პოლ პუარე XX საუკუნის ფრანგი დიზაინერია, რომელმაც ახალი სილუეტებით, ელემენტებითა და წარმოსახვის უნარით შეძლო  საფუძველი ჩაეყარა მოდაში არტ-დეკოს მიმდინარეობისათვის. თანამედროვე მოდის დიდი ნაწილი იბადება პუარესთან ერთად, იაპონური კიმონოსა და ახლო აღმოსავლური კაფტანის დახვეწილი ხაზებით, ასევე ფარდის ტიპის კონსტრუქციების გავლენით, პუარემ შემოიტანა ახალი დრამატული პალიტრა და ფერების უპრეცედენტო კომბინაცია მოდის დიზაინში, საიდანაც ფაქტობრივად ახალი მოდის ისტორია იწყება.

ბრენდის გაფართოება, განვითარება და ახალი ფურცელი საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა ფრანგი დიზაინერისთვის. ტანსაცმლის შექმნასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც შექმნა საკუთარი სუნამო, დააკავშირა მოდა ინტერიერის დიზაინთან და ამით ხელი შეუწყო სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილის კონცეფციას.

1908 წლის ოქტომბრამდე და Les Robes De Paul Poiret-ის გამოქვეყნებამდე პუარე მხოლოდ მომავალი დიზაინერი იყო, რომელიც სავარაუდოდ ისეთივე ადგილს დაიკავებდა იერარქიაში, როგორც ეს გააკეთეს Doucet-მ და Worth-მა. პუარემ დაიწყო თანამშრომლობა მხატვარ პოლ აირიბისთან ერთად. თუ მანამდე მოდის პრეზენტაცია საკმაოდ მარტივი იყო და ჟურნალები ტანსაცმელს შავ-თეთრი ესკიზებით აწვდიდნენ საზოგადოებას, პუარესთან ყველაფერი შეიცვალა - აქ უკვე ვხვდებით მოდელებს, რომლებიც ლანდშაფტისა და ინტერიერის ფონზე პოზირებენ.

პოხოარის ბეჭდვის მეთოდის გამოყენებით პოლ ირიბემ გრაფიკულად შეაერთა პუარეს სამოსი ელეგანტურად მოწყობილ გარემოსთან, სადაც დიდ როლს თამაშობდა ანტიკვარული ავეჯის დეტალები, ხელოვნების დეკორატიული ნიმუშები და მხატვრების ნახატები. აქ უკვე სამყარო ფერადი იყო, ეს მიდგომა და ხედვა კი სრულიად ახალი სიტყვა აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიაში. ამ მიდგომამ უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მომავალ მოდის ილუსტრაციებსა და ფოტოგრაფიაზე, არამედ განამტკიცა ურთიერთობა ხელოვნებასა და მოდას შორის, ალბათ გასაკვირიც არაა, რომ აღმოჩენა შთააგონებდა ისეთ პუბლიკაციებს, როგორიცაა - Gazette du Bon Ton.

არსებობენ დიზაინერები, რომელთა ნამუშევრები  დაკავშირებულია ყვავილებთან - “შანელი” და კამელია, “დიორი” და შროშანი - ეს სწორედ ის გავლენაა, რაც  მოდის მეფედ წოდებულმა პუარემ შეძლო. პირველად ყვავილი სწორედ მან შექმნა  სამგანზომილებიან აბრეშუმის ქსოვილზე მეუღლის, ჟოზეფინასთვის.

ჩარლზ ჯეიმსი, კრისტობალ ბალენსიაგა, ვივიენ ვესტვუდი, ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაკქუინი, იოჯი იამამოტო - ეს იმ დიზაინერების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც პუარესაგან მიღებული შთაგონება და გავლენა აერთიანებთ. თუ მოდის სამყაროს დღესაც თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ თითოეულ მათ ნამუშევარში არსებობს პუარე და მისი სამყარო.

 

 

ფოტო: Artland Magazine, Vogue

 

ავტორი: თინათინ კეკელიძე