ბრუკლინში მცხოვრები იაპონელი დიზაინერისა და კერამიკოსის, იუკო ნიშიკავას შემოქმედება გამოირჩევა მკვეთრი, ნათელი ფერებით, ზღაპრული ფიგურებით და ბავშვური გულუბრყვილობით. 

 

 

დიზაინერის მიზანია, რომ ყველა იდეა და ემოცია ხალისიანი გახადოს, უცნაურ ნივთებსა და ფიგურებს კი წარმოსახვითი ფუნქციები მოუძებნოს. იაპონურ ენაში არსებობს ტერმინი “Piku-Piku”, რაც შემთხვევითი შეხებით გამოწვეულ უნებლიე მოძრაობებს გამოხატავს, არტისტი აღნიშნავს, რომ მისი მიზანი სწორედ ამ ემოციის გამოხატვაა.

 

 

იუკო ნიშიკავა ძირითადად ინსტალაციებზე მუშაობს, თუმცა მის შემოქმედებაში შეხვდებით კერამიკულ ჭურჭელს, სანათებს და ავეჯს. დიზაინერი ძირითადად თიხაზე მუშაობს, ამ მასალისგან ის არა მხოოლოდ დეკორატიულ, არამედ ფუნქციურ ნივთებსაც ამზადებს. 

 

 

ნიშიკავას ინსტალაციებს გამოარჩევს ქაოსისგან წარმოქმნილი ჰარმონიულობა და მოძრავი დეტალები, რაც მათ საოცრად მსუბუქს ხდის, ფერებით, ფორმებითა და შუქჩრდილებით თამაში კი ნამუშევრებს ფანტასტიკურ ელფერს სძენს. 

 

 

არტისტი წინასწარ განსაზღვრავს იმ სივრცეს, სადაც მისი ნამუშევარი განთავსდება და სწორედ ამიტომ, თითოეული ნამუშევარი გარემოს საუკეთესოდ ერწყმის და მას ახალ, მხიარულ და ბავშვურ ხასიათს სძენს.

 

ფოტო: Yuko Nishikawa

ავტორი: ლიზა ალფაიძე