დანიაში, კოპენჰაგენის გარეუბან ნეირუმში ცნობილი დანიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, კარლ თეოდორ სორენსენის ოვალური ბაღებია გაშენებული, ნეირუმის ბაღები სორენსენის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება. პროექტი აერთიანებს 40 სახლსა და ბაღს, საინტერესოა, რომ მცხოვრებლებს სახლებისა და კოტეჯების მშენებლობისას უფლება ჰქონდათ საკუთარი დიზაინი აერჩიათ, სორენსენი მათ მხოლოდ რჩევებს აძლევდა, ამ მიდგომამ შექმნა დასახლება, რომელშიც მცირედ განსხვავებული სახლები და ბაღები ჰარმონიულ სურათს ქმნიან. 

გარდა ესთეტიკურისა, ოვალურ ბაღებს ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვთ, მათი ფორმა და ურთიერთგანლაგება სახლამდე მანქანით მისვლას შეუძლებელს ხდის, ეზოებში არ არის გამოყოფილი საპარკინგო სივრცეები, რაც ერთი მხრივ, აუმჯობესებს უბნის ეკოლოგიურ მდგომარეობას, მეორე მხრივ კი, მცხოვრებლებს ფეხით გადაადგილებისა და ერთმანეთთან ურთიერთობისკენ უბიძგებს. 

ნეირუმის ბაღები კარლ თეოდორ სორენსენის შემუშავებული კონცეფციის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, ლანდშაფტის არქიტექტორი თავის ყველა ნამუშევრით ცდილობდა საჯარო სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს ურთიერთობის საშუალება ექნებოდათ, ბაღის დიზაინს ხელოვნების ფორმად მიიჩნევდა და ქმნიდა ბაღებს, რომლებიც ერთდროულად ფუნქციური და ესთეტიკური იყო, წარსულში მებაღეობის გამოცდილება კი საშუალებას აძლევდა, სწორად შეერჩია მცენარეები, რომელთა მოვლაც განსაკუთრებულ ძალისხმევასა და პროფესიულ ჩართულობას არ მოითხოვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამეზობლო 1948 წელსაა აშენებული, ის დღემდე ზუსტად ინარჩუნებს იმ პირველად ვიზუალს, რაც სორენსენმა შექმნა და კოპენჰაგენის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Designboom