14 და 15 მაისს თიბისი კონცეპტისა და They Said Books-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მეექვსედ გაიმართება წიგნების საგაზაფხულო ბაზრობა, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების შეძენას შეძლებთ. ბაზრობაზე დაგხვდებათ პროზის, პოეზიისა და ბიოგრაფიული წიგნების ფართო არჩევანი. ბაზრობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მუსიკის მოყვარულთათვისაც, მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები სხვადასხვა შემსრულებლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ბაზრობა ტრადიციულად They Said Books-ში გაიმართება.
მისამართი - გ. ახვლედიანის 10
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 10%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
გარდა ამისა, დღეს, 13 მაისს, 18:00 საათზე, ბაზრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება შეხვედრა, რომელიც პოეზიას, პროზას და მუსიკას შეეხება. მომხსენებლები იქნებიან: დიანა ანფიმიადი, მაკა კასრაძე და რეზი ხუნწელია.
თუ წინასწარ არ იცით, რის შეძენა გსურთ ბაზრობაზე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ანუშკა ჩხეიძე გვირჩევენ წიგნებს, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
უილიამ ფოლკნერი - სული რომ ამომდიოდა
ლიტერატურა ისეთი სფეროა, შეჯიბრება რომ არ უხდება და შესაბამისად, შეუძლებელია ავტორების სიკარგის სკალაზე კლასიფიცირება, მაგრამ უილიამ ფოლკნერი საუკეთესო მწერალია. „სული რომ ამომდიოდა“ სიკვდილზეა, ანდა იმაზე, სიკვდილის მერე რა ემართებათ გარდაცვლილის ახლობლებს. როცა დედა კვდება, მამამ და შვილებმა კუბოში ჩასვენებული მისი ცხედარი ჯეფერსონში უნდა ჩაიტანონ და იქ დაასაფლავონ, ასეთი იყო დედის ნება. გზა კი ჯეფერსონამდე არც ისე ახლოა, მით უფრო, რომ ჭირისუფალთაგან ყველას თავისი თავისტკივილი აქვს. ადამიანური დრამისა და ყოფის აბსურდულობის ეს შესანიშნავი ამბავი ისევე ერთი ამოსუნთქვით იკითხება, როგორც დაიწერა, მაგრამ არ გეგონოთ ტექსტის ბოლოს ჩასუნთქვაც ასეთი მარტივი აღმოჩნდეს. რომანი ისეთ განცდას ტოვებს, როგორიც მისი დასაწყისია, როცა სიკვდილის პირას მყოფი დედა ფანჯრიდან უყურებს, თუ როგორ აკეთებს მისი პირველი შვილი მისთვის განკუთვნილ კუბოს.
ჯოზეფ კონრადი - წყვდიადის გული
ჯოზეფ კონრადი ფსევდონიმია, მის უკან კი იოზეფ კორჟენიოვსკი იმალება, კაცი, რომელიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე პოლონურ ოჯახში დაიბადა და რომლის ტექსტებიც დღესდღეობით ბრიტანული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. „წყვდიადის გული“ უთუოდ კონრადის ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელშიც საკუთარ თავგადასავალს მეზღვაური, გვარად მარლოუ, გვიყვება. ის იხსენებს აფრიკაში გატარებულ დღეებს, როდესაც კომპანიამ ერთ-ერთი ქვეშევრდომის წამოყვანა დაავალა. კონრადი წიგნში იმ ჯოჯოხეთს აცოცხლებს, რომელიც სპილოს ძვლითა და სხვა ძვირფასი მასალებით მოვაჭრე ევროპულმა კომპანიებმა დაატრიალეს აფრიკაში. მარლოუ მდინარე კონგოზე გადადის და თეთრი ადამიანების სიავის თვითმხილველი ხდება. წიგნი იმ უკიდურეს საზღვრებს ეხება, რომელსაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს, „წყვდიადის გული“ თითოეულ ჩვენგანში არსებული ურჩხულების გამოღვიძებაა.
ჯეიმზ ჯოისი - დუბლინელები
ჯეიმზ ჯოისი მოდერნისტული ლიტერატურის, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, თავისი ინოვაციური მიდგომებით, ცნობიერების ნაკადის ტექნიკით, უზადო სიმბოლიზმით და დიდი ინტელექტით. „დუბლინელები“ ჯოისის კრებულია, რომელიც 15 განსხვავებულ მოთხრობას აერთიანებს. ერთი მხრივ, ეს მე-20 საუკუნის დასაწყისის ირლანდიელთა ყოფის ილუსტრაციაა, ჯოისისთვის ნაცნობი საზოგადოების ასახვით და გაცოცხლებით, მეორე მხრივ კი, ამ მოთხრობებში ვხვდებით ადამიანებს, რომელთა ამბები თითოეული მკითხველისთვის ახლობელია და სულაც არაა საჭირო მათ გასაგებად ირლანდიური ხასიათისა თუ ტრადიციების ცოდნა. ლოთი, მაგრამ განათლებული ფარინგტონი, მდიდრულ წრეში გარევის მსურველი სტუდენტი ჯიმი დოილი, შვილის გათხოვებაზე მზრუნველი მისის მუნი და ა.შ. ჯოისი უბრალო ადამიანების იმ ამბებს გვიყვება, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე ნამდვილია ხოლმე.
ანუშკა ჩხეიძე
Iggy Pop
The Pure and the Damned არის კომპოზიცია, რომელზეც იგი პოპმა იმუშავა დანიელ ლოპატინთან, იგივე OPN-თან ერთად.
ჩემთვის ეს ორი არტისტი ერთად დაუვიწყარია. იგი პოპის ტექსტები ყოველთვის დიდ მნიშვნელობისაა მუსიკაში. კომპიუტერული ანიმაცია და კომპოზიცია ერთად, რომელიც ჰყვება ამბავს ერთი მთავარი ფაქტის შესახებ: “Some day, I swear, we’re gonna go to a place, where we can do everything we want to And we can pet the crocodiles.
Nine Inch Nails
ეს ბენდი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველად piggy-ს მოვუსმინე და მივხვდი, რომ განსაკუთრებული ჟღერადობა ჰქონდა, ყველასგან განსხვავდებოდა. ოდნავ მელანქოლიური, სევდიანი და ამავდროულად, ძლიერი ენერგიის მატარებელია მათი მუსიკა. Hurt-არის ჩემი მიმდინარე და საყვარელი კომპოზიცია, რომელიც შემდეგში Johnny Cash-მაც შეასრულა. დღემდე არსებობს აზრი, რომ ამ კომპოზიციის შთაგონება სუიციდია, თუმცა არ მგონია, ბენდი ყველა კონცერტს ასრულებდეს კომპოზიციით, რომელიც არ ეხმიანება იდეას - I would find a way.
უილიამ ფოლკნერი - სული რომ ამომდიოდა
თინეიჯერობის ბოლოს წავიკითხე იმ წიგნების უმეტესობა, რაც განსაკუთრებულად შემიყვარდა და დამამახსოვრდა. „სული რომ ამომდიოდა“ არის ფოლკნერის ის წიგნი, რომელმაც პირველად დამაფიქრა, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლოა ბევრი სათქმელი დამიგროვდეს და გარდაცვლილს ბევრად მეტად მინდოდეს გავუზიარო ჩემი სურვილები, აზრები, ვიდრე ახლა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია ვურჩიო ადამიანებს წაიკითხონ ოჯახის ეს ისტორია, თუ ამ საკითხებზე ფიქრისთვის მზად არიან.
ფოტო: თიბისი კონცეპტი, მასუ მწარიაშვილი
დაწერე კომენტარი