კანი უკვე 75-ედ მასპინძლობს ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, გამოავლენს საუკეთესო ფილმებს და პრაქტიკულად კინოსამყაროს მიმართულებას აძლევს.

 

 

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კინოფესტივალის ისტორია ჯერ კიდევ 30-იან წლებში იწყება. მაშინ, როდესაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი, ვენეციის კინოფესტივალი არსებობდა, იტალიაში კი ფაშისტური რეჟიმი იყო დამყარებული, ფრანგმა, ბრიტანელმა და ამერიკელმა ჟიურის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ვენეცია და პირობა დადეს, რომ მუსოლინის რეჟიმის პირობებში უკან აღარ დაბრუნდებოდნენ.

 

 

ამ ფაქტმა ბიძგი მისცა იდეას, რომ ახალი ფესტივალი საფრანგეთში უნდა დაარსებულიყო, მრავალ ვარიანტს შორის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ქალაქი - კანი აირჩიეს, რადგან თვალისმომჭრელი ბუნება და  მუნიციპალიტეტის ჩართულობა, საუკეთესო პირობებს ქმნიდა საერთაშორისო კინოფესტივალის ჩასატარებლად. 1939 წლის 31 აგვისტოს პირველად გაიხსნა კანის კინოფესტივალი. ფესტივალის საპატიო პრეზიდენტი სინემატოგრაფის გამომგონებელი და პრაქტიკულად კინემატოგრაფიის მამა ლუი ლუმიერი იყო. კანში მიწვეულნი იყვნენ კერი გრანტი, გერი კუპერი, მეი უესტი და კინოს სხვა არანაკლებ ცნობილი ვარსკვლავები, კინოფესტივალი 1-ელი სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 1-ელ სექტემბერს საფრანგეთში გერმანიის ჯარი შეიჭრა - ფესტივალი ჯერ გადაიდო, შემდეგ კი გაურკვეველი დროით გაუქმდა.

 

 

1946 წელს კანის კინოფესტივალი ოფიციალურად აღდგა და კონკურსი პირველად ჩატარდა, თუმცა დაბალი ბიუჯეტის გამო ფესტივალს მხოლოდ 16 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი ფესტივალი უბრალოდ ვერ ტარდებოდა. 1950-იანი წლებიდან იწყება კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რეალური არსებობა და განვითარება, ამ წლებშივე ხდება კანის კინოფესტივალი ყველაზე პრეტიჟული ფესტივალი მსოფლიოში.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი მაისში ტარდება, როდესაც იმ წლის ფილმების ნაწილი ჯერ გამოსულიც კი არ არის, კანი პრაქტიკულად განაპირობებს - რა მოხდება დაჯილდოებების სეზონზე. კანის კინოფესტივალს ერთგვარი პარადოქსულობა ახასიათებს, ის მუდმივად ინარჩუნებს ექსკლუზიურობის ნიშას, ჩვენებებზე მხოლოდ აკრედიტაციის მქონე პროფესიონალებს უშვებენ, თუმცა ამავდროულად, ხელს უწყობს, რომ ხელოვნება კომერციული და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. კანის კინოფესტივალი ერთგვარ ტრამპლინად იქცევა ხოლმე რეჟისორებისთვის, რომლებიც მანამდე არცთუ ისე ცნობილები არიან. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსია - 2009 წლამდე მისი არსებობა პრაქტიკულად არავინ იცოდა, თუმცა ამ წელს მისმა ფილმმა Dogtooth-მ პრიზი მიიღო “განსაკუთრებული ხედვისთვის”. ეს პრიზი ახალგაზრდა რეჟისორებს გადაეცემათ, რომელთაც არატრადიციული სტილი ახასიათებთ. გამარჯვების შემდეგ ლანთიმოსი უცნობი რეჟისორიდან ბერძნული “ახალი ტალღის” სულისჩამდგმელ, ოსკარზე არაერთგზის ნომინირებულ და დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეჟისორად იქცა. ლანთიმოსის უცნაური სამყარო, ბერძნული კულტურისა და მითოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა და მსახიობების მშრალი, მონოტონური თამაში კი პრაქტიკულად მეინსტრიმული გახდა. 

 

 

იგივე შეიძლება ითქვას ვონგ კარ-ვაიზე - დღეს ლეგენდად ქცეულ რეჟისორსა და აზიურ კინოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, კარიერის დასაწყისში კინოკრიტიკოსები არ წყალობდნენ. მისი ფილმი “ჩანგკინგ ექსპრესი”, New York Times-მა შეაფასა - როგორც "MTV-ს მსგავსი ენერგიის მქონე", თუმცა სამი წლის შემდეგ ვონგ კარ-ვაიმ კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო საუკეთესო რეჟისურაში, ფილმისთვის Happy Together. “ჩანკინგ ექსპრესი” კი, რომელსაც 1994 წელს იწუნებდნენ, დღეს არამხოლოდ ამ რეჟისორის, ზოგადად კინემატოგრაფიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული. 

 

 

კანის კინოფესტივალი ხშირად ახალგაზრდა რეჟისორებისთვისაც წარმატების გზად იქცევა ხოლმე, 2009 წელს ქსავიე დოლანი საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა ფილმისთვის I Killed My Mother. რეჟისორი მხოლოდ 19 წლის იყო, კრიტიკოსებმა მას “ვუნდერკინდის” იარლიყი რომ მიაკერეს. დოლანი კანზე 2010, 2012, 2014 და 2016 წლებშიც დაბრუნდა, ის პრიზის გარეშე არც ერთხელ არ დარჩენილა. მიუხედავად იმისა, რომ წლებთან ერთად მისი ფილმების ხარისხი აშკარად უარესდება, უკვე ძალიან მყარი რეპუტაცია ქსავიე დოლანს ეხმარება, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. 

 

 

კანის კინოფესტივალი მხოლოდ კონკრეტული ადამიანების წარმატებას არ განაპირობებს, კანზე გამარჯვებული ფილმები და რეჟისორები შემდგომ წლებში კინემატოგრაფიის სტილს და ტრენდებს ქმნიან. მაგალითად, ვონგ კარ-ვაის ასახელებს მთავარ შთაგონების წყაროდ ოსკაროსანი რეჟისორი ბარი ჯენკინსი. მის ფილმში - Moonlight  შეიძლება დავინახოთ პირდაპირ ციტირებული სცენები ფილმიდან - In The Mood for Love, ფილმის ფერთა პალიტრა და კინემატოგრაფიული სტილი კი Chunking Express-ს მოგვაგონებს. 

 

 

არა ფრენსის ფორდ კოპოლას, არამედ ვონგ კარ-ვაის გავლენა აქვს სოფია კოპოლასაც - In The Mood for Love-ს გამოსვლიდან 4 წლის შემდეგ ის იღებს "თარგმანში დაკარგულს", რაც როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივად ცალსახად ვონგის შემოქმედებითაა შთაგონებული.

 

 

უკანასკნელ წლებში აზიური კინოს განსაკუთრებული პოპულარობაც კანის კინოფესტივალთანაა დაკავშირებული, 2018 წელს ოქროს პალმის რტო კორე-ედას "წვრილმან ხულიგნებს" გადაეცა, 2019 წელს კი ბონგ ჯუნ ჰოს "პარაზიტს", ფილმმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია, ოთხი ოსკარი აიღო და სრულიად მოულოდნელად მეინსტრიმულ ფილმად იქცა. 

 

 

კინოფესტივალს ჩავარდნებიც ჰქონია. 1968 წელს, "პარიზის მაისის" დემონსტრაციების დროს, ფრანსუა ტრიუფომ კანში განაცხადა, რომ ასეთ დროს ფესტივალის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო, მას მხარდაჭერა გამოუცხადეს ალენ რენემ, კლოდ ლელუშმა და მილოშ ფორმანმა, ტრიუფოს აზრს იზიარებდა ჟიურიც, რომლის წევრებიც ლუი მალი, მონიკა ვიტი, რომან პოლანსკი და ტერენს იანგი იყვნენ. კონკურსანტებმა უარი თქვეს ფილმების ჩვენებებზე, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ფრანსუა ტრიუფო ჩაშლაში დაადანაშაულეს და "პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს". პოლიტიკური მდგომარეობის გამო დაარსებული კინოფესტივალის ორგანიზატორები 1968 წელს ცდილობდნენ, რომ თვალი დაეხუჭათ დედაქალაქში მიმდინარე ამბოხზე. 

 

 

თუმცა წელს კანის კინოფესტივალი იქცა პოლიტიკურ პლატფორმად, რომელიც სწორ მესიჯს ატარებს.  ფესტივალი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვით გაიხსნა, უკრაინის პრეზიდენტს მიეცა საშუალება, მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, რომ უკრაინა უკვე მესამე თვეა ცდილობს თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

 

 

ყოველწლიურად ცვალებადი, ვარსკვლავური ჟიური, მონაწილე ქვეყნების მრავალფეროვანი სია, ან უბრალოდ რაღაც შარმი, რაც ამ ფესტივალს სხვებისგან გამოარჩევს, პრაქტიკულად გეზს აძლევს კინემატოგრაფისტებს, თუ როგორ უნდა მოიგონ მაყურებლებისა თუ კრიტიკოსების გულები. უკვე 75-ედ მიმდინარეობს კანის კინოფესტივალი, გამარჯვებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ წელსაც, გასული წლების მსგავსად, შეიძლება მორიგი ვარსკვლავის ან კინომოვლენის დაბადების მოწმენი გავხდეთ.

 

ფოტო: New York Times, The New Yorker, RFL, Cannes Film Festival, Deadline, Letterboxd

ავტორი: ლიზა ალფაიძე