მილანის დიზაინის კვირეულზე Dolce&Gabbana Casa-მ ახალი კოლექცია წარადგინა და ორი მაღაზიის გახსნა დააანონსა. ორ ახალ სივრცეში მოდის სახლი ავეჯის, მურანოული მინისა და სიცილიური კერამიკის კოლექციას წარადგენს.
"Dolce&Gabbana Casa-ს საშუალებით გვსურს შევქმნათ ახლებური ცხოვრების სტილი", - განაცხადეს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, რომლებმაც ბრენდი 1980-იან წლებში დააარსეს, Casa-ს ხაზი კი 2021 წელს შექმნეს.
ბრენდის ავეჯი და აქსესუარები, რომლებიც ოთხ სხვადასხვა კოლექციად იყოფა, იტალიის ოთხ განსხვავებულ სტილს წარმოადგენს - Blu Mediterraneo ზღვის მოტივებზეა შექმნილი, Carretto ფერად, ეკლექტურ პრინტებს იყენებს და სიცილიურ ესთეტიკას მიაგებს პატივს, Zebra და Leopardo კი Dolce & Gabbana-სათვის დამახასიათებელ ცხოველურ პრინტებს წარმოგვიდგენს.
წლების განმავლობაში იტალიური კულტურის ასპექტები ცხოვრების სტილად - La Dolce Vita-დ იქცა, კაპრის მზიანი სანაპიროები და სიცილიის ლურჯი ცა ხელოვნებაში აისახება, სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს Dolce&Gabbana Casa.
მილანში გახსნილი ორი მაღაზიიდან ერთში მხოლოდ აქსესუარები, მეორეში კი ავეჯი გაიყიდება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Wallpaper, Interni Magazine
დაწერე კომენტარი