თანამედროვე ავსტრალიელი არტისტის, სალი უესტის შემოქმედებას მარტივი, სიუჟეტები და ავსტრალიური პეიზაჟები გამოარჩევს. მხატვარი 1971 წელს ავსტრალიის შტატ ახალ უელსში დაიბადა, მისი ოჯახი ფერმაში ცხოვრობდა. უესტმა ბავშვობა ყოველგვარი ტექნოლოგიისგან შორს, ბუნებაში გაატარა. სწორედ ბავშვობის გამოცდილებები და ბუნებასთან მუდმივი სიახლოვე ქმნის მისი შემოქმედების ძირითად თემებს.
სწავლის დამთავრების შემდეგ მხატვარმა ევროპაში იმოგზაურა, სწორედ მოგზაურობისას მიხვდა, რომ მისი მოწოდება მხატვრობა იყო, თუმცა ოჯახის წინააღმდეგობის გამო ვიზუალური კომუნიკაციების შესწავლას შეუდგა, სანამ ერთ-ერთმა მასწავლებელმა არ უთხრა, რომ ის ნამდვილი არტისტი იყო, ამ სიტყვების შემდეგ უესტმა შეწყვიტა სწავლა და გადაწყვიტა ცხოვრება მხატვრობისთვის დაეკავშირებინა.
უესტისთვის სანაპირო არა მხოლოდ შთაგონება, არამედ ხატვის პროცესის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვაგვარ ამინდში შექმნილ ცისფრისა და ლურჯის მუდმივად ცვალებად ტონალობებს ის არა მხოლოდ სანაპიროს პეიზაჟებში, არამედ სხვა ნამუშევრებშიც იყენებს. სალი უესტის ნამუშევრები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს, შორი პერსპექტივიდან მისი ნახატები უბრალოდ სანაპიროებია, თუმცა დეტალებზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ პერსონაჟს მკაცრად განსაზღვრული ადგილი და დანიშნულება აქვს. მხატვარი იყენებს საღებავის სქელ ფენას და უხეშ მონასმებს, რაც არათანაბარ ზედაპირს ქმნის და მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და სამგანზომილებიან ეფექტს სძენს.
ფოტო: Sally West
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი