ოსკაროსანი რეჟისორი ჯეიმს ლუკასი ქეით მოსისა და ლუსიენ ფროიდის შესახებ კინოს გადაიღებს. სუპერმოდელისა და მხატვრის უჩვეულო ურთიერთობა ქეით მოსის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო - მოდელი აღნიშნავდა, რომ ოცნებობდა, მხატვარს დაეხატა. ფროიდმა, რომელიც უკვე 80 წლის იყო, ინტერვიუ წაიკითხა და ორსული, შიშველი ქეით მოსის პორტრეტი შექმნა. 

 

 

მხატვრისა და მოდელის ურთიერთობა 2003 წელს ბრიტანეთში განხილვის საგნად იქცა. ხატვის პროცესში ქეით მოსი და ლუსიან ფროიდი იმდენად დაახლოვდნენ, რომ მხატვარმა მოდელს წელზე ტატუ დაახატა. სკანდალი გამოიწვია მხატვრის ასისტენტის, დევიდ დოუსონის გადაღებულმა ფოტომაც, რომელზეც მხატვარი და მოდელი საწოლში არიან აღბეჭდილები. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მოსი და ფროიდი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რასაც დოუსონის ფოტოც ადასტურებს. 

 

 

მხატვარსა და მოდელს მეგობრობის გარდა ურთიერთპატივისცემა აკავშირებდათ, მოსი აღნიშნავდა, რომ ფროიდი ყველაზე საინტერესო ადამიანია, ვისაც შეხვედრია, ფროიდი კი ამბობდა, რომ ქეით მოსი მის მუზათა შორის ყველაზე "საზრიანი" ადამიანია. მხატვრის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ამ ისტორიაზე ფილმს გადაიღებენ, უჩვეულო ურთიერთობის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრის პროდიუსერი თვითონ ქეით მოსი იქნება, მას  ლუსიენ ფროიდის ფონდი გაუწევს დახმარებას.

 

 

 

ფოტო: Vogue, Mutual Art

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე