ფრანგული მოდის სახლის, Givenchy-ს დამაარსებელი და დიზაინერი, უბერ დე ჟივანში საზოგადოებისთვის ძირითადად ტანსაცმლის დიზაინითაა ცნობილი, თუმცა ის ამასთანავე ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის მოყვარული და კოლექციონერი იყო. ჟივანშის გამოარჩევდა გემოვნება, რომელიც მისი ცხოვრების სტილსა და ინტერესებზე აისახებოდა.
დიზაინერის გემოვნებისა და კოლექციის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით “კრისტის” აუქციონი პარიზში 8 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს გამოფენას: “უბერ დე ჟივანში - კოლექციონერი”, 14-17 ივნისს კი ჟივანშის კოლექციის აუქციონი გაიმართება. აუქციონზე გაიტანენ 1200-ზე მეტ ნივთს, ნახატებს, სკულპტურებს, ავეჯსა და ნივთებს ჟივანშის ორი ყველაზე დასამახსოვრებელი სახლიდან - პარიზში მდებარე Hôtel d’Orrouer-იდან და ლუარას დაბლობზე მდებარე Château du Jonchet-იდან.
აუქციონი გარდა ჟივანშის კოლექციისა, პატივს მიაგებს დიზაინერის პარტნიორს, ასევე დიზაინერ ფილიპ ვენეს, რომელიც 65 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ჟივანშისთან ერთად და კოლექციის ნაწილი მისი გემოვნებითაა შექმნილი. წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1950-იან წლებში შეხვდა, როდესაც ისინი “სკიაპარელიში” მუშაობდნენ, როგორც ჟივანშის მემკვიდრე, მისი ძმისშვილის, ასევე უბერ დე ჟივანშის ცოლი, სიუზი დე ჟივანში აღნიშნავს, წყვილის ცალ-ცალკე წარმოდგენა შეუძლებელია და “კრისტის” მიერ წარმოდგენილი კოლექცია ორივე მამაკაცს თანაბრად განასახიერებს.
როგორც “კრისტის” თავმჯდომარე, ჩარლზ კატორი ამბობს, უბერის გავლენა არა მხოლოდ სახლის ინტერიერში, არამედ ფასადზეც იგრძნობა. კატორის განცხადებით, ჟივანშის უნაკლო გემოვნების ამოცნობა მხოლოდ სახლის შესასვლელითაც შეიძლება, დიზაინერის საყვარელი ფერის, მწვანე კარი გადის დერეფანში, რომელიც რეზიდენციის პირველ ოთახს უერთდება, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და მე-18 საუკუნის, რეგენტობის ხანის საუკეთესო სინთეზს წარმოადგენს. დარბაზში შეხვდებით ალბერტო ჯაკომეტის ბრინჯაოს ფიგურას, თანამედროვე ავეჯს და მე-18 საუკუნის აბჯარსა და ნივთებს. ამავე სახლშია პიკასოსა და ანტონი ტაპიესის ნამუშევრები, რომლებიც ანტიკვარებით გადატვირთულ დეკორაციასთან სრულ კონტრასტს ქმნის.
პარიზში მდებარე Hôtel d’Orrouer 1732 წელს აგებული შენობაა, რომელიც 1926 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული, ჟივანში მის შეძენაზე წლების განმავლობაში ოცნებობდა. 1986 წელს დიზაინერმა შენობის მეორე სართული შეიძინა და რესტავრაცია ჩაუტარა, 7 წლის შემდეგ კი პირველი სართულიც მის საკუთრებაში გადავიდა. მასიური ბაღი და ქვაფენილით მოკირწყლული შიდა ეზო Hôtel d’Orrouer-ს პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კერძო სახლად აქცევს.
ლუარის დაბლობზე მდებარე ჟივანშის მეორე სახლი, Château du Jonchet კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე პარიზის რეზიდენცია. მე-16 საუკუნის სასახლე გარშემორტყმულია თხრილით, ფანჯრები კი ბაღსა და მდინარე ეგრის გადაჰყურებს.
პარადოქსულია, მაგრამ სასახლის დიზაინს გამოარჩევს თავისებური მოკრძალებულობა, დიდებული ოთახები მარტივი, მინიმალისტური ავეჯითა და ნივთებითაა გაფორმებული, რაც სასიამოვნო, ჰარმონიულ გარემოს ქმნის დასვენებისთვის.
“კრისტის” აუქციონზე წარმოდგენილ ნივთებს შორის იქნება: ჯაკომეტის 1955 წლის სკულპტურა - Woman Walking, ჟოან მიროს დიდი ზომის ტილო, Passage of the Migratory Bird, პიკასოს ნახატი Faun with a Spear. გარდა ამისა, აუქციონზე გაიტანენ მე-18 საუკუნის მაგიდებს, ლუი XVI-სა და მისი ძმის, პროვანსის გრაფის პირად ნივთებს და სხვა ისტორიული მნიშვნელობის დეკორს.
გამოფენა და აუქციონი იდეალურად გადმოსცემს ჟივანშის მიდგომას ხელოვნებისა და დიზაინის მიმართ და მის მთავარ მახასიათებელს - “კეთილშობილ სიმარტივეს”.
ფოტო: W magazine
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი