თბილისში უკვე ორი თვეა დრეგ წვეულებები იმართება. დრეგი ქვიარ კულტურის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, რომლის დროსაც პერფორმერები რომელიმე სქესს, ძირითადად განსხვავებულს, გადაჭარბებულად წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ დრეგი ძირითადად შეჯიბრის სახით, შოუებად ტარდება, ის უბრალოდ კონკურსი არაა და ერთგვარი გამოხატვის ფორმა და LGBTQ+ იდენტობის აღნიშვნაა.  დრეგ ბალი “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერით იმართება, პირველ და მეორე წვეულებას კლუბმა “მტკვარზე” უმასპინძლა. გთავაზობთ ინტერვიუს დრეგ ბალის კონსულებთან:

 

როდის გაგიჩნდათ დრეგ ბალის ჩატარების იდეა და როგორ გადაწყდა ამ იდეის განხორციელება?

 

დრეგ ბალი თავდაპირველად 3-4 წლის წინ, თანასწორობის მოძრაობის ეგიდით ტარდებოდა, თუმცა პანდემიის გამო რეალურად პროექტი ვერ შედგა. შემდეგ სულ გვინდოდა, როგორმე განგვეხორციელებინა ეს იდეა - რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მასშტაბურად, ახალი ფორმატით დავბრუნებულიყავით, ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი და დახმარებისთვის “თბილისი პრაიდს” მივმართეთ, მათგან თანხმობა მივიღეთ და დღეს ბალს ვატარებთ. 

 

 

რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული წვეულების ახალი ფორმატით ჩატარება?

 

იქედან გამომდინარე, რომ ახალი დრეგ ბალი უფრო მასშტაბურია, ძირითადი პრობლემებს წარმოადგენდა ისეთი ფუნდამენტური საკითხები როგორიცაა: ლოკაცია, ფინანსური საკითხი და ახალი უსაფრთხო სივრცის შექმნა.

 

 

როგორც ვიცი, პირველ დრეგ ბალში რვა პერფორმერი მონაწილეობდა, შეიცვლება თუ არა შემდეგ წვეულებებზე მათი შემადგენლობა? 

 

დიახ, პირველ ბალზე 8 მონაწილე იყო, და ეს სულ ასე იქნება, მაგრამ პერფორმერების შემადგენლობა ცვალებადია, რამდენიმე მონაწილე შეიძლება განმეორდეს, თუმცა მუდმივი სია არ გვაქვს. 

 

წინა ბალი განსხვავებული იყო და შვიდი დრეგ ქუინი გვყავდა, რადგან თემა ასე მოითხოვდა, თუმცა პროგრამა საკმაოდ ხანგრძლივი და დატვირთული იყო, გვყავდნენ სპეციალური სტუმრები, DRO და Madlena, ასევე მუსიკალურ ჯგუფ Crisissy-ს ჰქონდა პრემიერა. გარდა უშუალოდ შეჯიბრისა, გვაქვს Vogue პერფორმანსები, და დაგეგმილია, რომ მხოლოდ Vogue-ით არ შემოვიფარგლოთ, გვქონდეს Runway კატეგორიაც, სადაც Vogue-ს მსგავსად, ყველა შეძლებს მონაწილეობის მიღებას. 

 

 

უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორ ხდება პერფორმერების შერჩევა?

 

ყველა ბალზე შანსს ვაძლევთ წინა წვეულებაზე ყველაზე დაბალი ქულის მქონე შემსრულებელს, რომ ახლიდან წარმოგვიჩინოს თავი, გარდა ამისა, გამარჯვებულს ვიწვევთ სპეციალური პერფორმანსის ჩასატარებლად, დანარჩენ ქუინებს თემატიკასთან სიახლოვის მიხედვით ვარჩევთ.

 

 

რა იყო მეორე ბალის თემატიკა და ვინ გახდნენ ფავორიტები?

 

მეორე ბალის თემა შვიდი ცოდვა იყო, თითოეული შემსრულებელი განასახიერებდა თითო ცოდვას და ამ ცოდვის გარშემო ჰქონდათ პერფორმანსი. გაიმარჯვა Sofio McQueen-მა, ჩვენი, კონსულების რჩეული იყო - Bipolara, ასევე გამოვავლინეთ დრეგ ქუინების ფავორიტი, რომელიც გახდა Pusseidon, თბილისის პრაიდის რჩეული კი Lile იყო. ყველა კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი პრიზი გადაეცა. 

 

 

ზოგადად, საქართველოში დრეგ კულტურის შესახებ რას გვეტყვით, როგორც აღნიშნეთ, პირველი ბალი 3-4 წლის წინ ჩატარდა, თუმცა ვიწრო წრეებში შოუებს ალბათ უფრო დიდი ისტორია ექნება… 

 

რა თქმა უნდა, დრეგ კულტურა, რომელიც მსოფლიოში უკვე მეინსტრიმადაა ქცეული, უსაზღვროდ პოპულარულია, რუ პოლისა და მისი გადაცემის დამსახურებით. საქართველოშიც მეტ-ნაკლებად პოპულარული იყო დრეგ შოუები და ვიწრო წრეებში კეთდებოდა დრეგ ბალი. თუმცა, შეზღუდული იყო როგორც რესურსი, ასევე დამსწრეთა ვინაობა.

 

რეალურად იმის გარდა, რომ ვაწყობთ დრეგ წვეულებას, ვქმნით სივრცეს, რომ დრეგ ქუინები საკუთარი პროფესიით იყვნენ დასაქმებულები და დრეგ კულტურა გახდეს კონკურენტული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი ბალი ჩატარდა, ვხედავთ, რომ იზრდება ინტერესი და ქუინების ცნობადობა, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ დრეგ-ბალის გარდა სხვაგანაც წარმოადგინონ პერფორმანსები. 

 

 

როგორც აღნიშნეთ, დრეგ ქუინების პოპულარობა იზრდება, ქვეყანაში კი საკმაოდ მწვავეა ჰომოფობიური განწყობები, რამდენადაა დაცული დრეგ ბალზე, როგორც დრეგ ქუინების ასევე იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც შოუს ესწრებიან?

 

დრეგ ბალზე დასწრება  მხოლოდ ვერიფიკაციითაა შესაძლებელი და მაქსიმალურად იფილტრება, თუ ვინ შეძლებს შემოსვლას. გარდა ამისა, ადგილზეც მობილიზებულია დაცვა საბედნიეროდ, ჯერჯერობით არანაირი ექსცესი არ გვქონია. სხვა სივრცეებშიც, სადაც დრეგ ქუინებს გამოსვლის საშუალება ეძლევათ, კონტროლდება, თუ ვინ დაესწრება შოუს. ასე თუ ისე ქართული საკლუბო სივრცე ქმნის ყველასთვის უსაფრთხო გარემოს. 

 

ვერიფიკაციის მიღებამდე დასწრების მსურველი რამდენიმე ეტაპს გადის, არის სარეგისტრაციო პანელი, სადაც დარეგისტრირების შემდეგ უშუალოდ ჩვენი, კონსულების მონაწილეობით ხდება გაფილტვრა. გარდა ამისა, გვსურს სამართლიანად ხდებოდეს ვერიფიცირებულთა დასწრება, ამიტომ ბილეთის შეძენა პირველ 300 ადამიანს შეუძლია, რაც საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა დრეგ ბალზე სხვადასხვა ადამიანები მოვიდნენ.

 

 

შემდეგი ბალზე რას გვეტყვით, როდის უნდა ველოდოთ?

 

მაისის ბალოს იგეგმება შემდეგი ბალი, თემა იქნება დისნეი, აქაც რვა დრეგ ქუინი მიიღებს მონაწილეობას და უკვე ტრადიციისამებრ გვეყოლება მოწვეული სტუმრები და პერფორმერები.

 

 

სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ...

 

დრეგ ბალს გავაგრძელებთ ყოველთვიურად, გარდა ამისა იგეგმება ახალი პროექტებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ბალებამდე ჩატარებული პრე-Party-ები იქნება. 


გვინდა აღვნიშნოთ, რომ დრეგ ბალი უბრალოდ მორიგი ივენთების სერია არ იქნება, ეს არის მოძრაობა და აქტივიზმი, რომელიც ახალი პლატფორმიდან იბრძვის ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური ვითარების დასამარცხებლად და გვჯერა, რომ დრეგ კულტურა არის გარკვეული მექანიზმი, რითაც შევძლებთ, რომ ქვიარ ხილვადობა გავზარდოთ.

 

 

 

ფოტო: დათო ქორიძე, თეკლა თევდორაშვილი, ლიზი ბერიძე, ირინკა მურღულია

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე