არასდროს შეეცადო, რომ სათქმელი პირდაპირ გადასცე მაყურებელს, აჩვენე მათ ცხოვრება და ისინი თავადვე შეაფასებენ, - ამბობდა რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიას ისეთი შედევრები დაუტოვა, როგორებიცაა: “სოლარისი”, “სტალკერი”, “სარკე”, “ივანის ბავშვობა” და სხვა. თითოეული მათგანი შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად და ვიზუალურად ზუსტად გამოხატავს ტარკოვსკის სიტყვებს, რადგანაც ის გრძელი, მეტაფორული და დაყოვნებული კადრები, რომლებითაც რეჟისორი ყოველდღიური ცხოვრების მშვენიერებასა და მისტერიას იკვლევს, სწორედ ტარკოვსკისთვის დამახასიათებელი უნიკალური ვიზუალური ენაა.
"მირჩევნია საკუთარი თავი მეტაფორულად გამოვხატო, ხაზს ვუსვამ, მეტაფორულად და არა სიმბოლურად. სიმბოლო, ზუსტად ისევე როგორც ინტელექტუალური ფორმულა, თავის თავში მნიშვნელობას განსაზღვრავს, მეტაფორა კი სურათია, რომელიც თავისთავად გამოსახავს იმას, რასაც სამყარო წარმოადგენს". - ამბობდა ტარკოვსკი.
სწორედ მისი კინოკადრების მსგავს მეტაფორებს წარმოადგენს პოლაროიდებიც, რომლებიც ტარკოვსკიმ 1979-84 წლებში იტალიასა და რუსეთში გადაიღო. 60 სურათი, რომელიც ალბომ Instant Light: Tarkovsy Polarodis-შია გაერთიანებული რეჟისორის ცხოვრების ინტიმურ მომენტებს, მეუღლის, შვილისა და თავისი ძაღლის პორტრეტებსა და მის მიერ დანახულ მკრთალად მოციმციმე სინათლის ფონზე მელანქოლიური პეიზაჟების კადრებს აერთიანებს.
წიგნის შესავალი ტექსტი კი ტონინო გუერას ეკუთვნის, რომელიც ტარკოვსკის პოლაროიდებსა და მათ მიღმა ამბავს ძალიან საინტერესოდ აღწერს:
"მახსოვს, 1977 წელს მოსკოვში, ჩემს ქორწილში ტარკოვსკის ხელში თავისი პოლაროიდი ეჭირა, რომლის აღმოჩენითაც მაშინ ძალიან ბედნიერი იყო. ის და მიქელანჯელო ანტონიონი ქორწილში ჩემი მოწმეები იყვნენ. როგორც წესია, მუსიკა, რომელიც ქორწინების დოკუმენტის გადმოცემის დროს უნდა გაჟღერებულიყო, მათ შეარჩიეს, მახსოვს, რომ ეს კომპოზიცია შტრაუსის The Blue Danube იყო.
მაშინ ანტონიონიც ძალიან ხშირად იყენებდა პოლაროიდის კამერას და უზბეკეთში იმ ფილმის გადასაღები მოედნის დაზვერვისას, რომელიც მერე აღარ გადაუღია, ანტონიონიმ სამ მუსულმანს გადაუღო სურათი, კარგად მახსოვს, მათ შორის ყველაზე უფროსმა სურათის ნახვის შემდეგ ჰკითხა: რატომ გააჩერეთ დრო? ანტონიონის მსგავსად, ტარკოვსკიც ზუსტად ამას ასახავდა, მოსწონდა ის აზრი, რომ დრო მიფრინავს და ის, რაც მას უნდოდა, სწორედ ამ პატარა და სწრაფი სურათებით დროის გაჩერება იყო. მელანქოლია იმისა, რომ ხედავ როგორ ხდება მოვლენა უკანასკნელად, ძალიან მისტიკურ და პოეტურ განცდას გვიტოვებდა, ეს ის იყო, რისი პოლაროიდით გადმოცემაც მას ძალიან სიამოვნებდა".
დაწერე კომენტარი