ადიდასი და გუჩი კოლაბორაციის აღსანიშნავად Peckham Liberal Club-ში სპორტულ, მუსიკალურ და სტილიზებულ წვეულებას უმასპინძლებენ.

წლის დასაწყისში მილანში გამართულ შოუზე, რომელსაც რიანა და A$AP Rocky ესწრებოდნენ, დადასტურდა ჭორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა და ადიდასმა და გუჩიმ ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. 70-იანი წლების სტილის სპორტული სამოსი გუჩისთვის დამახასიათებელი ეკლექტური პრინტებით და ადიდასისეული სამი ზოლითაა გაფორმებული. კოლექციის ოფიციალური წარდგენა ორ ეტაპად ჩაივლის - პირველი ნაწილი 7 ივნისს გასაჯაროვდება, მეორე კი - 2022 წლის ბოლოს. 

 

 

წვეულებას მრავალფეროვანი განრიგი აქვს, ფეხბურთის ლეგენდა იან რაითი და ჟურნალ SEASON-ის დამფუძნებელი ფელისია პენანი, აქტივისტი ტანია კომპასი მოხსენებებით გამოვლენ, ლაივ პერფორმანსს ჩაატარებენ Flowerovlove და ჯერ კიდევ უცნობი სპეციალური სტუმარი,  რონან მაკენზის ფოტოსტუდიაში შესაძლებელი იქნება სურათის გადაღება, ბილიარდის ჩემპიონი პიტერ დევლინი კი თამაშების ოთახს უხელმძღვანელებს, სტილისტი ჰარი ლამბერტი ბინგოს თამაშს გაუძღვება, წვეულებას მუსიკალურად ბენდი Recess გააფორმებს.

 


 

ერთობლივი კოლექციის ფოტოები ფოტოგრაფ კარლინ იაკობსს ეკუთვნის, როგორც კოლექცია, ასევე ფოტოსესია ვინტაჟური მოდის კატალოგებითაა შთაგონებული და ახლებურ რეტროს ქმნის. საინტერესოა, რომ სპეციალურად კოლაბორაციისთვის შეიქმნა გუჩისა და ადიდასის ჰიბრიდული ლოგო, რომელიც ტანსაცმელსა და აქსესუარებზეა დატანილი.




ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Dazed Digital, Vogue, GQ