მარკ ჯეიკობსის ახალი ჩანთის - J Marc-ის სახე მსახიობი და ამასთან დიზაინერის მეგობარი უინონა რაიდერი გახდა. მოდის სამყაროში ხშირია, როდესაც დიზაინერები ახალი კამპანიის სახედ მეგობრებს ირჩევენ; მაგალითად, დონატელა ვერსაჩემ ლედი გაგა აირჩია 2013 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის წარსადგენად, ალესანდრო მიკელემ - ლანა დელ რეი Gucci Guilty-ს კამპანიისთვის. ეს მარკ ჯეიკობსისა და უინონა რაიდერის პირველი კოლაბორაცია არ არის - 2003 წელს რაიდერი ბრენდის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე იყო. 

 

 

კამპანია ლოს-ანჯელესში გადაიღეს, ფოტოები ფოტოგრაფ ჰარლი უაირს ეკუთვნის. უაინონა რაიდერი მარკ ჯეიკობსის ძველი ტანსაცმლითაა წარმოდგენილი. კამპანია გრანჯის სტილშია გადაწყვეტილი, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მსახობის მძიმე მაკიაჟი. 

 

 

კამპანიის ფოტოები ჯერ კიდევ გასულ კვირაში გავრცელდა სოციალური ქსელებით, თუმცა ფოტოებთან ერთად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციაც, რომ უინონა რაიდერი Heaven-ის ახალი სახე ხდებოდა. მარკ ჯეიკობსმა ბოლო პერიოდში არაერთ პოპ-კულტურის ლეგენდასთან ითანამშრომლა, მის კამპანიებში შეხვდებოდით ნიკი მინაჟს, კრისტინა რიჩის, “პლასებოს” სოლისტს - ბრაიან მოლკოს, თუმცა უაინონა რაიდერის გამოჩენა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მსახიობი იშვიათად ჩნდება მოდის სამყაროში.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Dazed