სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი FILA 2022 წლის ზაფხულის კოლექციაში, ქართველი ილუსტრატორის, ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციებს გამოიყენებს. 

 

 

FILA სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც 1911 წელს იტალიაში დაარსდა, 2007 წლიდან კი სამხრეთკორეული FILA Korea-ს საკუთრებაში გადავიდა. 

 

 

ანანო მიმინოშვილი ქართველი ილუსტრატორი და დიზაინერია, ის მუშაობს როგორც ხელით, ასევე ციფრულად, მის ნამუშევრებს მრავალფეროვანი ხატვის სტილი და განსხვავებული ჟანრები გამოარჩევს. ანანოს შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერების, სინათლისა და გეომეტრიული ფორმების შესწავლას.

 

 

წარსულში ანანოს უთანამშრომლია ისეთი მნიშვნელობის კომპანიებთან, როგორებიცაა: Adobe, BAFTA, Facebook, The Washington Post, The New York Times, Airbnb, VOX Media და The Hollywood Reporter.

ჯერჯერობით ანანო მიმინოშვილისა და FILA-ს კოლაბორაციის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც აერთიანებს რეტრო სტილის მაისურებს, რომელთაც ბრენდის ლოგოს ანანოსეული ინტერპრეტაცია აფორმებს.

მკრთალი, პასტელური ფერები და ზოლიანი საყელოები მაისურებს 80-იანი წლებისა და ბავშვობის ნოსტალგიურობას სძენს და საუკეთესო საზაფხულო ტანსაცმლად აქცევს.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: FILA