17 მაისს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, რომელიც 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა მიშელ ჰაზანავიჩუსის არასაკონკურსო ფილმით - “Final Cut” გაიხსნა, რომელიც იაპონური ფილმის, "One Cut of the Dead" კომიკური რიმეიქია და კინოს გადაღების პროცესს აღწერს. მთავარ როლებს ჰაზანავიჩუსის ცოლი, ბერენის ბეჟო და რომენ დიური ასრულებენ.
გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც ბელგიური წარმოშობის ფრანგი მსახიობი ვირჟინი ეფირა უძღვებოდა, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ფორესტ უიტეკერს გადასცეს, მსახიობს ოქროს პალმის რტო 1988 წელს აქვს მიღებული, კლინტ ისტვუდის ფილმ "ჩიტში" შესრულებული როლისათვის. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უიტეკერის მიერ სამხრეთ სუდანში გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
თუმცა, ყველაზე საინტერესო ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა იყო, რომელმაც დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ჩარჩლი ჩაპლინის ციტატით მიმართა, ფილმიდან "დიდი დიქტატორი", და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში თავისუფლებისთვის იბრძვიან, კინოსამყარო არ შეიძლება ჩუმად იყოს.
კანის 75-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი, მსახიობი ვენსან ლინდონია, ჟიურის წევრთა შორის არიან რეჟისორები - ასგარ ფარჰადი და ხოაკიმ ტრიერი. წლევანდელ კანზე საკონკურსო სექციაში რეჟისორების ვარსკვლავური შემადგენლობაა წარმოდგენილი, კონკურსანტთა შორის იხილავთ: ჰიროკაზუ კორე-ედას, დევიდ კრონენბერგს, პარკ ჩენ-ვუკს, კრისტიან მუნჯიუს, ძმებ დარდენებს, კლერ დენისა და ალბერტ სერას.
საინტერესოა, რომ ძმები დარდენები, რომლებსაც უკვე ორჯერ აქვთ ფესტივალის ჯილდო მიღებული, გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში შევლენ, რადგან სამი ოქროს პალმის რტო ჯერჯერობით არავის მიუღია.
კინოკრიტიკოსები გამარჯვებას ძმები დარდენების გარდა, კრისტიან მუნჯიუსა და ჰიროკაზუ კორე-ედას უწინასწარმეტყველებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი უკვე დაიწყო და პროგრამაც ყველასთვის ცნობილია, ჯერ კიდევ არსებობს მოლოდინი, რომ წლევანდელ კანზე სიურპრიზად უჩვენებენ დევიდ ლინჩის ახალ, გასაიდუმლოებულ ფილმს.
კინოფესტივალი 12 დღე გაგრძელდება, ჩვენებები ქალაქის სხვადასხვა კინოთეატრთან ერთად სანაპიროზე, ღია ცის ქვეშაც გაიმართება. სწორედ სანაპიროზე, სპეციალურ სექციაში - “Cinema de la Plage” უჩვენებენ კინოკლასიკის ნიმუშებს, მათ შორის, პიტერ უაიერის “ტრუმანის შოუს”. ფილმი წლევანდელი ფესტივალის პოსტერზეა წარმოდგენილი.
2020 წელს გაუქმებისა და 2021-ში გადადების შემდეგ, წელს კინოფესტივალი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, სტუმრები ჩვენებებს პირბადის გარეშე დაესწრებიან, ასევე აღარ არის აუცილებელი ტესტირებისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა.
ფოტო: Cannes Film Festival, New York Times, Variety
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი