მიუგლერის კრეატიულმა დირექტორმა კეისი კედვოლადერმა გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის კიდევ ერთხელ ითანამშრომლა Torso Solutions-თან და ახალი კოლექცია ვიდეოს საშუალებით წარადგინა, რომელშიც ცნობილი მოდელები, მსახიობები და მუსიკოსები მონაწილეობენ. ლოს-ანჯელესში გადაღებული ექსცენტრიკული ვიდეო აერთიანებს ეპიზოდებს, რომლებშიც ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ქლოი სევინი ბარბი სვეიდ, ამბერ ვალეტასა და შელომ ჰარლოუს კოცნას, ორ ბელა ჰადიდსა და ასევე მეგან თი სტალიონს, რომელიც ბილბორდზე გამოისახება.

კედვოლადერმა, რომელიც უკვე მეოთხე წელია მიუგლერის სათავეშია, განაცხადა, რომ დასაწყისში ეშინოდა თამამი გადაწყვეტილებების, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ როდესაც მიუგლერზეა საუბარი, არაფერია ზედმეტად ექსტრავაგანტური. ვიდეო ქმნის სერიოზულობისა და ირონიის სინთეზს, რაც საუკეთესოდ განასახიერებს ტიერი მიუგლერის დევიზს: “ნაკლები ჩვენება, მეტი პერფორმანსი”.

კოლექცია ახლიდან შეისწავლის ბრენდის ძირითად მოტივებს: გარდამავალი ფერის ვიწრო კაბებს 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი საყელოებით, დენიმის ფაქტურასა და გამჭვირვალე ტიულს. კედვოლადერისთვის ეს ყველაზე შიშველი კოლექციაა, რაზეც ოდესმე უმუშავია. საინტერესოა, რომ კოლექციაში არის ტანსაცმელი, რომელიც ერთდროულად შეიძლება ძალიან შიშველი და ძალიან კონსერვატიული იყოს. როგორც დიზაინერმა განაცხადა, მისი მიზანი იყო შეექმნა სამოსი, რომელიც პატივს მიაგებდა არა მხოლოდ სამყაროში არსებულ მრავალფეროვნებას, არამედ იმ მრავალსახიერებას, რასაც ერთი კონკრეტული ადამიანი შეიძლება აერთიანებდეს და საღამოს გამომწვევად ჩაცმა სურდეს, დილით კი  მოკრძალებულად.  

ტანსაცმელი, რომელიც სიშიშვლით გამოირჩევა, ხშირად კონკრეტულ ნიშაზეა გათვლილი და მას ძირითადად სცენაზე ან ჩვენებებზე ვხედავთ, თუმცა მიუგლერის ახალი კოლექცია ზუსტად ამ კონცეფციას გადაიაზრებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოპ-ვარსკვლავივით ჩაცმის საშუალებას ქმნის. 

კედვოლადერი აცხადებს, რომ შემდეგ კოლექციასაც ვიდეოს საშუალებით წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და კიდევ უფრო მეტად გააოცებს და გაახალისებს ხალხს და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დახურულ ოთახში ექსკლუზიურად ესწრებიან სხვადასხვა ბრენდის ჩვენებებს. 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Vogue