მწერლისა და მოდის კრიტიკოსის, ჩარლი პორტერის წიგნი - "რა აცვია ხელოვანს" მოგვითხრობს კავშირზე არტისტს, მის ჩაცმულობასა და მისივე შემოქმედებას შორის. ავტორი ცდილობს გააანალიზოს სხვადასხვა ხელოვანის სტილი და გვიჩვენოს, რომ არტისტები ტანსაცმლის შერჩევის დროსაც კი საკუთარ შემოქმედებას წარმოაჩენენ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საუბარი პერფორმანსის არტისტზეა - ყოველდღიური ჩაცმის სტილი იმ პერსონაჟის ნაწილი ხდება, ვისი როლიც მას აქვს მორგებული. ამის ძალიან კარგი მაგალითია ლინ ჰერშმან ლისონის - რობერტა ბრაიტმორი, პერსონაჟი, რომლის როლსაც არტისტი წლების განმავლობაში ასრულებდა და რომლის ამოცნობაც სწორედ ტანსაცმლით, ღვინისფერი კოპლებიანი კაბით, პიჯაკით და აქსესუარით - ქერა პარიკით იყო შესაძლებელი.

 

 

თეორია მხოლოდ პერფორმანსის არტისტებს არ ეხება, პორტერს მაგალითად მოჰყავს ფრენსის ბეკონის პორტრეტი, რომელზეც მხატვარი სახელოსნოში, სრულ ქაოსშია აღბეჭდილი, თუმცა ამ დროს მისი ტანსაცმელი სუფთა და იმ დროისთვის მოდურია. მიუხედავად იმისა, რომ ფრენსის ბეკონი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელია, და ხშირად გროტესკულობა ან შემაძრწუნებელი გამოსახულებები ახასიათებს, მის ნამუშევრებში მუდმივად შეიგრძნობა წესრიგი, რომელიც არა გამოხატვის ფორმა, არამედ არტისტის ხასიათის ნიუანსია, სწორედ ეს წესრიგი ჩანს პორტერის მიერ ნახსენებ ფოტოშიც. 

 

 

ზოგჯერ ტანსაცმელი არტისტის დამსახურებით თავის პირველად სახეს კარგავს, მაგალითად, ასე ხდება ბრიტანული კრეატიული დუოს, Gilbert & George-ის შემთხვევაში - მათ აგრესიულ, არაკონფორმისტულ, ხშირად შოკისმომგვრელ ნამუშევრებთან სრულ დისონანსს ქმნის არტისტების ჩაცმის სტილი - კლასიკური, კორპორაციული სამყაროსთვის დამახასიათებელი პიჯაკები, რომლებიც იმდენად შეუფერებელია Gilbert & George-ისათვის, რომ ნაცვლად პროფესიულისა, მათ კარიკატურულ იერს სძენს.

 

 

კიდევ ერთი, ძალიან კარგი მაგალითია ჟან-მიშელ ბასკია, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნილ ტანსაცმელს მეორადი აქსესუარებით აფორმებდა, გამოდიოდა  Comme des Garçons-ის დეფილეზე და ამავე ტანსაცმლით ხატავდა, დადიოდა წვეულებებზე, ცხოვრობდა ბოჰემური ცხოვრებით და სამოსს, რომელიც სხვებისთვის ძალიან ძვირფასი იქნებოდა, დაუდევრად ეპყრობოდა. ბასკიასთვის ტანსაცმელზე გაჩენილი საღებავის ლაქები და სიგარეტის ნამწვები შემოქმედებითი პროცესის ნაწილი იყო, მისი სამოსი ზუსტად წარმოადგენდა იმ მართვად ქაოსს, რასაც ნამუშევრებში გადმოსცემდა.

 

 

არის შემთხვევები, როდესაც ტანსაცმელს თითქოს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, თუმცა რეალურად ის მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. მაგალითად, ასეა სარა ლუკასის შემთხვევაში. არტისტი ძირითადად ადამიანის სხეულის ნაწილებისთვის სექსუალობის იარლიყის ჩამოშორებას ცდილობს, მის ნამუშევრებში ვხვდებით არარეალისტურად გადაჭარბებულ ფორმებს, უცნაურ ფაქტურებსა და პროპორციებს, ის ხშირად სიშიშვლეს საჭმლით ნიღბავს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა პორტრეტი, სადაც არტისტს მაქსიმალურად ჩვეულებრივად და უბრალოდ აცვია, ტანსაცმელი თითქოს მეორეხარისხოვანია, მაგრამ ამ დროს მას მკერდზე შემწვარი კვერცხის აპლიკაცია აქვს, რითაც ერთი მხრივ, ლუკასი საკუთარ შემოქმედებას წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი გვიჩვენებს, რომ ადამიანის სხეული ნივთად და დაკვირვების ობიექტად არ უნდა იქცეს. 

 

 

კიდევ ერთი მხატვარი, რომლის სტილსაც ჩარლი პორტერი განიხილავს, ინგლისური პოპ-არტის ფუძემდებელი რიჩარდ ჰამილტონია. არტისტი, რომლის შემოქმედებასაც მკვეთრი ნათელი ფერები გამოარჩევს, ძირითადად ძალიან სადად - პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი, თუმცა ის ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვაგვარი კეპით, რომელიც მის ჩაცმულობას არტისტულ დაუდევრობას სძენდა. 

 

 

ჩარლი პორტერის წიგნი გვამცნობს, როგორ შთააგონებს არტისტის შემოქმედება მის ყოველდღიურ სტილს და ამასთანავე გვიყვება შემთხვევებზე, როდესაც სწორედ ეს სტილი ხდება შემოქმედების ნაწილი.





ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Another Magazine, New York Times