7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ქალაქ გურჯაანში, ობელისკებების ტერიტორიაზე, მდებარე საბრძოლო დიდების მემორიალურ მუზეუმში წარმოგიდგენთ მარი ყალაბეგაშვილის გამოფენას „მტვერი მის თმაში“. გამოფენის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ნამუშევრები მუზეუმის სივრცეში ინტერაქციას წარმოადგენს, სადაც ბოლო პერიოდში მომზადებული ინსტალაცია მუზეუმის მუდმივ ექპონატებთან ერთად ხელშეუხებლადაა ნაჩვენები. 

გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი თავის ერთ-ერთ ცნობილ ესეში საუბრობს ხელოვნების ნაწარმოების აურაზე, რომლის შენარჩუნება სულ უფრო ძნელი ხდება მექანიკური რეპროდუქციის ანუ ასლგადაღების პირობებში.უკვე ასზე მეტი დღეა რაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და მსოფლიო მასმედიის საშუალებების მიერ სწორედ რეპროდუქციის ანუ ყველა საშინელი დეტალის სისიტემატიური ჩვენებით, ომის მთელი ბრუტალური აურა ჩვეულებრივი მოხმარების პროდუქტად გადაიქცა უზარმაზარ საინფორმაციო ოკენეში. საგნებისა და მოვლენების მიმართ შინაარსის (აურის) გამოცლის ტენდენცია ყველაზე ფუნდამენტურად ფრანგულმა ფილოსოფიამ (ჟ. ბოდრიარი, ჟ. დელიოზი) გაიაზრა და არსებული რეალობის «სიმულაციურად» ტრანსფორმირების შესაძლებლობაზე (საშიშროებაზე) გააკეთა აქცენტი.

თუმცა, სანამ სიმულაციებსა და მანიპულაციებამდე მისულა საქმე, ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ სივრცეში, ხელოვნებაში, სუბიექტურ თუ უფრო მასშტაბურ დონეებზე, მუდმივად ჩნდება ომისგან გამოწვეული ახალი ასოციაციები და შინაარსები, რომელთა ერთობლიობას შეუძლია მძლავრად გადაწონოს ომის მიმართ არსებული ყველა კონფორმისტული პოზიცია.ომის, ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფების ასეთ ნაცრისფერ მოცემულობაში ძალიან მძაფრად მოჩანს ქართველი ხელოვანის მარი ყალაბეგაშვილის ერთი შეხედვით სიფრიფანა, თითქოს ეფემერული აქცენტი, რომელიც ნაჩვენებია მკვეთრი   ოქროსფერვერცხლისფერი   ტონალობით და წარმოადგენს სპეციალურ თერმულ საბანს. ეს საბანი ლამის შეუცვლელი ატრიბუტი გახდა მომრავლებული კრიზისების ფონზე და მათი კომპაქტურობისა და ეფექტურობის გამო ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის ლტოლვილთა ბანაკებში.

მარი ყალაბეგაშვილმა მიზანმიმართულად ამოწია ეს მკვეთრად გამორჩეული დეტალი მთელი ბრუტალური პალიტრიდან და შოკისმომგვრელად დაწყებული ომისა თუ სხვა გლობალური გამოწვევებით შექმნილ საყოველთაო დაბნეულობასა და გაუგებრობაში თვალისმომჭრელად იმედიანად ააბრჭყვიალა. საბნის თავისთავად «მზრუნველმა» შინაარსმა ხელოვანისთვის სხვა უფრო მეტად სათნო და ჰუმანური ასოციაციების გაჩენასაც დაუდო სათავე. ამას დაემატა თვითონ ავტორის უკომპრომისო რწმენა უკეთესი ალტერნატივის გარდაუვალობის შესახებ და ომის სიმულაციურად შექმნილი უპერსპექტივობა ახალმა თბილმა და ქალურმა აურამ ჩაანაცვლა.

ხელოვნების ნაწარმოების აურის გაქრობის საფრთხისაგან თავის არიდების ყველაზე ეფექტური საშუალებაა არტეფაქტი მყარად განიხილებოდეს რომელიმე ადგილის სპეციფიკასთან მიმართებაში. ნამუშევრის სრულყოფილად აღქმა შესაძლებელი უნდა იყოს ამ ადგილთან დაკავშირებული ისტორიულ- კულტურული თუ სუბიექტური მეხსიერების საშუალებით. ანდაც, კლიმატური თუ ლანდშაფტური თავისებურებებით.

მარი ყალაბეგაშვილმა ასეთ სპეციფიკურ ადგილად თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებთან დაკავშირებული გურჯაანის ომის მემორიალის ტერიტორია შეარჩია. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, მისთვის აქამდე უცნობი ომის ისტორიის ადგილობრივი მუზეუმიც აღმოაოჩინა და გადაწყვიტა, ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის პერიოდში, უკრაინელ ხელოვანთან ნიკიტა კადანთან კონსულტაციით, ომამადე რაღაც წინასწარმეტყველურად დაწყებული ნამუშევარი გურჯაანის ამ პატარა მუზეუმის სივრცეში განეხორციელებინა.

წინაპრების სამყოფელმა და ადგილთან დაკავშირებულმა საკუთარმა გამოცდილებამ ხელოვანის გადაწყვეტილებებს მეტი დამაჯერებლობა შემატა და ნამუშევარი გამდიდრდა როგორც ფორმის, ასევე იდეური თვალსაზრისითაც. პოპარტისტული სიმეტრიის მსგავსად, თერმული მასალის «ტილოზე» ნაჩვენები ქალის თმის სხვადასხვა ვარიაციები, ხელოვანის წარმოდგენაში ირონიული რეპლიკა იყო ქუჩაში აგრესიული ფორმით გაკრული საარჩევნო პოსტერების ბრიყვული და თვალთმაქცური ტენდენციის მიმართ. ქალი თითქოს უპრეტენზიოდ და საკუთარი სახის ჩვენების გარეშე იღებდა პასუხისმგებლობას უფრო მშვიდობიანი და ჰარმონიული რეალობის ფორმირების შესახებ.

გენდერულ და ლამის პოლიტიკურ განცხადებას უფრო კონკრეტული მოცემულობაც გააჩნდა და ქართული განმანათლებლობის სიმბოლოს, «აი ია»-ს სტილიზებული გამოსახულება ცოდნის დაუფლების აუცილებლობაზე კატეგორიულად მიანიშნებდა. კატეგორიულად იმიტომ, რომ ნაწნავის ფორმით გამოსახული ასოების მოხაზულობა შიგადაშიგ შოლტის ასოციაციასაც ტოვებს და თავის ამ გადაწყვეტილებაში ხელოვანის შეუვალობასაც უსვამს ხაზს.

ბომბები უკრაინაში ჯერ კიდევ ცვივიან და ბომბსაფარივით მთლინად მიწაში ჩადგმული, გურჯაანის ომის მუზეუმის გაურემონტებელ კედლებზე წყლისგან დატოვებული ლაქები თითქოს თანაგრძნობის ცრემლებია მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის მიმართ. ხოლო, ბომბების აფეთქებების შედეგად ჰაერში ასროლილი მიწის მტვერი, ჩვენს მიერ, ომის გამო განცდილ უზომო გულისტკივილს მოყვება და მარი ყალაბეგაშვილის «მის თმაში» იფანტება.

 

ავტორი : ედიშერ ბერაძე