ჰორიზონტალური და ვერტიკალური შავი ზოლები, ძირითადი ფერების კომბინაცია და გეომეტრიულობა პიტ მონდრიანის შემოქმედების მთავარი მახასიათებლებია, მონდრიანის მხატვრობის გავლენა დღესაც შეიძლება ვიპოვოთ პოპ-კულტურასა თუ ხელოვნებაში. წელს მხატვრის დაბადებიდან 150 წლის იუბილეა, რასაც ჰააგაში Kunstmuseum მისი ყველაზე დიდი გამოფენით აღნიშნავს. ჩვენ კი გაგიზიარებთ პიტ მონდრიანის გავლენით შექმნილ როგორც ტანსაცმლის, ასევე ავეჯისა თუ არქიტექტურული დიზაინის ყველაზე საინტერესო ნიმუშებს:

 


ივ სენ ლორანის მონდრიანის კაბა 

 

პიტ მონდრიანი ივ სენ ლორანისთვის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო იყო, პიკასოსა და მარსელ პრუსტთან ერთად. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ 1965 წელს, დიზაინერმა მხატვრის ლეგენდარული გეომეტრიული ნამუშევრების გავლენით ექვსი კაბა შექმნა, ივ სენ ლორანის “მონდრიანის კაბა” იმდენად პოპულარული გახდა, რომ დიზაინმა იმავე სეზონზე გადაინაცვლა მაღალი მოდიდან სწრაფი მოდის ბრენდებში. კაბა პრაქტიკულად დამოუკიდებელ ხელოვნების ნიმუშად იქცა და მისი გავლენა მოდაზე დღემდე შესამჩნევია, მაგალითად, 2011 წელს პრადას შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში იყო კაბა, რომელიც ივ სენ ლორანის “მონდრიანს” მიაგებდა პატივს. დღეს სენ ლორანის მონდრიანის კაბები პომპიდუს ცენტრშია გამოფენილი.

 

 

რიტველდის წითელი და ლურჯი სკამი

 

ტომას გერიტ რიტვალდის მიერ ფიზიკურ ობიექტზე გადატანილი მონდრიანის ნამუშევარი პრაქტიკულად ნეო-პლასტიციზმის მანიფესტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მათემატიკური სიზუსტით აწყობილი სკამი, შავი სწორი სახელურებით და ფეხებით იდეალურად გამოხატავს ნიდერლანდებში დაბადებული მიმდინარეობის არსს და ქმნის ასიმეტრიულ, მაგრამ დაბალანსებულ კომპოზიციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ზედმეტი დეკორისგან. 

 

 

შირო კურამატასა და Cappellini-ს კოლაბორაცია

 

1975 წელს შექმნილი იტალიური ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის ბრენდისა და იაპონელი არტისტის კოლაბორაცია პატივს მიაგებს მონდრიანის შემოქმედებას. ბორბლებიანი სათავსოები, განსხვავებული ზომისა და ფერის უჯრებით, ქმნის მონდრიანის ესთეტიკისთვის დამახასიათებელ, გეომეტრიული ცენტრის არმქონე ავეჯს, რაც განსაკუთრებით უხდებოდა 70-იანი წლების ბრუტალისტურ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს. 

 

 

ჩარლზ და რეი ეიმსების Case Study House No. 8 

 

ჩარლზ და რეი ეიმსებმა აღმოაჩინეს, რომ მონდრიანის მეთოდი იდეალური იყო ახალი არქიტექტურული სტილისთვის, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინერგა. 1949 წელს მათ ლოს-ანჯელესში შექმნეს Case Study House No. 8-ის დიზაინი, სადაც შემდეგ თვითონვე დასახლდნენ. შენობა იქმნება ორი მართკუთხა ბლოკით, საცხოვრებელი ნაწილითა და სტუდიით, ფასადს აფორმებს ასიმეტრიული ძირითადი ფერებისგან შექმნილი დეკორი, რომელიც ასიმეტრიულობით აღწევს ჰარმონიას. ეიმსებისთვის “მონდრიანის პრინციპი” ნორმად იქცა და ისინი სხვადასხვა შენობას აპროექტებდნენ ამ დიზაინით. ეს მეთოდია გამოყენებული მოსკოვისა და სარაევოს რამდენიმე მეტროსადგურის დიზაინშიც.

 

 

 

 

ფოტო: Maison Flaneur, Peacockflume, Vogue, Mubi, Sworld, The New York Magazine

 

ავტორი: ლიზა ალფაიზე