულ ინტერიერს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. ამიტომ მაღაზიაში შეიძლება შევხვდეთ როგორც სიურრეალისტურ სკულპტურებსა და ინსტალაციებს, ასევე 70-იანი წლების ოფისის ესთეტიკას. 

 

გთავაზობთ ათ გამორჩეულ ინტერიერს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შეიძლება წააწყდეთ.

 

 

Balenciaga 

 

ლონდონში, მაუნტ სტრიტზე მდებარე ბალენსიაგას მაღაზია დროებით ვარდისფერი ხელოვნური ბეწვით დაფარეს, ახალი ჩანთის, Le Cagole-სა და ფეხსაცმლის, ასევე აქსესუარების კოლექციის გამოსვლის აღსანიშნავად. 

მაღაზიის მაქსიმალისტური დიზაინი ჩანთის სახელითაა შთაგონებული - Cagole ფრანგულად გადაჭარბებულს ნიშნავს. 

 

 

Bala

 

ფიტნეს ბრენდის, Bala-ს ფილიალის დიზაინი ნიუ-იორკში, სოჰოში Ringo Studio-ს ეკუთვნის. ინტერიერი შთაგონებულია საბავშვო მოედნით, და გაფორმებულია სხვადასხვა სპორტული ინვენტარის გადიდებული დეკორაციებით.

 

 

Superette

 

მარიხუანას მაღაზიათა ქსელი ყოველთვის ნოსტალგიურ დიზაინს ირჩევს, თუმცა გამორჩეული კანადაში, ოტავაში მდებარე მაღაზიის ინტერიერია. კანაფით შთაგონებული მწვანე კედლები და ჭადრაკისებური იატაკი, ასევე მკვეთრი ფერის შეფუთვებით წარმოდგენილი პროდუქცია, მაღაზიას განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. 

 

 

 

Harmay 

 

ჩინეთში, ქალაქ ჰანგზუში არქიტექტურულმა კომპანია - AIM Architecture-მ ბიზნეს-ცენტრის მეორე სართული კოსმეტიკის მაღაზიად აქცია, რომლის ინტერიერიც ამავე ბიზნეს-ცენტრის 70-იანი წლების ოფისების დიზაინითაა შთაგონებული, მაღაზიაში კოსმეტიკა და პარფიუმერია სამუშაო და საკონფერენციო მაგიდებსა და წიგნის თაროებზეა წარმოდგენილი. 

 

 

Formoral

 

ასევე ქალაქ ჰანგზუში შეხვდებით კანის მოვლის ბრენდის, Formoral-ის რეტრო-ფუტურისტულ მაღაზიას, რომელიც მინიმალისტური ფერებით, ქვისა და მეტალის მასალებითა და გლუვი ზედაპირებით 80-იანების სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებს მოგაგონებთ. 

 

 

Dreams

 

დიზაინერსა და არტისტს, ედი გუდრიხს ეკუთვნის ლოს-ანჯელესში მდებარე მაღაზიის, Dreams-ის ინტერიერი. არტისტმა ძირითადად სიურრეალისტური სტილი აირჩია, მაღაზიაში მდებარე ლობსტერის ფორმის ტელეფონები გადაძახილია სალვადორ დალის შემოქმედებისადმი, დიდი ზომის ლურჯი ქვის სკულპტურა კი მაღაზიას სიზმრისეულ ატმოსფეროს სძენს. 

 

 

Kith

 

ტანსაცმლის ამერიკული ბრენდის, Kith-ის პარიზის ფილიალზე დიზაინის სტუდია Snarkitecture-მ იზრუნა. მე-19 საუკუნის პარიზულ სახლში შეხვდებით ორ სართულზე განლაგებულ, თეთრი ნაიკის ფეხსაცმელებით გაფორმებულ კედლის ინსტალაციებს, კლასიციზმით შთაგონებულ მარმარილოს იატაკსა და კედლებს და წვეთის ფორმის ჭაღს. 

 

 

ToSummer 

 

ჩინეთში, პეკინში მდებარე არომათერაპიის ბრენდის, ToSummer-ის მაღაზია მომრგვალებული კედლებითა და ხელოვნური ქვის დიზაინით გამოქვაბულს მოგაგონებთ. ბრენდმა, რომელიც ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით გამოირჩევა, შეგნებულად აირჩია სტილი, რომელიც პირდაპირ არ იმეორებს გამოქვაბულის ვიზუალს, თუმცა დამახასიათებელი ნიშნებითა და შეგრძნებებით თავს ბუნებაში გვაგრძნობინებს. 

 

 

Forte Forte

 

იტალიური მოდის ბრენდის, Forte Forte-ს ლოს-ანჯელესის ბუტიკის დიზაინი კალიფორნიული მოდერნიზმის ნიმუშს წარმოადგენს, მაღაზიაში შეხვდებით მომრგვალებულ სინათლის წყაროებს, რომლებიც ჯეიმს ტარელის მხატვრობითაა შთაგონებული, ასევე ოქროსფერ გასახდელებსა და პალმ სპრინგსის უდაბნოდან წამოღებულ ორ ლოდს. 

 


Glossier

 

პარფიუმერული ბრენდი Glossier გამოირჩევა ნათელი პასტელური ფერის მაღაზიებით, რომელთა ინტერიერიც ბრენდისავე დიზაინერებს ეკუთვნით, თუმცა გამორჩეულად საინტერესოა სიეტლის ფილიალი, სადაც ტრადიციულ პასტელურ ინტერიერთან ერთად შეგხვდებათ უზარმაზარი ხელოვნური ქვა, რომელსაც ხავსი და სოკოები ფარავს.

 

 

 

ფოტო: Dezeen, Snarkitecture

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე