კინოსამყარო ყოველთვის გამოირჩეოდა სექსისტური ტენდენციებით, ფილმებს ძირითადად კაცები იღებდნენ, კინოკომპანიებსაც ისინი ედგნენ სათავეში, ქალებისთვის კი მხოლოდ ლამაზი პერსონაჟების ადგილი რჩებოდა. მსოფლიოში დღესაც მკვეთრად აღემატება რეჟისორი კაცების რიცხვი ქალებისას, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ ხდება საქართველოში, სადაც ქალები კინოწარმოებაში თავიდანვე ჩაერთნენ და დღემდე აგრძელებენ ამ ტრადიციას.

 

პირველი ქართველი რეჟისორი ქალი ნუცა ღოღობერიძე იყო, რომელმაც მხოლოდ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. ნუცა ღოღობერიძე ქართულ კინოში 1928 წლიდან, პირველი ქართული ფილმის გამოსვლიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ ჩნდება. მისი პირველი ნამუშევარი მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად გადაღებული დოკუმენტური ფილმი “მათი სამეფოა”, რომელიც იმ დროისთვის სრულიად ნოვატორული მონტაჟით გამოირჩეოდა, თუმცა ფილმი განსაკუთრებულია არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ისტორიული ღირებულებითაც -  ჩვენამდე არასრულად მოღწეულ ფილმში პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი დღეებია აღბეჭდილი. ღოღობერიძისა და კალატოზიშვილის კამერაში ხვდებიან: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვა პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები.

 

მისი მეორე ფილმი - “ბუბა” დოკუმენტურ-პროპაგანდისტული ჟანრის იყო, თუმცა დადგმული სცენები და პროპაგანდა ვერაფერს ვნებს ფილმის მხატვრულ და ესთეტიკურ ღირებულებას. მისი უკანასკნელი ფილმი - "უჟმური" საზოგადოებისთვის 85 წლის განმავლობაში იყო უცნობი, მისი პრემიერა 2018 წელს თბილისში გაიმართა. ნუცა ღოღობერიძე, ისევე როგორც იმ დროს მცხოვრები მრავალი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე რეპრესიების ტალღაში მოყვა, ჯერ მისი ქმარი, ლევან ღოღობერიძე გადაასახლეს, შემდეგ კი თვითონ ნუცაც, როგორც ე.წ. მოღალატის ცოლი. 10-წლიანი გადასახლებიდან დაბრუნებულს ფილმზე აღარ უმუშავია, თუმცა მისი როლი ქართულ კინოში ასე უბრალოდ არ მთავრდება - ნუცა ღოღობერიძე ლანა ღოღობერიძის დედაა. 

 

 

ლანა ღოღობერიძე 60-იანების თაობის და ზოგადად, ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის პირველია, ვინც ქართულ კინოში ფემინისტური დისკურსი შემოიტანა. ღოღობერიძის შემოქმედებაში გამორჩეული ფილმია “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, რომელიც პრაქტიკულად პირველად გვიჩვენებს ქალის არა იდეალიზებულ, არამედ ჩვეულებრივ სახეს, ქალს, რომელიც სამსახურშიც იღლება, სახლშიც, ოჯახის წევრებზეც ბრაზდება და რომლის ერთადერთი იდენტობაც დედობა არ არის. ფილმში რეჟისორი პირდაპირ საუბრობს ქალების ბედზე და ამისთვის ძალიან საინტერესო დოკუმენტური სტილის მეთოდს იყენებს, მთავარი პერსონაჟი რეპორტიორია, ის ქალებთან ინტერვიუებს წერს. ქალები  ჰყვებიან, თუ როგორი რთულია მათი ყოველდღიური ყოფა, მათი  ამბები და მთავარი პერსონაჟის ცხოვრება კი თითქოს ერთიან სურათს ქმნის.

 

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ნაწილობრივ ბიოგრაფიული ფილმია, მთავარი პერსონაჟის, სოფიკოს დედაც რეპრესიების მსხვერპლია, ალბათ სწორედ ამიტომ, ლანა ღოღობერიძე ბრწყინვალედ ახერხებს გვიჩვენოს, თუ როგორია გაუცხოება წლების შემდეგ დაბრუნებულ დედასთან. ზოგადად, მის შემოქმედებაში ხშირია წარსულისა და ბავშვობის ტრავმების გააზრება, თუ ზემოთ ხსენებულ ფილმში დედის გადასახლება და რაღაც პერიოდის ბავშვთა სახლში გატარება სიუჟეტის დამხმარე ნაწილია, მისი “ვალსი პეჩორაზე” კონკრეტულად ამ ისტორიას გვიყვება. ლანა ღოღობერიძის, როგორ რეჟისორის როლი და გავლენა დღესაც განუზომელია ქართულ კინემატოგრაფიაზე.

 

 

სრულიად განსხვავებულ კინოს გვთავაზობს ნანა ჯორჯაძე, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფილმის ავტორია, რომელიც ოსკარზე საქართველოს სახელით იყო ნომინირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ კინოში სრული სტაგნაციის დროს, ის იღებს ქართულ-ფრანგულ ფილმს - “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”. რეჟისორი ახერხებს, რომ ძალიან მძიმე, ტრაგიკული ამბავი იუმორით მოგვიყვეს და ამასთანავე მსოფლიოს გააცნოს მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ქართული კულტურა.

 

 

კიდევ ერთი  რეჟისორი ქალი, რომლის კინოც საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა, რუსუდან ჭყონიაა. მისი ფილმის, “გაიღიმეთ” პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ქართულ კინოზე საუბრისას ხშირად ავიწყდებათ ეს რეჟისორი, ამ დროს ჭყონია ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფემინისტური ფილმის ავტორია - “გაიღიმეთ” ერთდროულად სილამაზის კონკურსების მახინჯ პრაქტიკაზე, ქალების, როგორც სამომხმარებლო ობიექტების აღქმასა და დედების მუდმივ შეჯიბრზე გვიყვება და ამასთანავე ახერხებს, რომ ოდნავაც არ მოარგოს კინო კაცის თვალთახედვას, ე.წ. Male Gaze-ს.

 

 

ფემინისტურ ფილმებს გვთავაზობს ნანა ექვთიმიშვილიც, რომლებსაც ის სიმონ გროსთან ერთად იღებს. ექვთიმიშვილი ქართულ რეალობას რუმინული ახალი ტალღის ესთეტიკაში აქცევს და ფილმებში სოციალურ თემებს წამოსწევს.

 

“გრძელი ნათელი დღეები” არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინებისა და გოგოების მეგობრობის ამბავია, რომელიც 90-იანი წლების თბილისში ხდება, ფილმში პერსონაჟი კაცები ძირითადად ძალადობისთვის ჩნდებიან, რასთანაც სრულ კონტრასტს ქმნის გოგოების უპირობო მეგობრობა და თანადგომა. “გრძელ ნათელ დღეებს” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორი ეპიზოდი ანიჭებს: ეკას ცეკვა, როგორც პროტესტის უმაღლესი გამოხატულება და დასასრული, როდესაც გოგოები, კაცებისგან განსხვავებით, ძალადობრივ მეთოდებზე უარს ამბობენ და იარაღს, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში ავის მომასწავებლად იცვლის ადგილს, უბრალოდ აგდებენ. როგორც აღვნიშნე, ქართულ კინოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი ლანა ღოღობერიძეა, სწორედ მისი გავლენა შეიმჩნევა ნანა ექვთიმიშვილის ფილმში - “ჩემი ბედნიერი ოჯახი”. ფილმი ქალზეა, რომელსაც ოჯახთან ერთად ცხოვრება უბრალოდ აღარ შეუძლია. ექვთიმიშვილი შესანიშნავად ახერხებს ქართული ოჯახებისა და საზოგადოების კლაუსტროფობიულობის ჩვენებას მსუბუქი ტონისა და იუმორის შენარჩუნებით.

 

 

არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ რეჟისორს არ ჰგავს ქართველი დოკუმენტალისტი სალომე ჯაში, რომელიც მაყურებელს დოკუმენტური კინოს პოეტურ ფორმას სთავაზობს. ის ახერხებს, რომ ყოველთვის აქტუალური იყოს და ამავდროულად, არცერთი წუთით არ კარგავდეს მხატვრულ ხედვას, ჯაშის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ალბათ “მოთვინიერებაა”, რომელშიც რეჟისორი ხეების გადარგვის ისტორიას მომნუსხველ, თავბრუდამხვევ სანახაობად აქცევს, ერთი კონკრეტული ამბით კი ზოგადად, ძალაუფლების მქონე ადამიანთა ქცევაზე დაგვაფიქრებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ფილმები -  “ბახმარო” და “ლიდერი ყოველთვის მართალია”. 

 

 

ქართულ კინოს დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიაში პრაქტიკულად არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ქალები არ ქმნიდნენ გამორჩეული მნიშვნელობის ფილმებს თემებზე, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

 

 

 

ფოტო: Moviedb, Mubi, Taming The Garden, Eebf.org

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე