ნინი გოდერიძე ბრენდ GOD ERA-ს დამფუძნებელი ახალგაზრდა დიზაინერია, რომლის ახალი კოლექციაც White Apocalypse კონკრეტული ადამიანების ბავშვობის ტრავმებს ეხმაურება. კოლექცია, რომელიც ახალი და არაორდინარული არსებების შექმნაზე გვიყვება, პერსონალური ისტორიული ემოციებისა და სოციალური ცვლილებების გამოცდილებას ასახავს. ნახევრად ადამიანები და ნახევრად რობოტები ახალ კომპლექსურ გრემოსთან მორგებასა და ადაპტაციას ცდილობენ იმ დროში, რომელიც ერთი შეხედვით გამქრალია და მის მსვლელობას ფეხსაც ვერ უწყობ. ახალ ცოცხალ ორგანიზმებს კი ის სუპერძალა უჩნდებათ, რომლებიც მათ გადარჩენაში ეხმარება.
მოდიდან ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციამდე - Hammock Magazine გთავაზობთ ფოტოსესიას და ინტერვიუს დიზაინერ ნინი გოდერიძესთან.
ნინი, მოგვიყევი როგორ აღმოჩნდი მოდის ინდუსტრიაში?
ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ფაქტურებზე მუშაობა, ვეძებდი განსხვავებულ მასალებს და მუდმივად ვცდილობდი ახალი ქსოვილების შექმნას. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, სადაც უკვე შემეძლო ჩემი ინტერესებისა და შესაძლებლობების პროფესიული ცოდნით განვითარება.
რა იყო შენი შთაგონების წყარო, როდესაც საკუთარ ბრენდს GOD ERA-ს აყალიბებდი?
ბრენდის მთავარი იდეა და კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ GOD ERA-ს არ აქვს სქესი, ადამიანური შეგრძნება, ის შეიძლება იყოს ამფიბია, კიბორგი - ნებისმიერი რამ, თითქოს ბუნებრივისა და ხელოვნურის სინთეზს შორის. ზოგადად, დაკარგული აქვს ყველანაირი სახე და არ არსებობს კონკრეტული დრო. მგონია, რომ უფრო მეტი რაღაც შეიძლება გააკეთო, როდესაც ბრენდს არ აქვს წინასწარ მოცემული ჩარჩოები და სტრუქტურები და ბევრად თავისუფალი შეგიძლია იყო კოლექციაზე მუშაობისას. ეს იყო ჩემი შთაგონების წყარო, რადგან, ვფიქრობ, რომ უნდა ეცადო არ გაიჭედო ერთ მიმართულებაში, რადგან ეს განვითარების პროცესს აფერხებს. ჩემი ბრენდით, ვცდილობ გავექცე იმ ესთეტიკას, რაც ქართულ მოდას ასე მძაფრად ახასიათებს.
White Apocalypse-ის კოლექციის შესახებ რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად, არის თუ არა რაიმე გზავნილი, რასაც ახალი კოლექცია გამოხატავს?
ეს კოლექცია ჩემი სადიპლომო ნამუშევარია, რომლის საბოლოო სახედ წარმოდგენაში დამეხმარნენ:ფოტოგრაფი ნატა სოფრომაძე, გრაფიკული დიზაინერი კვაჭი, 3D არტისტი ხოსილიტა და დავით აფაქიძე, რომელიც styling-ზე მუშაობდა. რაც შეეხება თვითონ კოლექციას, პირველ რიგში, ჩემთვის განსაკუთრებულია ის ადგილი, სადაც ეს პროექტი შეიქმნა. საინტერესო და უცნაური იყო ის ფაქტი, რომ დამშრალი ტბის თეთრ ზედაპირზე ვერ ჩერდებოდი, რაც უფრო დიდხანს იდექი, მით უფრო ცურავდი და ეფლობოდი შიგნით. თუ კარგად დააკვირდებით, ფეხსაცმელებსაც ემჩნევა, რომ დასვრილია ამ მცოცავი ზედაპირის გამო. ამ პროექტის მთავარი აზრიც ეს არის, რომ სულ განვითარების პროცესში და გადარჩენაზე უნდა იყო ორიენტირებული, რომ არ ჩაიძირო, რაც თავის მხრივ აპოკალიპსურია. გარდა ამისა, ეს ფაქტორები იწვევს ახალი, უჩვეულო არსებების, ნახევრად ადამიანებისა და ნახევრად რობოტების დაბადებას, რომლებიც ცდილობენ გარემოსთან ადაპტაციას. შედეგად კი ის სუპერძალები უჩნდებათ, რომლებიც მათ გადარჩენაში ეხმარებათ.
კოლექცია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დრო გამქრალია და არ არსებობს - რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
მე მგონია, რომ ადამიანები სხვადასხვა დროში სხვადასხვანაირად არსებობდნენ და განსხვავებული იყო მათი ვიზუალიც, ამიტომაც მინდოდა გამექრო დრო და კოლექცია არა კონკრეტული დროის შთაგონებით შემექმნა, არამედ მასში სხვადასხვა პერიოდის ელემენტები და დეტალები გამეერთიანებინა და ამით დამეკავშირებინა ისინი ერთმანეთთან.
თუმცა ფერები, სილუეტები და მასალები ერთდროულად წარსულსა და მომავალში გამოგზაურებს…
კი, ეს იყო ერთგვარი გამოწვევაც, რომ ძველი დროის დეტალები თანამედროვეობისთვის მომერგო. მაგალითად, ნეონის მწვანე ფერი რეალურად ვიქტორიანულ პერიოდს, შხამიან მწვანეს უკავშირდება, სილიკონის ყურების ფორმა კი - დედოფალ ელიზაბეტ I-ის კაბის პრინტზე ხშირად მეორდებოდა. მსგავსი დეტალების გათამაშებამ იმის საშუალება მომცა დროის მსვლელობა ამერია და ერთი კონკრეტული პერიოდის აღქმა არ ყოფილიყო.
რას ფიქრობ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზე, მის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და რა აზრის ხარ ბუნებრივი ქსოვილის ეკომეგობრულით ჩანაცვლებაზე?
ვფიქრობ, ეკომეგობრული ქსოვილების პოპულარობის ზრდა მოდის ინდუსტრიაში წინგადადგმული ნაბიჯია. მე, ძირითადად, ეკომეგობრულ მოდაში upcycling მიმართულებით ვმუშაობ და ხშირად ვიყენებ საბჭოთა პერიოდის მასალას - ორგანზას, რომელიც შეიძლება იყოს მეორეული, მესამეული ან, უბრალოდ, აქამდე გამოუყენებელი, მორჩენილი ქსოვილი. ამ ქსოვილებს ვიყენებ სწორედ სილიკონში საბაზისოდ. მგონია, რომ საქართველო კარგი ადგილია Upcycling მიმართულების გასააქტიურებლად, რადგან უამრავი გადაუმუშავებელი, მორჩენილი მასალაა, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგვიძლია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ქართულ მოდაში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რაც დღეს თანამედროვეობას ახასიათებს, ამიტომ ჩემი ეს კოლექცია ამ მიმართულების გააქტიურების მცდელობაც შეიძლება იყო.
შენი საყვარელი ქსოვილი…
ესე საყვარელი არაფერი გამაჩნია - არც ფილმი, არც მუსიკა და არც ქსოვილი, თუმცა ამ ბოლო დროს მომწონს სილიკონთან მუშაობა, მგონია, რომ ბევრ შესაძლებლობებს იძლევა.
როგორ დაახასიათებდი იმ ადამიანს, ვინც GOD ERA-ს სამოსს მოირგებს?
მიჭირს ხოლმე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩემს ნამუშევრებს იმდენად არ გააჩნია კონკრეტული ადამიანის, პერსონაჟის სახე, დრო, რომ რთულია იმ ადამიანის დახასიათება, რომელიც მას მოირგებს. თუმცა მგონია, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელსაც მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და უნდა, რომ იყოს მომავალი პროცესების მონაწილე.
როგორია შენი ყოველდღური სტილი?
ჩემი ყოველდღიური სტილი ხშირად განსაზღვრავს ჩემი კოლექციის ესთეტიკას. უმეტეს შემთხვევაში მაცვია გადაჭარბებულად, რადგან მე ვარ ხოლმე საექსპერიმენტო ობიექტი და ყოველთვის საკუთარ თავზე ვტესტავ - კონკრეტულ მასალებს, ფორმებსა თუ ნივთებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვქმნი კოლექციასაც.
დიზაინერი, ვინც შთაგაგონებს…
მახსოვს, ბავშვობაში პირველად მაკქუინის ჩვენება ვნახე და აღფრთოვანებული ვიყავი მისი კოლექციებით, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დიზაინერობა მინდოდა. ასევე ძალიან მომწონს რიკ ოვენსის და ირის ვან ჰარპენის შემოქმედება. მათი განსხვავებული ესთეტიკის დეტალები და ტექნოლოგიური სიზუსტით შესრულებული ელემენტები ჩემთვის ხშირად არის ხოლმე შთაგონების წყარო.
შენთვის რა არის cool?
Cool არის ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებს და შენ “მეს” გამოხატავს.
სამომავლო გეგმები…
გეგმები არასდროს არ მაქვს ხოლმე განსაზღვრული. ვფიქრობ, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე მოვსინჯავ ბედს და ვეცდები, სულ ახლის და საინტერესოს ძიებასა და შექმნაში ვიყო.
ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე
ფოტოს ედითი/რეტუში: კვაჭი
3D არტისტი: ხოსილიტა
სტილი: დავით აფაქიძე
დაწერე კომენტარი