ადამიანს სრულყოფილი, მშვიდი ცხოვრებისთვის აუცილებლად სჭირდება წვდომა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე. ფსიქიკური დარღვევები ხშირია, თუმცა მთელ მსოფლიოში არსებობს სტიგმა, რომელიც ამ დარღვევების მქონე ადამიანებს საზოგადოებიდან რიყავს. საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, დაბალია ამ მიმართულებით საზოგადოებაში განათლების დონეც, ხშირად ძალიან მკვეთრად გამოხატული დარღვევა ხასიათის ნაწილად, ახირებად ან უჩვეულობად აღიქმება, მაშინ როდესაც დახმარება შესაძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პანდემიამ მთელ მსოფლიოში გაზარდა ფსიქიკური დაავადებების სიხშირე, კარანტინმა და სოციალურმა დისტანცირებამ კი კიდევ უფრო გაართულა პროფესიონალური დახმარების მიღება. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლატფორმების არსებობა, რომლებიც ზრდიან ცნობიერებას და ამარტივებენ დახმარების მიღებას. საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი პლატფორმა შეიქმნა, რომლებიც ცნობადობის ამაღლების, საკუთარ თავთან და სხეულთან ჰარმონიულად თანაარსებობისა და კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობენ. 

 

 

Bloomin.ge ჰოლისტური ჯანმრთელობის ონლაინპლატფორმაა, რომელიც თვითშემეცნებასა და ჰარმონიაზე მუშაობს. პლატფორმა საშუალებას იძლევა მიიღოთ ცოდნა, თუ როგორ იპოვოთ საკუთარი თავის შეცნობისა და ცხოვრებაში ბალანსის მოპოვების გზები, იცხოვროთ ჯანსაღად და გახდეთ ფიზიკურად აქტიური. გარდა ამისა, რადგან მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის,  Bloomin საშუალებას გაძლევთ კონკრეტული სერვისები მიიღოთ, ჩანიშნოთ ვიზიტი ფსიქოლოგთან ან დაესწროთ იოგას გაკვეთილზე და პირველი ნაბიჯები გადადგათ თვითშემეცნებისა და კეთილდღეობის გზაზე.

 

 

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობს ონლაინ ფსიქოსაგანმანათლებლო სივრცე “აისი”, რომლის მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი ინფორმაციის გავრცელება. პლატფორმა GCRT-ის ინიციატივით, ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქიატრების მიერაა შექმნილი, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის მიღებულ ინფორმაციას. “აისის” ერთ-ერთი მიმართულებაა ემოციებსა და შეგრძნებებზე საუბარი, რაც ადამიანებს ხშირად განსაკუთრებით გვიჭირს, პლატფორმის საშუალებით კი შანსი გვეძლევა გავაცნობიეროთ, რომ ესა თუ ის ემოცია ბუნებრივია, სხვა ადამიანებიც განიცდიან იმავეს და დახმარების მიღება შესაძლებელია.

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის წინააღმდეგ მუშაობს მოძრაობა “ღია”, რომლის მიზანიც ადამიანების უფლებების დაცვასთან ერთად მედიისა და დემოკრატიის ხელშეწყობა და ამ გზით სტიგმის დამარცხებაა. “ღია”, ისევე როგორც “აისი”,  გვეხმარება ამა თუ იმ დარღვევის გაცნობაში, სიმპტომების ამოცნობასა და როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემო მყოფთა დახმარებაში. პლატფორმა ხშირად გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების არსებობისას აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობას. 

 

 

ონლაინპლატფორმა “საიქი” კონკრეტული, გავრცელებული ფსიქიკური გამოწვევების შესახებ გვესაუბრება და მათ სიმპტომებსა თუ მოგვარების გზებს გვაცნობს, გარდა ამისა, პლატფორმა ონლაინკონსულტაციის მიღების საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთრებით ამარტივებს პროფესიონალთან პირველად ურთიერთობას, ცხადს ხდის, რომ დახმარების მიღება არა სირცხვილი, არამედ აუცილებელია და გამოსავალი სწორედ საკუთარ შეგრძნებებზე სხვებთან საუბრის დაწყებაა. 

 

 

“სიმშვიდის ლაბორატორია” პოდკასტია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომლის თითოეულ ეპიზოდში თითო პრობლემაზე საუბრობენ და გადაჭრის გზებს ეძებენ. პოდკასტი  ძირითადად ძალიან გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობებს ეხება, რომელთა არსებობაც ხშირად უგულებელყოფილია. გარდა კონკრეტული დიაგნოზების განხილვისა, "სიმშვიდის ლაბორატორია" იწვევს სტუმრებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და ცხადი ხდება, რომ ესა თუ ის ფსიქიკური პრობლემა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება აღენიშნებოდეს.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Bloomin.ge, Psyche, აისი, ღია, სიმშვიდის ლაბორატორია