სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი -  “ჩემი ოთახი” კარლოვი-ვარის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, რეჟისორის პირველი ფილმი - “ოთარის სიკვდილი” შარშან ამავე ფესტივალზე კრიტიკოსთა ჯილდოს მფლობელი გახდა.


“ჩემი ოთახი” პანდემიის დროს, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ერთ ინტერიერშია გადაღებული. ფილმი ორი პერსონაჟის ამბავს მოგვითხრობს: თინა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ცხოვრების ხალისი აქვს დაკარგული, ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის დახმარებითაც ნელ-ნელა აცნობიერებს, თუ როგორია თავისუფლება, გადაწყვეტილებების საკუთარი ნებით მიღება და კაცებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. ფილმი გვიჩვენებს თბილისში მცხოვრები მილენიალების ყოფას და პატრიარქატის გავლენას ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.


ფილმში მთავარ როლებს თაკი მუმლაძე და მარიკა ხუნდაძე ასრულებენ. მთავარი როლის შემსრულებელი თაკი მუმლაძე სოსო ბლიაძესთან ერთად სცენარის თანაავტორიცაა. ის მაყურებელს რეჟისორის პირველი ფილმიდან, “ოთარის სიკვდილიდან” ახსოვს. მარიკა ხუნდაძე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ლონდონის  Royal Central School of Speech and Drama-ს დამთავრების შემდეგ პირველად შეასრულა როლი სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში. ფილმის პრემიერა სწორედ კარლოვი-ვარის ფესტივალზე გაიმართება. კინოფესტივალი 1-ელი ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: ჩემი ოთახი