კინოს დახასიათებისას შეიძლება მრავალი ნიუანსი გამოვყოთ, იქნება ეს სცენარი, ოპერატორული ნამუშევარი თუ სწორი სამსახიობო ანსამბლი, თუმცა ამასთან ერთად, არსებობს მხატვრული გაფორმება - ყველაფრის ერთობლიობა, რაც ფილმის ვიზუალურ ესთეტიკას განაპირობებს - სტილი, ფერთა პალიტრა, კოსტიუმების დიზაინი, სხვადასხვა სცენაში გამოყენებული ინტერიერი თუ ექსტერიერი, ყველაფერი, რაც კადრში შემოდის და მთლიანობაში ფილმის ატმოსფეროს ქმნის.

 

 

2021 წელს გამოსულ ფილმებს შორის რამდენიმეს გამოარჩევს განსაკუთრებით შთამბეჭდავი მხატვრული გაფორმება. როგორც მაყურებლის, ასევე ამერიკული კინოაკადემიის ფავორიტი იყო დენის ვილნევის “დიუნი”, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელშიც მოქმედება ქვიშით დაფარულ, უწყლო პლანეტა არაკისზე ხდება. ფილმის მხატვრულ დიზაინზე პატრის ვერმეტი მუშაობდა, რომელმაც გადაღებების დაწყებამდე “დიუნის” სერია წაიკითხა და ეცადა წარმოედგინა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ასეთ პლანეტაზე, შემდეგ კი შექმნა ბრუტალისტური არქიტექტურით შთაგონებული, სქელკედლიანი კუთხოვანი შენობები, ქვისა და მეტალის ინტერიერი და ბნელი, გამოქვაბულის მსგავსი თავშესაფრები. პატრის ვერმეტს თითოეულ მხატვრულ დეტალზე საოცარი სიზუსტით ჰქონდა ნამუშევარი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ფილმმა მხატვრული გაფორმებისთვის ოსკარი მიიღო. 

 

 

არანაკლებ საინტერესო იყო გილიერმო დელ ტოროს “კოშმარების ხეივნის” მხატვრული გაფორმება. ფილმში  მოქმედება მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ხდება, სწორედ ამიტომ მას გამოარჩევს არტ დეკოსთვის დამახასიათებელი ბრწყინვალება. ფილმის გადაღებისას CGI ტექნოლოგია მხოლოდ თოვლისა და გასროლილი ტყვიების საჩვენებლად გამოიყენეს, ხოლო ყველა ინტერიერი, მდიდრული დიზაინით ფიზიკურად შექმნეს, დიზაინში გამოყენებული ყოველი დეტალი ავთენტურია, განსაკუთრებით საინტერესოა 1930-იანი წლების კარუსელი, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა ჩრდილო კალიფორნიაში მცხოვრები ოჯახისგან შეიძინა. 

 

 

ჩამოთვლილთაგან სრულიად განსხვავდება ჯეინ კემპიონის “ძაღლის ძალის” მხატვრული გაფორმება.  მოქმედება 1920-იანი წლების მონტანაში ხდება, დიზაინერმა გრანტ მეიჯორმა შთაგონებისთვის კენ ბარნსის დოკუმენტური სერიალი The West და ეველინ კემერონის ფოტოგრაფია გამოიყენა, შედეგად კი არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ახალ ზელანდიაში შექმნა მე-20 საუკუნის მონტანა, მასკულინური გარემოთი და დიზაინით, სადაც ხის ფაქტურა ჭარბობს. 

 

 

ყველაზე უჩვეულო ჯოელ კოენის “მაკბეტის ტრაგედიის” დიზაინია, შავ-თეთრ ფილმში ძირითადი ყურადღება არა მსახიობებსა თუ გარემოს, არამედ უშუალოდ შექსპირის ტექსტს ექცევა. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა სტივენ დეშანმა სრულიად მინიმალისტური გარემო შექმნა, სადაც პატარა აღმაფრთოვანებელი ელემენტებია მიმალული.

 


 

სტივენ სპილბერგის “ვესტ საიდის ისტორიაზე” ადამ სტოკჰაუზენმა იმუშავა, რომელიც აქამდე ვეს ანდერსონის ფილმებზე მუშაობდა ხოლმე, დიზაინერისთვის უცხო არ იყო მრავალფეროვანი, ფერადი და მდიდარი გარემოს შექმნა. სტოკჰაუზენმა შეუდარებლად შეძლო ფერების გამოხატვის ფორმად ქცევა და სხვადასხვა ხასიათსა თუ დამოკიდებულებას სხვადასხვა ფერი მიუსადაგა, მან მოახერხა, რომ ყველაზე შეუმჩნეველი და უმნიშვნელო დეტალებიც კი 50-იანი წლების რეალობისთვის ბუნებრივი ყოფილიყო. 

 

 

 

ფოტო: Architecture Digest, Archdaliy, CNN

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე