ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში ტექსტილის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩნდება, რასაც არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნი ძაფის ბოჭკოები მოწმობს, თუმცა ქსოვილებს, რა თქმა უნდა, ჩვენამდე არ მოუღწევია და მათ შესახებ მხოლოდ ფრესკებით, ნახატებითა და ზოგიერთ სასახლეში დაცული ნიმუშებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თექა, გობელენი, ნოხებისა და ხალიჩების ქსოვა ქართული ისტორიისთვის სიახლე არაა, მეტიც, თექისთვის მატყლის მოთელვა და ღებვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. თუმცა, მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიისა, საქართველოში ქსოვილის დიზაინი, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი დარგი 1959 წლამდე არ არსებობდა. სწორედ ამ წელს შეიქმნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტზე ქსოვილების მიმართულება, მას შემდეგ ქართულმა თექამ, ფარდაგმა და გობელენმა, ბატიკამ თუ ქარგვამ სრულიად ახალი, უკვე პროფესიონალური სახე მიიღო. დღეს, ქსოვილების დიზაინის ცალკე დარგად ჩამოყალიბებიდან 63 წლის შემდეგ, ქართული ტექსტილი ერთი მხრივ, ინარჩუნებს ძველ ფორმებს, არტისტები ისევ იყენებენ თექის მოთელვის ტრადიციულ მეთოდს ან გობელენის ქსოვის უძველეს გზას, მეორე მხრივ კი - ამ ისტორიული მეთოდით სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობენ.

 

 

 

ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო არტისტი, რომელიც ქსოვილზე, კერძოდ კი თექაზე მუშაობს მარიანა ჭყონიაა. მარიანა თექისგან დიდი ზომის ნოხებსა და ფარდაგებს ამზადებს, არტისტმა ტექსტილზე მუშაობა პანდემიის დროს დაიწყო, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო უშუალოდ მუშაობის პროცესია. მარიანა ჭყონიას ნამუშევრებში პირველ რიგში მათი ზომა იქცევს ყურადღებას, თექის ფაქტურა ნამუშევრებს მრავალგანზომილებიანს ხდის.  მის თითოეულ ნოხსა თუ ფარდაგს ერთგვარი იმპულსურობა გამოარჩევს, ნამუშევრები თითქოს ფერისა და ფორმის ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.  მარიანასთვის შთაგონების ყველაზე დიდი წყარო სამყარო და მასში ადამიანის როლია, რაც მის შემოქმედებაზეც აისახება, მისი ნამუშევრები საოცრად ცოცხალია, მათში გადმოცემულია წამიერად გაჩენილი ემოცია და არა წინასწარ განსაზღვრული იდეები. მარიანა ჭყონია მიიჩნევს, რომ არტისტისთვის მთავარი გულწრფელობაა და არა მუდმივი სიახლის ძიება ან პირიქით, განსაზღვრული მკაფიო ხელწერა, სწორედ ამიტომ, მისი ნოხები და ფარდაგები, მიუხედავად მსგავსი სტილისა, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და თითოეულ მათგანი ინდივიდუალურ ემოციას ატარებს.

 

 

 

ნინო ქვრივიშვილი ტექსტილს დროის სვლის და ისტორიული ფაქტორების შესასწავლად იყენებს, პროფესიით ტექსტილის დიზაინერი ძირითადად ინსტალაციებზე მუშაობს და აბსტრაქციით ცდილობს ამა თუ იმ კონკრეტული საკითხისა და ისტორიის მოყოლას. ნინო ქვრივიშვილი ხშირად ძველ ქსოვილებს ახლებურად წარმოაჩენს. 2016 წელს, მან აბრეშუმის მუზეუმის სხვენში ნაპოვნ საბჭოთა პერიოდის ქსოვილებზე იმუშავა, არტისტმა ტექსტილითა და მუზეუმში არსებული სხვა მეორადი ნივთებით სრულიად ახალი ნამუშევრები შექმნა, რომლებიც დამთვალიერებლისთვის ისტორიულ კონტექსტს, ქსოვილის ფაბრიკის დახურვისა და ამ ქსოვილების სამუზეუმო ექსპონატად ქცევის ისტორიას უყვებოდა. ნინოსთვის ქსოვილი ერთგვარი დამაკავშირებელი მედიუმია წარსულსა და აწმყოს, საკუთარ და სხვების ისტორიებს შორის, სწორედ ამიტომ მისი თითოეული ნამუშევარი სამყაროს ერთგვარი კვლევაა. არტისტისთვის სამუშაო პროცესი ჩანახატებით იწყება, ყველა ჩანახატს პრეისტორია აქვს, ამიტომ საბოლოო ჯამში ვიღებთ ნამუშევრებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ისტორიას გადმოსცემენ. ნინო ქვრივიშვილის ორი უახლესი ტექსტილის ნამუშევარი ვენეციის ბიენალეზე, ჯგუფურ გამოფენა Silk-ზე იყო წარმოდგენილი

 

 

 

ვიზუალური არტისტი თამუნა ჭაბაშვილი ტრადიციულ მეთოდებს იყენებს სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ, თამუნას შემოქმედება აქტივიზმისა და ხელოვნების ერთგვარი სინთეზია. მისთვის სამუშაო პროცესი კვლევაა, თითოეული ნამუშევარი კი ერთგვარი პლატფორმა, რომელიც კონკრეტული ამბის გადმოცემის გზად შეიძლება იქცეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო თამუნა ჭაბაშვილის პერსონალური გამოფენა - "გუდა-ნაბადი”, რომელიც ტრავმისა და იძულებით გადაადგილების როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ სახეებს შეისწავლიდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შალის საბნებზე დაბეჭდილი ფერადი აბსტრაქციები, რომლებიც დაკვირვებისა და სათაურის გააზრების საშუალებით უეცრად სრულიად გასაგები ხდებოდა. 

 

 

 

ნინო ზირაქაშვილი პროფესიით ტექსტილის დიზაინერია, ის ქსოვილებზე ძირითადად სხვადასხვა ტექნიკით მუშაობს, იყენებს პრინტს, ქვილთსა და ნაქარგს, არტისტი ძირითადად გამჭვირვალე ქსოვილებს მიმართავს, რაც საშუალებას აძლევს, რომ ნამუშევარი არ იყოს ორგანზომილებიანი, და ვიზუალური ილუზიის საშუალებით ზედ დატანილი გამოსახულებები სხვადასხვა სივრცეში განათავსოს. ნინო ზირაქაშვილი ეხება როგორც პოლიტიკურ და სოციალურ თემებს, ასევე ადამიანის ინდივიდუალურ განცდებსა და პიროვნულ მახასიათებლებს. მის ნამუშევრებს გამოარჩევს საოცარი სიმსუბუქე და დახვეწილი მინიმალიზმი.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Rooms Studio, Propaganda Network, ლევან მაისურაძე, გურამ კაპანაძე, Kunsthalle Tbilisi