შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რაიმე უფრო მშვიდი, ვიდრე მიტოვებული მონატრის კედლებია? დღეს ასეთი მონასტრებში არათუ სტუმრობა, არამედ დარჩენაც კი შესაძლებელია. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ყოფილ რელიგიურ დაწესებულებებში მდიდრული სასტუმროები იხსნება და განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს სიძველისა და ისტორიის მოყვარულ ტურისტებში.
Villa San Michele, Belmond Hotel - იტალია, ფლორენცია
მე-15 საუკუნის ყოფილ ფრანცისკანულ მონასტერში რენესანსის დროინდელ მშვენიერებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით, შენობის ქვის ფასადის დიზაინი მიქელანჯელოს ეკუთვნის, სასტუმროში შეგიძლიათ ნიკოდემო ფერუჩის საიდუმლო სერობაც იხილოთ. სასტუმროში სულ 45 ნომერია, ტერაკოტისფერი ტერასებით და ქვის ბუხრებით, ყველა ნომრიდან ულამაზესი ხედი იშლება ფლორენციაზე.
Hotel Peter & Paul - აშშ, ნიუ ორლეანი
1860 წელს აშენებული ეკლესია, რომელიც მოგვიანებით კათოლიკური სკოლა-მონასტერი და წმინდა ჯვრის მარიანიტი დების საცხოვრებელი იყო, დღეს სასტუმროა, რომელიც 71 უნიკალური დიზაინის ნომერს აერთიანებს. სასტუმროში წააწყდებით რელიგიურ, ანტიკვარულ ნივთებსა და ნახატებს, შენობის იმ ნაწილში კი, რომელშიც მღვდელი ცხოვრობდა, ახლა ბარია, სადაც განსაკუთრებით გემრიელი კოქტეილების დალევაა შესაძლებელი.
Lopud 1483 - ხორვატია, კუნძული ლოპუდი
მე-15 საუკუნის ფრანცისკანული მონასტერი ტრადიციულ სასტუმროდ არ არის გადაკეთებული და მისი ქირაობაა შესაძლებელი, შენობა აერთიანებს 5 რეზიდენციას, რომლებიც რენესანსის დროინდელი ავეჯითაა გაწყობილი. მონასტრის რესტავრაცია გახსნამდე 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სრულიად აღადგინეს ისტორიული ქვაფენილი.
Cirqa - პერუ, არეკიპა
სამხრეთ პერუული 1540 წელს აგებული მონასტერი დღეს 11-ნომრიანი სასტუმროა, რომლის არა მხოლოდ ერთი ნომრის, არამედ მთლიანად ქირაობაც შეიძლება. ნომრები შიდა ეზოს გარშემოა განლაგებული, ეზოში დაგხვდებათ ქვის ბუხარი და აუზი. თითოეულ ოთახში შენარჩუნებულია თაღოვანი ჭერი, ნომრებში შეხვდებით თანამედროვე, ხის ხელნაკეთ ავეჯსა და აქსესუარებს.
Monastero Santa Rosa Hotel & Spa - იტალია, ამალფის ყურე
კლდის პირზე მდებარე სასტუმრო, რომელიც ამალფის ყურეს გადასცქერის, მე-17 საუკუნის დომინიკელთა ორდენის მონასტერი იყო. სასტუმროს 20 ნომერს იმ მცენარეების სახელები ჰქვია, რომლებსაც ამ ეპარქიის მონაზვნები წამლების დასამზადებლად იყენებდნენ. სასტუმროს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი აქვს, აუზი კი კლდის ნაპირზეა და ვიზუალურად ზღვას უერთდება, სასტუმროში შესაძლებელია სპა მომსახურების მიღება ან უბრალოდ ულამაზესი ბაღების დათვალიერება.
Hotel El Convento - სან ხუანი
ძველი სან-ხუანის ცენტრში მდებარე სასტუმრო 1646 წელსაა აშენებული და კარმელიტების ორდენის მონასტერს წარმოადგენდა, ეს იყო პირველი კარმელიტური მონასტერი ამერიკის კონტინენტზე და 252 წლის განმავლობაში იქ მონაზვნები ცხოვრობდნენ. ესპანური კოლონიალისტური სტილის შენობაში შემორჩენილია ძველი მარმარილოს იატაკები, სამეჯლისო დარბაზი და უძველესი ჭაღი. სასტუმრო იდეალურია ქორწილებისა და მრავალრიცხოვანი წვეულებებისთვის.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest
დაწერე კომენტარი