მითური და საიდუმლოებით მოცული მატარებელი, რომელიც არაერთხელ იქცა ლიტერატურისა და კინოს მთავარ პერსონაჟად, 150 წლის წინ დაიბადა, მისი შექმნის იდეა ჯორჯ ნაგელმაკერს ეკუთვნოდა. 2023 წელს ლეგენდარული მატარებელი იტალიის რკინიგზას დაუბრუნდება და მოგზაურებს ახალ შთაბეჭდილებებს შესთავაზებს.
ახალ მატარებელს La Dolce Vita ერქმევა, მატარებლის კონცეფცია აერთიანებს ჰოლივუდურ ბრწყინვალებასა და იტალიური კინოს ოქროს ხანას - ეკლექტურ და არტისტულ 60-იან წლებს. La Dolce Vita ოცნების, მიზნისა და სურვილის სიმბოლოა, ის პატივს მიაგებს რომს, ქალაქს, სადაც ფედერიკო ფელინის ფილმია გადაღებული, მატარებელი გვახსენებს ლეგენდარულ ხანას, რომელსაც ხელოვნება, კინო და დიზაინი ქმნიდა.
La Dolce Vita-ს ექვსი მატარებელი იტალიის 14 რეგიონში, პარიზში, სტამბოლსა და სპლიტში გაივლის. მატარებელი გაჩერდება რომში, სადაც მგზავრებს პირველი “აღმოსავლეთის ექსპრესის” სასტუმროში შეეძლებათ დარჩენა. რომშივე იქნება VIP ლაუნჯი, რომელიც სტუმრებს გამგზავრებამდე მოემსახურება. პარიზიდან მომავალი მატარებელი ლაჟვარდოვან სანაპიროს გაუყვება, მატარებელი გაივლის ნიცას, სამხრეთ საფრანგეთსა და იტალიურ სანაპიროებს, საბოლოოდ კი რომში ჩავა.
მატარებლის რეგიონული რეისები იტალიის პატარა სოფლებსა და ქალაქებს გაივლის და მგზავრებს ქვეყნის ნაკლებად ცნობილ რეგიონებს გააცნობს.
La Dolce Vita “ნელი მოგზაურობის” გამოცდილებას ქმნის, რომლის დროსაც შესაძლებელია სასწაულების, ისტორიებისა და ტრადიციების აღმოჩენა.
დიზაინი Dimorestudio-ს ეკუთვნის, მატარებელი აერთიანებს თანამედროვე და რეტრო სტილს და ავთენტურობის დაკარგვის გარეშე ქმნის ერთგვარ ბალანსს წარსულსა და აწმყოს შორის.
კუპეებისა და რესტორნის ავეჯი შთაგონებულია 60-70-იანი წლების იტალიელი დიზაინერების - კარლო სკარპას, ჯიო პონტისა და იგნაციო გარდელას შემოქმედებით. მატარებლის თითოეული დეტალი დაბალანსებულ, ჰარმონიულ დიზაინს ქმნის და მგზავრებს დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება.
ფოტო: Admagazine, Accor
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი