გერმანელი ფოტოგრაფი რალფ კრეინი, რომელიც 1950-იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარი ნამუშევრებით სხვადასხვა დროსა თუ სივრცეში გვამოგზაურებს და იმ მდიდარ ესთეტიკას გვაცნობს, რომელიც ყოველთვის იგრძნობა მის მიერ აღბეჭდილ თითოეულ თავგადასავალში. კრეინი ერთდროულად დახელოვნებული იყო შავ-თეთრ და ფერად სამყაროში, მის შემოქმედებას თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რამხელა გავლენა აქვს ფერწერას, ეპოქას, ურთიერთობებს, რადგან კრეინი დაინტერესებულია ემოციების გადმოცემით, პეიზაჟის თბილი ფერების დაფიქსირებით. 

1949 წლის ფოტოპროექტი კაპრის ზღაპრულ თავგადასავალს ეხება. აქ ვხვდებით ზაფხულის ცხელ დღეებს, საინტერესო ადამიანებს, ურთიერთობებს, პეიზაჟებს. გერმანელი ფოტოგრაფის მუშაობა გამთენიისას იწყებოდა და მზის ჩასვლისას სრულდებოდა. სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას, როგორც ,,ჯადოსნური წუთის’’ ხელოვანს, ეს საზოგადოებისათვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან თითოეული ნამუშევრის შეცნობითა თუ დაკვირვებით ვხვდებით, რომ კრეინი მოგზაურობდა იმ სამყაროში, რომელშიც არსებობდა სწორი ხედვა და მთავარი ელემენტი - ფერი.

მნიშვნელოვანია, რომ კრეინი LIFE MAGAZINE-ის  ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი იყო, აქედან გამომდინარე, მას გარდა პირადი ინტერესებისა და ხედვისა, საშუალება ჰქონდა თვალსაწიერი გაეფართოებინა და ნაბიჯი გადაედგა სხვა სამყაროშიც. სწორედ აქედან იწყება დოკუმენტური ფოტოგრაფია, მის შემოქმედებაში აღმოვაჩენთ ისტორიული მომენტების ამსახველ კადრებს, წავაწყდებით ისეთი ცნობილი სახეების პორტრეტებს, როგორებიც არიან ბრიჯიტ ბარდო და ვიკი დუგანი.

ახალმა გარემომ, ურთიერთობებმა და ემოციამ კრეინის შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ბეტი გეიბთან კოლაბორაციით ფოტოგრაფმა შექმნა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც - Swimmers In Crazy Caps.  თანამშრომლობის მიზანი და მთავარი ამოცანა ოლიმპიური თამაშებისა და სინქრონიზებული ცურვის შეჯიბრების მიღმა არსებული სამყაროს აღწერა იყო. 

კრეინის შემოქმედება დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, რალფის ნამუშევრები ყოველწლიურად გამოფენილია MoMA-ს მუზეუმში. ნამუშევრების წარდგენისას დარბაზი ყოველთვის ოთხ ნაწილად არის დაყოფილი. ეს არის ოთხი სამყარო, ოთხი სხვადასხვა ისტორია, ოთხი ახალი ამბავი - რომელშიც კრეინი ჰყვება თავის განვლილ ცხოვრებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ნამდვილად არ იყო მოსაწყენი და ერთფეროვანი. 

 

ფოტო: Soniceditions, Life Picture Collection

ავტორი: თინათინ კეკელიძე