მოდის ტენდენციებისა და სტილის ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, მაღალი მოდის ბრენდები, კრიტიკოსების პროგნოზი, მოდის ბლოგერებისა და ინფლუენსერების რჩევები... თუმცა ხშირად ამ ყველაფერზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს პოპ-კულტურა თამაშობს.
ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, თუ რამდენად ძლიერია სერიალების ზეგავლენა როგორც ყოველდღიურ, ასევე მაღალ მოდაზე, ყველაზე შთამბეჭდავი კი ალბათ “ეიფორიის” კვალია. სერიალში ვხვდებით ადრეული 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ექსტრავაგანტურ ტანსაცმელს, უცნაურ ვარცხნილობებსა და ძალიან მკვეთრ, ბრჭყვიალა მაკიაჟს, რასაც თითქოს დღეს, როდესაც ყველაზე პოპულარული ეგრეთ წოდებული No-makeup makeup და ნეიტრალური ფერებია, ვერ უნდა ემოქმედა მოდის ტრენდებზე, თუმცა თინეიჯერებზე გადაღებულმა სერიალმა სრულებით შეცვალა ამ წლების სტილისადმი მიდგომა და პრაქტიკულად Gen Z თაობის მთელი ესთეტიკა ჩამოაყალიბა.
ერთ-ერთი პირველი, სადაც ეიფორიით შთაგონებულ სამოსს შევხვდით, Miu Miu-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაა, რომელშიც ორი მთავარი პერსონაჟის - ჯულზისა და კესის გავლენები შეიმჩნევა და უეცრად მაღალი მოდის ჩვენებაზე ბრუნდება დაბალწელიანი ტანსაცმელი.
“ეიფორიით” შთაგონებული მაკიაჟი შეიმჩნეოდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, მედისთვის დამახასიათებელი მკვეთრი მაკიაჟი გამოიყენა ისეთმა ბრენდმა, როგორიც მარკ ჯეიკობსია. “ეიფორიამ” მოდის კვირეულებიდან, რა თქმა უნდა, სწრაფ მოდაშიც შეაღწია და დღეს ამ სერიალით შთაგონებულ სამოსს ნებისმიერ ტანსაცმლის მაღაზიაში ნახავთ.
კიდევ ერთი სერიალი, რომელმაც მოდის სამყაროზე იმოქმედა, Stranger Things-ია, რაც კიდევ უფრო მოულოდნელია, ვიდრე “ეიფორიის” შემთხვევა. სერიალი ბავშვებზეა, მოქმედება კი 80-იან წლებში ხდება, თუმცა მთავარი პერსონაჟების რეტრო სტილმა მაყურებლებს განსაკუთრებულად შეაყვარა თავი. ვიწრო ფერადი მაისურები, სპორტული ქურთუკები და გაცრეცილი, ღია ფერის ჯინსის შარვლები იმდენად ნოსტალგიური აღმოჩნდა, რომ Louis Vuitton-მა “უცნაური ამბების” პრინტი ჩვენებაზე გამოიყენა, ნაიკმა სპორტული ფეხსაცმლის ხაზი შექმნა, რომელსაც “Hawkins High School” დაარქვეს, სერიალით შთაგონებული მაისურები გამოუშვა Levi’s-მა, ვაინონა რაიდერის ძალიან მარტივი ვარცხნილობა კი იმ სეზონზე ტრენდად იქცა.
ამ სეზონის ჰიტად “ბრიჯერტონი” იქცა, სერიალი, რომლის მოქმედებაც მე-19 საუკუნუს ბრიტანეთში ხდება, სადაც ხშირად ვხვდებით კორსეტებს, აბრეშუმის ქსოვილებსა და ძვირფას სამკაულს. სერიალის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პინტერესტზე 100%-ით გაიზარდა მოთხოვნა მარგალიტის საყურეებზე. სერიალის წინა სეზონის გამოსვლის შემდეგ კი მოსკინომ წარმოადგინა კოლექცია, რომელიც “ბრიჯერტონის” კოსტიუმებით იყო შთაგონებული. სერიალის გავლენა შეიძლება შევნიშნოთ სწრაფი მოდის ბრენდებშიც, წლევანდელ გაზაფხულის კოლექციებში ხშირად გვხვდებოდა ყვავილების პრინტი, აბრეშუმის მსგავსი ქსოვილები, კორსეტი და ფართო სახელოები.
ყველაზე საინტერესო ფენომენს ვეს ანდერსონის კინო წარმოადგენს, მისი ფილმები მოდის ტენდენციების განსაზღვრას გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგაც კი ახერხებენ. მუდმივ პოპულარობას პირველ რიგში “ტენენბაუმების ოჯახი” ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 2001 წელს არის გადაღებული, ის 2008 წელს მარკ ჯეიკობსმა ყველაზე დიდ შთაგონებად დაასახელა, 2013 წლის გაზაფხულზე პრადამ გამოუშვა კოლექცია, რომელიც რიჩი ტენენბაუმით იყო შთაგონებული; 2015-ში კი “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” გამოსვლამ ახლიდან ამოატივტივა ანდერსონის სხვა ფილმები და ერთ სეზონზე გამოვიდა Miu Miu-ს, Gucci-ს, Bally-ისა და Lacoste-ს კოლექციები, რომლებიც “ტენენბაუმების ოჯახითა” და “ამომავალი მთვარის სამეფოთი” იყო შთაგონებული.
პრაქტიკულად დამოუკიდებელ ფიგურად შეგვიძლია მივიჩნიოთ მარგო ტენენბაუმი, ბეწვის ქურქით, საზაფხულო მოკლე კაბითა და პატარა თმის სამაგრით, რომელიც არ კარგავს დიზაინერებისა თუ მოდით დაინტერესებული ადამიანების სიყვარულს.
პოპულარული კულტურა თითქოს იმის ანარეკლია, რაც ნამდვილ სამყაროში ხდება, თუმცა ზოგჯერ პირიქით ხდება და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება, როგორც შთაგონების წყარო.
ფოტო: Miu Miu, Dazed, Netflix, Prada, Psyne, The Costume Screen
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი