8000 წლის წინანდელი არქეოლოგიური მასალები ალბათ საკმარისია იმისათვის, რომ მთელმა სამყარომ საქართველო ღვინის ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნიოს. პირადად ჩვენთვის ქართული ღვინის ხარისხი რომ არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ კულტურის და ცხოვრების სტილის მთავარი ელემენტია, ყველაზე ნათლად ოთარ იოსელიანის "გიორგობისთვეში" ჩანს, სადაც მთავარი გმირი კომუნისტური გეგმის შესასრულებლად გაფუჭებული ღვინის ხარისხს ვერაფრით ეგუება. ამ ფილმის ირონიული სიუჟეტი, სხვადასხვა დროს ალბათ არაერთხელ გამოვლინდა ჩვენს რეალობაშიც, თუმცა, საბედნიეროდ, ბევრი საოჯახო მარნის თუ ღვინის კომპანიის დამსახურებით, დღეს ქართულმა ღვინომ მოახერხა და  თავისი კუთვნილი ადგილი კვლავ დაიბრუნა მსოფლიო მეღვინეობის აწმყოში.

მათ შორის, ვინც დღეს ქართული ღვინის ტრადიციას ქმნის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კახეთში, მდინარე ჩელთის ახლოს გაშენებულ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან დაწურული, ამავე სახელწოდების ღვინოა, რომლის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა გასული საუკუნის წინ სოფელ შილდაში, მირიანაშვილების ოჯახში პირველი მარანი აშენდა. ამ დროიდან უნიკალური გემოვნური თვისებების ღვინის შექმნის ოჯახური ტრადიცია არ გაწყვეტილა, თუმცა 2001 წელს, მაშინ როცა გიორგი მირიანაშვილმა ამ ადგილას ვენახებთან ერთად, კლასიკური და ტრადიციული მარანი, ღვინის მიწისქვეშა საძველე და ტურისტული კომპლექსი გააშენა, ღვინის დაწურვის ტრადიციას კიდევ უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი მისიაც დაეკისრა - გაერღვია ადგილობრივი საზღვრები და თავისი ადგილი მსოფლიო მეღვინეობაშიც დაემკვიდრებინა.

ასეც მოხდა: "ჩელთი" პირველად ამერიკაში გასინჯეს, რასაც მალევე მოჰყვა დამსახურებული აღიარება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის, Washington Post-ისგან, რომელმაც მათი საფერავი ხუთ საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა. გასული სამი წლის განმავლობაში კომპანიამ ღვინის გამოფენებზე ჯამში თოთხმეტი ოქროს მედალი მიიღო, ორმა გავლენიანმა ღვინის კონკურსმა - დეკანტერმა და მუნდუს ვინიმ კი ორმაგი ოქროს ჯილდო გადასცა და მსოფლიოს ოც საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა. შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ "ჩელთის" ქვევრის საფერავი დიდ ბრიტანეთში, პრინცი ჰარის საქორწილო სუფრაზეც დააგემოვნეს, მრავალი შესაძლებლობიდან, სამეფო ოჯახმა ქართულ "ჩელთიზე" რომ შეაჩერა არჩევანი, ეს ფაქტი თავისთავად ბევრს მეტყველებს ღვინის ხარისხზე.

მაგრამ უფრო მეტს და მის შესახებ ყველაზე მთავარს მხოლოდ მისი დაგემოვნებით თუ შეიტყობთ. საფერავი, ქისი, ხიხვი… სულ თხუთმეტამდე ღვინის სხვადასხვა სახეობა ყველა გემოვნების ადამიანს გაუწევს მეგზურობას, ხელახლა აღმოაჩენინებს და სულ სხვა კუთხით დაანახებს კულტურას, რომელიც ოჯახური მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციით ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.

 

ფოტო: ლილე რევიშვილი, ლუკა ფანცხავა, ნინჩო ჯეირანაშვილი, ლუიზა ჩალათაშვილი

ავტორი: გვანცა ჩანადირი