თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში 8 ლიეტუველი ფოტოგრაფის გამოფენა იხსნება, რომელიც ლიეტუვური ფოტოგრაფიის, როგორც ფენომენის, შეფასებასა და კიდევ ერთხელ აღმოჩენას ემსახურება. გამოფენა 1969 წელს მოსკოვში ჩატარებული 9 ლიეტუველი ფოტოგრაფის ნამუშევართა ექსპოზიციის თანამედროვე ალტერნატივაა. 

საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნების ყველა დარგის, მათ შორის ფოტოგრაფიის პროპაგანდის მანქანად ქცევამ შეაფერხა ხელოვნების განვითარება როგორც საბჭოთა კავშირში შემავალ, ასევე მოკავშირე ქვეყნებში. თუმცა 60-70-იან წლებში ლიეტუვურმა ფოტოგრაფიამ როგორღაც გვერდი აუარა პროპაგანდისტულ კლიშეებსა და გამოსახულებებს და სრულიად თავისუფალ, უმაღლესი ხარისხისა და ჰუმანისტური იდეების მქონე მედიუმად იქცა.  

ლიეტუველი ფოტოგრაფების ობიექტივში ექცეოდა არა კოლექტიური შრომისა და კეთილდღეობის ამსახველი გამოსახულებები, არამედ ადამიანის ინიდივიდუალური მხარეები: ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიბერე, სიყვარული, სილამაზე თუ სხვა ემოციები. 

გამოფენა გააერთიანებს 8 ლიეტუველი კლასიკოსის: ანტანას სუტკუსის, ვიტას ლუცკუსის, ალეკსანდრას მატიაუსკასის, რომულდას რაკაუსკასის, ალგიმანტას კუნჩიუსის, რომულდას პოჟერსკისის, ვირგილიუს შონტას და რიმალდას ვიკშრაიტისის 1300-მდე ნამუშევარს.

“8 ლიეტუველი ფოტოგრაფიმხოლოდ ლიეტუვური ფოტოგრაფიის ისტორიაზე არ გვიყვება, გამოფენა გვახსენებს მთავარს - მაშინ, როდესაც სასწორზე ქვეყნის ეროვნული ღირსება დევს, ბრძოლა აუცილებელია, ექსპოზიცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პროპაგანდისთვის თავის დაღწევა და საბოლოოდ გამარჯვება.

ლეიტუვის ფოტოგრაფიის სკოლის გამოფენა პირველად იმართება საქართველოში. გამოფენა ღონისძიებების  ციკლის -  “ლიეტუვური ფოტოგრაფიის სეზონის“ ნაწილია.

მულტიმედიური ინსტალაცია ვიდეო- და საუნდ-ინსტალაციასთან ერთად, უახლეს ლიეტუვურ ფოტოწიგნებსა და კატალოგებს აერთიანებს.

გამოფენა 7 ივნისს თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმში 19:00 საათზე გაიხსნება. გამოფენის კურატორია გინტარას ჩესონისი, ორგანიზატორები კი - თბილისის ფოტოფესტივალი & კაუნასის ფოტოგრაფიის გალერეა. სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი მუსიკის ავტორია ლიზა რივსი.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული

 

 

ფოტო: Romualdas Požerskis, Romualdas Rakauskas, Antanas Sutkus, Rimaldas Vikšraitis, Virgilijus Šonta, Vitas Luckus, Algimantas Kunčius, Aleksandras Macijauskas