ბილბაოში, გუგენჰაიმის მუზეუმში, ნორმან ფოსტერის კურატორობით მიმდინარეობს გამოფენა, რომლის მთავარი თემაც მოძრაობა და ავტომობილებია.
გამოფენას Motion: Autos, Art, Architecture ეწოდება. ექსპოზიციაზე როგორც მე-20, ასევე 21-ე საუკუნის გამორჩეულ ავტომობილებთან ერთად, წარმოდგენილია არქიტექტურული და ხელოვნების ნიმუშები, რომელთა თემაც სიჩქარე და მოძრაობაა.
გამოფენის იდეა თვითონ ნორმან ფოსტერს დაებადა, რადგან სურდა მანქანებისა და მოძრაობისადმი სიყვარული საზოგადოებისთვისაც გაეზიარებინა. არქიტექტორი ექსპოზიციის შერჩევისას ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან და ხელოვნების კურატორებთან გადიოდა კონსულტაციებს, თუმცა მუზეუმის მხრიდან სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ, როგორც მან განაცხადა, მიუხედავად მრავალი ადამიანის ჩართულობისა, საბოლოოდ გამოფენა მის პირად გემოვნებასა და არჩევანს გამოხატავს.
გამოფენის მიზანია, ტექნოლოგიას, ხელოვნებასა და არქიტექტურას შორის კავშირი დაგვანახოს. წარმოდგენილი ნამუშევრები გვიჩვენებს, თუ როგორ განაპირობა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ფუტურიზმის, როგორც ხელოვნების მიმდინარეობის ჩამოყალიბება და როგორ ასახავს მას პოპ-არტი. გამოფენაზე ავტომობილებთან ერთად წარმოდგენილია ედვარდ რუშას ნამუშევარი - Standard Station, ალექსანდრ კალდერის მოძრავი სკულპტურა - 31 Janvier, ჰენრი მურის Figura Distesa, ამასთან ენდი უორჰოლისა და დევიდ ჰოკნის რამდენიმე ნამუშევარი.
საგამოფენო დარბაზებში ავტომობილები სპეციალურ შავ პლატფორმებზეა განლაგებული, რომელთა დიზაინიც ნორმან ფოსტერს ეკუთვნის. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მასობრივი წარმოების, ასევე ექსკლუზიურად დამზადებული ავტომობილები ქრონოლოგიური მეთოდით და საერთო ჯამში წარმოდგენას ქმნის ავტომობილის, როგორც ტრანსპორტის განვითარებასა და ისტორიაზე. გამოფენა ყურადღებას მიაპყრობს ავტომობილების ელექტროტრანსპორტად ქცევის პროცესს და დამთვალიერებელს სთავაზობს სტუდენტების მიერ წარმოდგენილ მომავლის ავტომობილების დიზაინს.
ფოსტერის განცხადებით, გამოფენა ძირითადად ეხება ორ საკითხს - მშვენიერებას და ტექნოლოგიას, ექსპონატებს შორისაა ნიმუშები, რომლებიც ამ ორ საკითხს აერთიანებს.
გამოფენა 8 აპრილიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფოტო: Dezeen, MoMa
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი