სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტიმოთი შალამემ და არმი ჰემერმა ფილმით - Call Me By Your Name საზოგადოების გული მოიგეს. ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანის კინოეკრანიზაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გასული ათწლეულის კინოხელოვნებაში ნამდვილად გამორჩეული ადგილიც დაიკავა.



ინფორმაცია რომანის  გაგრძელების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი, თუმცა ფილმზე საუბარი იმ დროისათვის ძალიან ადრე იყო. წიგნის ახალი ნაწილი, სახელწოდებით Find Me კვლავ აგრძელებს ელიოსა და ოლივერის ამაღელვებელ სასიყვარულო  ისტორიას. სიტუაცია თითქმის ოცი წლის შემდეგ ვითარდება. ელიო უკვე რომში ცხოვრობს, რომელიც კარგი პიანისტია. მისი მამა, სამუელი, განქორწინების შემდეგ, შვილის მონახულებას გადაწყვეტს. მალევე, ელიო პარიზში გადავა საცხოვრებლად, სადაც ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში გაებმება. ამ დროს ოლივერი კვლავ ამერიკაში ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი პროფესორია და ამასთანავე, უკვე ორი ვაჟის მამაც. ძველი სიყვარულის ისტორია კი მხოლოდ მაშინ გრძელდება, როდესაც ოლივერი ევროპაში დაბრუნებას გადაწყვეტს…



Find Me-ს ანონსის შემდეგ, ფილმის მეორე ნაწილს ბევრი ჩვენგანი უფრო მოუთმენლად ველოდით. ახლა კი, როგორც იქნა, დადგა დღე, როდესაც ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს. დადასტურდა, რომ Call Me By Your Name-ის ეკრანიზაციას ნამდვილად ექნება მომდევნო ნაწილი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ტიმოთი შალამე (ელიო), არმი ჰემერი (ოლივერი), მაიკლ სტუჰლბარგი (ელიოს მამა, სამუელი), ესტერ გარელი (ელიოს სიყვარულის ობიექტი) და სხვები.



მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მომდევნო ნაწილი დამტკიცებულია, ზუსტად მაინც არ არის ცნობილი, როდის გამოვა იგი. საყურადღებოა ის ფაქტიც, თუ რამდენად გაითვალისწინებს ფილმის რეჟისორი ლუკა გუადანინო წიგნის დროის ფორმატს, რადგან ახალ ნაწილში ელიო, დაახლოებით, ორმოცი წლისაა.